Pfizer-ის ონკოლოგიურმა პრეპარატმა პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა

Pfizer-ის ონკოლოგიურმა პრეპარატმა პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა

პანდემიის შემდეგ, COVID-19-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირებასთან ერთად, ბიოტექნოლოგიური გიგანტი Pfizer-ი ამჟამად უკვე კიბოს თერაპიის მიმართულებით განვითარებასა და მედიკამენტების წამყვანი მწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს. ამის მაგალითია კომპანიის მიერ შემუშავებული ონკოლოგიური პრეპარატი, Adcetris-ი, რომელიც ლიმფომის გავრცელებული ფორმის გვიანი სტადიით დაავადებული პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

Pfizer-ის ინფორმაციით, დიფუზური მსხვილი B-უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტთა საერთო მაჩვენებელში – პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზის დასმის შემდეგ – „სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“ შეინიშნება. ცდის პერიოდში პაციენტები Adcetris-თან ერთად, დამატებით ორი სხვა პრეპარატითაც მკურნალობდნენ. მკურნალობამ გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთა ორგანიზმშიც სიმსივნის ზომა შემცირდა, ან კიბოს ყველა ნიშანი სრულად გაქრა.

Adcetris-ი, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიერაა დამტკიცებული როგორც ინიექცია, რომლის მიღებაც, ქიმიოთერაპიასთან ერთად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდაა შესაძლებელი. ცნობისთვის, 2023 წელს, Pfizer-მა პრეპარატის გაყიდვებიდან $46 მილიონი გამოიმუშავა. მედიკამენტით 140 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობდა.

ადრეულ კვლევებში 1,300-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, რომლებიც Adcetris-ითა და ქიმიოთერაპიით მკურნალობდნენ. კვლევის თანახმად, ორი წლის შემდეგ, პაციენტთა 82% დაავადების გაუარესების გარეშე ცხოვრობდა, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში მათი გადარჩენის მაჩვენებელი 95%-ს უდრიდა. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მონაცემებით, ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა პრეპარატებისა  (92%).