ფოტო: ჯაბა ჩიტიძე
ცხოვრების აჩქარებული რიტმი, ქრონიკული სტრესი და ფიზიკური უმოქმედობა რიგ უროლოგიურ დაავადებებს სულ უფრო ხშირსა და მწვავეს ხდის. შექმნილ რეალობაში კი, სწორი დიაგნოსტიკა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორია თანამედროვე მედიცინის პასუხი ამ გამოწვევებზე? – სფეროს აქტუალურ საკითხებზე უროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალექსანდრე ბოჭორიშვილი გვესაუბრა, რომელიც საკუთარ პრაქტიკაში მთავარ ადგილს პაციენტის კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უთმობს.
ავტორი: იზა გვარამაძე
როგორ განსაზღვრავდით დღეს მამაკაცის ჯანმრთელობის ყველაზე დიდ გამოწვევას უროლოგიური კუთხით?
უროლოგიის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს. ონკოლოგიური თვალსაზრისით, დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას პროსტატის კიბო წარმოადგენს. ამასთანავე, თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან და სტილიდან გამომდინარე, არანაკლებ სერიოზული გამოწვევაა ერექციული დისფუნქცია.
სამწუხაროდ, ერექციისა და პოტენციის დაქვეითება დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მისი სიხშირე წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამას ხელს უწყობს ქრონიკული სტრესი, ეკონომიკური სირთულეები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება.
თქვენი პროფესიული გზა დაკავშირებულია ევროპის წამყვან კლინიკებთან. რა განსხვავებებს ხედავთ პაციენტების დამოკიდებულებასა და დიაგნოსტიკის კულტურაში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში?
დიაგნოსტიკის კულტურა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ნამდვილად განსხვავდება. ევროპაში პაციენტები, როგორც წესი, მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ბოლო წლებში საქართველოშიც დადებითი დინამიკა შეინიშნება.
ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტები ზოგადად ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი ზედმეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, რაც ხშირად ე.წ. ზედმეტ დიაგნოსტიკასა და შემდგომ უკვე გადაჭარბებულ მკურნალობაში გადაიზრდება. ეს კი შესაძლოა პაციენტისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს.
მაგალითად, პროსტატის კიბოს შემთხვევაში, თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს, დაავადება საწყის სტადიაზე სრულად განვკურნოთ. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ინტერვენციული მკურნალობის ნაცვლად პაციენტს აქტიური მეთვალყურეობა უნდა შევთავაზოთ.
ზედმეტმა დიაგნოსტიკამ და ე.წ. ჰიპერმკურნალობამ შესაძლოა პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად, ზოგჯერ შეუქცევადადაც, გააუარესოს. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება გათავისუფლდეს სიმსივნისგან, მაგრამ შეექმნას ისეთი გართულებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას სერიოზულად ზღუდავს.
ამ პრობლემაზე უფრო ფართოდ რომ ვისაუბროთ. რა არის ე.წ. ზედმეტი დიაგნოსტიკა უროლოგიაში და რატომ იქცა ეს პრობლემად თანამედროვე მედიცინაში? გქონიათ თუ არა შემთხვევები, როდესაც ზედმეტმა კვლევამ უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი?
ზედმეტი დიაგნოსტიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა პროსტატის სიმსივნის მაგალითზე. ეს დაავადება შესაძლოა გენეტიკურადაც იყოს განპირობებული, ამიტომ დაავადების ოჯახური ისტორიის არსებობის შემთხვევაში პაციენტს მეტი ყურადღება მართებს.
პროსტატის კიბოს დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს, დაავადების სტადიის, აგრესიულობისა და გავრცელების შეფასებას, ზოგად ჯანმრთელობას, ფსიქოემოციური სფეროს მდგომარეობას. შედარებით ახალგაზრდა ასაკის მამაკაცებში პროსტატის კიბოს აღმოჩენისას უფრო აქტიური მკურნალობაა მიზანშეწონილი, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა თუ სხვა მეთოდით მკურნალობა. ამ ასაკობრივ ჯგუფში დაავადების დაბალი რისკის დროს ზოგჯერ პაციენტი დაავადების აქტიურ მეთვალყურეობას ირჩევს.
ხანდაზმულ ასაკში კი, არსებული თანმხლები დაავადებების სიმძიმის გათვალისწინებით, ხშირად უფრო გამართლებული შეიძლება ე.წ. „ფხიზელი მოლოდინის“ (Watchful Waiting) ტაქტიკა იყოს. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული მიდგომაა, რომელთა შესახებაც მკურნალი უროლოგი აუცილებლად ესაუბრება პაციენტს.
პროსტატის კიბოს საყოველთაოდ რეკომენდებულ მკურნალობას შესაძლოა თან სდევდეს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება ან შარდის შეუკავებლობა. ეს გართულებები უხშირესად გარდამავალი ხასიათისაა და, მაგალითად, ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. თუმცა შესაძლოა პაციენტების მცირე ჯგუფის შემთხვევაში მან უფრო ხანგრძლივი ხასიათი მიიღოს და პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი მკურნალობა გახდეს საჭირო.
ახლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოჰყვეს ჰიპერმკურნალობას.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ნაკლებად აგრესიული დაავადების გამო ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება პაციენტს გაცილებით სერიოზული პრობლემა შეუქმნას, ვიდრე თავად დაავადებამ.
ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ ამას პერსონალიზებულ მკურნალობას ვუწოდებთ – პაციენტის ასაკის, ჩივილებისა და ზოგადი ჯანმრთელობისა და ფსიქოემოციური სფეროს მდგომარეობის გათვალისწინებით როგორც კვლევების, ისე მკურნალობის დაგეგმვისას.
არსებობს თუ არა უროლოგიაში ისეთი დიაგნოზები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ოფისებში დასაქმებულთა უმოძრაო ცხოვრების წესს?
დიახ, უროლოგიაში არსებობს ე.წ. პროფესიასთან ასოცირებული დაავადებები. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობაა „მენეჯერის სინდრომი“. ხშირად გვყავს პაციენტები, რომლებიც კარიერულად წარმატებულები არიან, თუმცა მათი ჩივილები არაფრით განსხვავდება, მაგალითად, ტაქსის მძღოლების ჩივილებისგან.
ძირითადად რა პრობლემებს იწვევს ეს?
უმოძრაო ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა შეიძლება მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის მიზეზი გახდეს. ეს არის გაურკვეველი ტკივილი და დისკომფორტი მენჯის არეში. ასევე, ასეთი ცხოვრების წესი ხშირად უკავშირდება სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასაც. ჩვენ მამაკაცებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არც ქალები უნდა დავივიწყოთ. საქმე ისაა, რომ ქალებში ადინამია და დაქვეითებული ფიზიკური აქტივობა, დიდი ხნის განმავლობაში შარდის ბუშტის დაუცლელობა, ხშირად იწვევს შარდის ბუშტისა და ზემო საშარდე გზების ქრონიკული დაავადებების განვითარებას.
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მსგავს სამსახურებში დასაქმებულები საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებით? როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ოფისებში უკვე შექმნილია სივრცეები ფიზიკური განტვირთვისა და აქტივობისთვის. თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა, დღის განმავლობაში უფრო მოძრავები იყვნენ. აუცილებელია შარდის ბუშტის რეგულარული დაცლაც.
ასეთი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ისე სამუშაო გარემოში მოტივაციის შექმნა, მაგალითად, სპორტულ ან აქტიურ შეჯიბრებებში ჩართვა, რაც დადებითად აისახება როგორც ჯანმრთელობაზე, ისე სამუშაო პროდუქტიულობაზე.
ევროპის წამყვან კლინიკებში მიღებული გამოცდილებიდან რომელი მიდგომის დანერგვას ისურვებდით საქართველოში?
სამწუხაროდ, საქართველოში ექიმის პროფესია ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაფასებული იმ დონეზე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. ასევე პრობლემად რჩება პაციენტების ცნობიერების დონე.
ძალიან მნიშვნელოვანია ექიმსა და პაციენტს შორის ხარისხიანი კომუნიკაცია. პაციენტმა უნდა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია დაავადებების განვითარების რისკების, დიაგნოზისა და შესაძლო შედეგების შესახებ. ამ შემთხვევაში პაციენტი უფრო მოტივირებული და მეტად ჩართული ხდება მკურნალობის პროცესში.
დღეს AI-მ ყველა სფერო მოიცვა, მათ შორის, მედიცინა. თქვენი ხედვით, როგორ ცვლის ან შეცვლის ხელოვნური ინტელექტი უროლოგიურ დიაგნოსტიკას?
ტექნოლოგიურ პროგრესს გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა მედიცინაში „ორჯერ ორი ოთხიას“ პრინციპი იშვიათად მუშაობს. პაციენტები ხშირად არასწორად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რაც მცდარი დასკვნების გამოტანის მიზეზი ხდება.
AI-ის დიდი სამედიცინო მონაცემთა ბაზა აქვს და გარკვეულ შემთხვევებში ის უკვე სასარგებლოა, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ექიმსა და პაციენტს შორის ცოცხალ კომუნიკაციას ვერ ჩაანაცვლებს. პაციენტის ანამნეზის სიღრმისეული შეფასება მხოლოდ ექიმს შეუძლია.
ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი უფრო ზოგადი ინფორმაციის მოძიებისა და მიმართულების მისაცემად არის გამოსადეგი. სამომავლოდ მისი დახვეწა შესაძლებელია, თუმცა დღეს ის სრულფასოვან სამედიცინო ინსტრუმენტად ჯერ ვერ ჩაითვლება.
ბოლოს, არსებობს უნივერსალური რჩევა, რომელიც ყველა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს უროლოგიის კუთხით, მიუხედავად ასაკისა?
უნივერსალური რეკომენდაციაა ჯანსაღი ცხოვრების წესი: მეტი ფიზიკური აქტივობა, სპორტით დაკავება და მავნე ჩვევების მაქსიმალური შეზღუდვა. მათ შორის თამბაქო სასურველია სრულად გამოირიცხოს, ალკოჰოლი კი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში იქნას მიღებული.
S










