პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოლიგარქმა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თითქმის $14 მილიარდის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ზიავუდინ მაგომედოვი აშშ-ის კერძო საინვესტიციო ჯგუფ TPG-სა და სხვა ბრალდებულებს, კრემლთან გარიგებით, მისთვის აქტივების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
მაგომედოვის ადვოკატების განცხადებით, TPG-ის დამფუძნებელი დევიდ ბონდერმანი Fesco-ში წილის გაყიდვის შეთქმულებაში მონაწილეობდა. ცნობისთვის, Fesco, რომელშიც მაგომედოვი წილს ფლობდა, წყნარი ოკეანის პორტ ვლადივოსტოკს მართავს. გარდა ამისა, მოსკოვის ციხეში მყოფი ოლიგარქის მტკიცებით, ბონდერმანი NCSP-ის პორტში, ხელსაყრელ ფასად, მისი წილის ხელში ჩაგდებასაც ცდილობდა. საჩივრის თანახმად, Fesco-ში მაგომედოვის წილი $8.8 მილიარდს, ხოლო NCSP-ში $5 მილიარდს შეადგენდა.
ბრალდება TPG-ის გარდა, მაგომედოვის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ ჯგუფებს Transneft-სა და Rosatom-ს, ასევე დუბაიში დაფუძნებულ, პორტების ოპერატორ DP World-სა და თავად ოლიგარქის კომპანიის ყოფილ აღმასრულებლებს. ოლიგარქის მტკიცებით, TPG-მ არ მისცა 17.4%-ის აქციების შესყიდვის უპირატესი უფლება, რაც რუსეთის მთავრობის მიერ მისი აქტივების მითვისების სქემის ნაწილი იყო.
Fesco-ს კონფისკაცია კრემლმა მიმდინარე წლის დასაწყისში მოახდინა. ჩამორთმეულ ძვირად ღირებულ აქტივებს მოსკოვი ლოიალისტებს გადასცემს, როგორც ჯილდოს, უკრაინის ომში მათი მხარდაჭერისთვის. საჩივრით კი მაგომედოვი ცდილობს, დაიბრუნოს ქონება, რომელიც მას და მის ძმას 2018 წელს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში დაკავებისას ჩამოართვეს.
გასული წლის ბოლოს ძმებს ორგანიზებული დანაშაულისა და ქონების მითვისების ბრალდებით 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ძმები, აპელაციის მოლოდინში, რუსული პოლიტიკური ელიტისთვის განკუთვნილ მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში რჩებიან.
Forbes-ის მიერ $1.4 მილიარდად შეფასებული ქონების მფლობელმა მაგომედოვმა სიმდიდრის დიდი ნაწილი მედვედევის პრეზიდენტობისას, 2008-2012 წლებში დააგროვა.