Pfizer-მა კიბოს საწინააღმდეგო წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია Seagen-ის შესაძენად $43-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. COVID-19-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირებასთან ერთად, ბიოტექნოლოგიური გიგანტი ამჟამად უკვე კიბოს თერაპიის მიმართულებით განვითარებასა და მედიკამენტების წამყვანი მწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.
ვაშინგტონში დაფუძნებული Seagen-ი ბოლო პერიოდში Pfizer-ის უმსხვილესი შენაძენია. Seagen-ი იმუნური მედიკამენტების შენაერთების პიონერია, რომელიც კიბოს გასანადგურებლად შექმნილი „მართვადი რაკეტების“ პრინციპით მუშაობს და არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის ონკოლოგიური პორტფოლიო უკვე 24 დამტკიცებულ თერაპიას აერთიანებს, მათ შორის შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო განკუთვნილი მედიკამენტები.
ორშაბათს Seagen-ის აქციების სავაჭრო ფასი $200.93-ს უტოლდებოდა, რაც გაცილებით დაბალია Pfizer-ის $229-იან შემოთავაზებაზე. აქციების დაბალი ფასი სავარაუდოდ ინვესტორთა გაურკვევლობის შედეგია, რაც ანტიმონოპოლიურ საკითხთან დაკავშირებულ გახანგრძლივებულ გადახედვის პროცესს უკავშირდება. გარიგების მოცულობიდან გამომდინარე, ანტიმონოპოლიური მარეგულირებლები დიდი ალბათობით ზედმიწევნით შეისწავლიან საკითხს, თუმცა Pfizer-ი მიიჩნევს, რომ ტრანზაქცია 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში საბოლოოდ დასრულდება.
COVID-ვაქცინების გაყიდვების შემცირებისა და პატენტების ვადის ამოწურვის გამო, Pfizer-ი 2030 წლამდე დაახლოებით $17 მილიარდის დაკარგვას პროგნოზირებს. BioNTech-თან თანამშრომლობით შექმნილმა COVID-ის ვაქცინამ, პრეპარატ Paxlovid-თან ერთად, Pfizer-ს 2022 წლისთვის $90 მილიარდის გაყიდვები მოუტანა.
Seagen-ისა და სხვა შენაძენებით კი 2030 წლისთვის Pfizer-ის კომბინირებულმა გაყიდვებმა შესაძლოა $20 მილიარდ დოლარზე მეტს მიაღწიოს. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა $5.4 მილიარდად Global Blood Therapeutics-ი, ხოლო $11.6 მილიარდად შაკიკის სამკურნალო წამლების მწარმოებელი Biohaven Pharmaceutical Holding-ი შეიძინა.