კავკასიის მედიცინის ცენტრმა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა, რითაც მსოფლიოს წამყვანი ჰოსპიტლების დიდ ოჯახს შეუერთდა.
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჩავლისას, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეთ უზარმაზარი ბანერი, რომელიც ახლახან მოპოვებული JCI-ის აკრედიტაციის შესახებ გვაუწყებს. აღნიშვნის მიზეზი ნამდვილად არსებობს: JCI-ის აკრედიტაცია გლობალურ ჯანდაცვაში ოქროს სტანდარტად ითვლება და მას მთელ მსოფლიოში მხოლოდ 1000-მდე სამედიცინო ორგანიზაცია ფლობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ გუნდთან ერთად გრძელი გზა განვლო, რათა მსოფლიო მედიცინის ლიდერი ჰოსპიტლების ოჯახს შეერთებოდა.
18-თვიანი უწყვეტი მზადების შემდეგ დაწესებულებას JCI-ის კომისია ეწვია. სამი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტმა ჰოსპიტალი ჰოლისტიკურად, სხვადასხვა პრიზმიდან შეაფასა (უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, პაციენტის მართვის ხარისხი, კლინიკური პროცესები, საექთნო მომსახურება, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსები). ანგარიშის ანალიტიკურად დამუშავების შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრმა 2024 წლის ივლისში აკრედიტაცია ოფიციალურად მოიპოვა.
250-ზე მეტ საწოლზე გათვლილი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი „ვიან ჯგუფის“ (რებრენდინგამდე: „ევექსი ჰოსპიტლები“) ფლაგმანი ჰოსპიტალია. 2016 წელს CMC-მ ფუნქციონირება დიაგნოსტიკური ცენტრის სახით დაიწყო, 2018 წელს კი კლინიკამ პირველი სტაციონარული პაციენტი მიიღო. დღეს ცენტრში 15 მედიცინის ცენტრისგან შემდგარი სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი ფუნქციონირებს, პაციენტების რაოდენობა კი თვეში 10 000-ს აღწევს. ჰოსპიტლის სწრაფ ზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვით დასავლური გამოცდილების მქონე ქართველ ექიმებსა და ექთნებს, რომელთაც კომპლექსური ოპერაციების ადმინისტრირება შეუძლიათ. ქსელში ტარდება ისეთი იშვიათი სამედიცინო ინტერვენციები, როგორიცაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რქოვანას გადანერგვა და სხვა. CMC-მ ერთ სივრცეში გააერთიანა პრევენციული, დიაგნოსტიკური და სტაციონარული სერვისები. ამის შემდეგ კი განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დროც დადგა.
იმავე პერიოდში, როცა კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო გლობალურ სტანდარტებს ნერგავდა, საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულო გახდა. კლინიკებისთვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მხოლოდ ის სამედიცინო დაწესებულებები დარჩებიან, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციას წარმატებით გაივლიან. სახელმწიფომ ჯანდაცვის პროვაიდერებს ექვსი სააკრედიტაციო ორგანიზაცია შესთავაზა, რომელთაგანაც JCI ერთ-ერთია.
„საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება ფაქტობრივად ჰოსპიტლის გახსნისთანავე განვითარების სტრატეგიის ნაწილი იყო, შესაბამისად, ამ პროცესისთვის მზადება უკვე დაწყებული გვქონდა”, — გვიყვება სოფიო ასპანიძე, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს 2022 წლიდან უძღვება. სოფიო საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოპოვებას როგორც CMC-ისათვის, ისე საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის ახალ მნიშვნელოვან ეტაპად აღიქვამს.
სოფიოს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის უნიკალური გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. როგორც თავად ამბობს, ჯანდაცვის სფეროში შემავალ ყველა რგოლთან ჰქონია „რაღაც დოზით და პერიოდით შეხება”. სფეროს მრავალმხრივი ხედვა კავკასიის მედიცინის ცენტრის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ვერსიებიდან კონკრეტულად JCI-ზე არჩევანის შეჩერება, მისი თქმით, ამბიციური განაცხადი იყო, რადგან ოქროს ხარისხის მოპოვება ნებისმიერი ქართული სამედიცინო დაწესებულებისათვის საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. სტანდარტების დანერგვა მოითხოვს არა მხოლოდ ოპერაციულ გამართულობას, არამედ მასშტაბურ ორგანიზაციულ ცვლილებებსაც: ინვენტარის განახლებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას ისე, რომ საერთაშორისო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
აკრედიტაციის პროცესში ცენტრმა ჯანდაცვის სხვადასხვა ასპექტში 1200-მდე სტანდარტი დანერგა — კომუნიკაციის სტანდარტებით დაწყებული, ორგანიზაციული მენეჯმენტით დასრულებული. გარდა პაციენტის უსაფრთხოების გაწერილი მიზნებისა, საერთაშორისო კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ასევე მმართველი გუნდის კვალიფიკაცია და ორგანიზაციული მართვის სისტემა. აუდიტორებმა დეტალურად შეაფასეს, რამდენად შეძლებდა ჰოსპიტალი ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების რეალურად დანერგვას. ოქროს ხარისხის მიღწევას წინ უძღოდა ასევე პერსონალის გადამზადება და მათთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის შეთავაზება.
„აკრედიტაციის გზაზე მოგვიწია ისეთი სტანდარტების შემოღება, რომელთა ანალოგიც საქართველოში არ არსებობს, თუმცა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ვთქვით, რომ პაციენტების უსაფრთხოებისათვის ეს აუცილებელი იყო. გადავწყვიტეთ, ამ დიდ საქმეს შევჭიდებოდით”, — გვეუბნება ვერიკო გერაძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების დირექტორი. ზოგიერთი ცვლილება ნათლად ჩანს, მაგალითად, სპეციალური ფერის სამაჯურები დაცემის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის ან დამატებითი აღნიშვნები საწოლზე, ზოგი კი — უფრო რთულად მოსახელთებელია, მაგალითად, ცვლილებები ორგანიზაციულ კულტურაში.
ვერიკო კავკასიის მედიცინის ცენტრს „ვიანის“ ქსელიდან შეუერთდა. მას აქამდეც უმუშავია JCI-ის აკრედიტაციის მოპოვებაზე ხარისხის დირექტორის რანგში, თუმცა მაშინ საქმე ლაბორატორიას ეხებოდა და მასშტაბიც ბევრად მცირე იყო. ვერიკოს გუნდი ახალგაზრდა მონდომებული პროფესიონალებისაგან შედგება, რომელთა მთავარი მოვალეობა მუდმივად პროცესების სადარაჯოზე ყოფნა, სხვადასხვა განყოფილების მონიტორინგი და უწყვეტი გაუმჯობესებისათვის გაზომვადი ნაბიჯების გადადგმაა.
კითხვაზე, რამდენად საგრძნობია პაციენტებისათვის დანერგილი ცვლილებები, გვპასუხობს, რომ შეიძლება ცალკეულმა ადამიანმა არ იცოდეს, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დაწესებულებაში მოხვდა, მაგრამ აუცილებლად შეამჩნევს სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის რეგულარულ ხასიათს: „ამ პროცესში გავიაზრეთ, რომ უნდა ვმართოთ პაციენტები არა მხოლოდ სამედიცინო კუთხით, არამედ ჰოლისტიკურად — მათი სოციალური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით”. ამაში იგულისხმება პაციენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება, ნებისმიერი გართულების, მათ შორის, სუიციდისა თუ დაცემის რისკის შეფასება და კომუნიკაციის გაგრძელება სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგაც. იმის მიღმა, რაც პაციენტისთვის პროფესიონალიზმად და ყურადღებად ითარგმნება, უამრავი დოკუმენტი, პროტოკოლი თუ მექანიზმი დგას.
„ჯანდაცვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც უფრო ჩართულია პაციენტი და მისი ოჯახი მკურნალობის პროცესში, მით უკეთესია შედეგი”, — გვიხსნის ვერიკო.
JCI-ის მიერ განსაზღვრული პაციენტის უსაფრთხოების ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად CMC-ს ისეთ რთულ საქმეებთან შეჭიდებაც მოუწია, როგორიც საქართველოსთვის აქამდე მეტწილად უცნობი სამედიცინო დარგის განვითარებაა. ჯანდაცვის გლობალური სტანდარტების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რისკის წამლების მართვას კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. აუცილებელია წამლების გრადაცია რისკის მიხედვით, ადამიანური შეცდომების თავიდან ასარიდებლად ქმედითი მექანიზმების შემოღება და ფარმაცევტების ისე გადამზადება, რომ მათ ექიმებთან ერთად მართონ პაციენტების მდგომარეობა. აღმასრულებელი კლინიკური დირექტორი, გრიგოლ ხურციძე განმარტავს, რომ კლინიკური ფარმაციის პროექტი ისეთივე სირთულის იყო, როგორიც — ელექტრონული სამედიცინო სისტემის შემოღებაა.
გრიგოლ ხურციძე შინაგანი მედიცინის ექიმია, რომელსაც ამ სფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის წამყვან კლინიკებში როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური მედიცინის პრაქტიკით. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება დაეხმარა, ზუსტად დაენახა, რა ნაწილებში სჭირდება საქართველოს სამედიცინო სფეროს სწრაფი განვითარება.
CMC-ს ჯერ კიდევ აკრედიტაციის მოპოვებამდე ჰქონდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული სისტემა, რამაც ოქროს ხარისხის მოპოვების პროცესი მნიშვნელოვნად გააადვილა. „თავის დროზე იგივე სისტემა დავნერგეთ, რომელსაც აშშ-ში იყენებენ და გარკვეული ასპექტები დავხვეწეთ კიდეც, ექიმებისათვის გაცილებით მეგობრული გავხადეთ”, — აღნიშნავს ის.
JCI-ის აკრედიტაციის მოპოვება მომავალი ინოვაციისათვის ახალ პერსპექტივას ქმნის. კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს სურს, დანერგოს სისტემა, რომელიც ექიმებს დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და სახელმძღვანელოთი [გაიდლაინით] გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას გაუადვილებს. „რამდენიმე წელიწადში დიაგნოსტიკური პროცესების გასაუმჯობესებლად და ექიმების მხარდასაჭერად ხელოვნურ ინტელექტსაც გამოვიყენებთ”, — გვეუბნება გრიგოლ ხურციძე.
აკრედიტაციის მთავარი მონაპოვარი კლინიკური დირექტორისათვის ჰოსპიტალში მიმდინარე პროცესების სინქრონიზება და პაციენტების გაუმჯობესებული უსაფრთხოებაა: „JCI თავად გკარნახობს, როგორ უნდა მოიქცე, რომ ყველანაირად აირიდო თავიდან პაციენტის დამძიმება. მაგალითად, პაციენტების მდგომარეობის ვიზუალიზაცია ხდება მონიტორებზე და ექთნები რეალურ დროში უყურებენ ინდიკატორებს”.
18 თვის განმავლობაში ცენტრში შეიქმნა სხვადასხვა სამედიცინო რგოლისაგან დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების ჯგუფები, დაინერგა ინფექციის კონტროლის პროგრამა, გაუმჯობესდა ოპერაციის უსაფრთხოებისა თუ პოსტოპერაციული მოვლის წესები და მრავალი სხვა. JCI-ის აკრედიტაციის ფარგლებში კლინიკაში არსებული ყველა პროცესი ერთ სისტემაში მოექცა.
აკრედიტაციამდე მისასვლელი გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ამით არ სრულდება. მნიშვნელოვანია, ახლად შეძენილი ჩვევები თუ მიდგომები ორგანიზაციული კულტურის ნაწილადაც იქცეს, რასაც მუდმივი ძალისხმევის გარდა, დროც სჭირდება.
გრიგოლ ხურციძე აღნიშნავს, რომ აკრედიტაციის მოპოვების პროცესმა კავკასიის მედიცინის ცენტრის პროგრესი მნიშვნელოვნად ააჩქარა. ცენტრი იმავე სტანდარტებით უზრუნველყოფს პაციენტის მკურნალობასა და უსაფრთხოებას, რომლითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისოდ აღიარებული კლივლენდის კლინიკა, მეიოს კლინიკა, აჯიბადემისა და ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტლები.
ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI-ის აკრედიტაცია კავკასიის მედიცინის ცენტრის, როგორც სამედიცინო ტურიზმის რეგიონალური ჰაბის პოზიციასაც მნიშვნელოვნად აძლიერებს. უცხოელ პაციენტებს ევროპის კლინიკებთან შედარებით დაბალი ფასები და სერვისების მრავალფეროვნება იზიდავთ. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ორთოპედიული, ონკოლოგიური, ანგიოქირურგიული, კარდიოქირურგიული და ოფთალმოლოგიური ცენტრები.
ექიმების პროფესიონალიზმის ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას სოფიო ასპანიძეც, რომელიც ფიქრობს, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრის სწრაფი განვითარების მამოძრავებელი ძალა, პირველ რიგში, ის ინტელექტუალური რესურსია, რომელსაც ჰოსპიტალმა თავი მოუყარა. ორგანიზაციის სამომავლო მიზნები სერვისის კიდევ უფრო დახვეწასა და მომსახურების ამაღლებას უკავშირდება. „რა თქმა უნდა, სერვისების უწყვეტ განვითარებასაც განვაგრძობთ, — ამბობს სოფიო. — მომავალ წლებში დაგეგმილი გვაქვს რადიაციული თერაპიის დანერგვა ჰოსპიტალში, ასევე ოფთალმოლოგიის დიდი ცენტრის გაკეთება”.
კავკასიის მედიცინის ცენტრის მიერ JCI-ის აკრედიტაციის მოპოვება რეგიონში ჯანდაცვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გასავითარებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სოფიოს თქმით, მისი პირადი მისია დირექტორის პოზიციის დაკავებისას სწორედ ეს იყო: „კავკასიის მედიცინის ცენტრს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს სავიზიტო ბარათი იყოს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ, მაგრამ მიზანი – უწყვეტი განვითარებაა”.