ფაგები საქართველოს სამ ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებას შორის მოხვდა

ფაგები საქართველოს სამ ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებას შორის მოხვდა

19 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება განისაზღვრა. მათ შორის, ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ფაგის ტექნოლოგიაა.

„საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას აქვს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„საქართველოს აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოტენციალი, ასევე ისტორიული კონტექსტი ფაგების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის დღევანდელი განცხადება არის ცალსახად პოზიტიური სიგნალი მთლიანად სფეროსთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მომენტი გარდამტეხია საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და ფაგების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების აკვანი და სამშობლო და საქართველოში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 100 წლამდე აკუმულირებული ტექნოლოგიური გამოცდილება. დღესდღეობით ფაგები ანუ ბაქტერიოფაგები, არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა და ჩვენ შეგვიძლია ვპოზიციონირდეთ, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბი.

  • მეტი ხელშემწყობი ინსტრუმენტები ბიზნესის, კვლევითი ინსტიტუტების, ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
  • მეტი პოზიციონირება და საქართველოს ცნობადობის ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბისა და მსოფლიო ცენტრისა.

ეს არის ორი მნიშვნელოვანი გზა იმ შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენების, რაც საქართველოში გვაქვს ფაგებისა და ანტიბიოტიკურ რეზისტენტობასთან ბრძოლის მიმართულებით“. – კომპანია „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი

ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიის „ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიული ბაქტერიოფაგის შენობაში (1934) მდებარეობს და პირველი GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის მქონე საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხევად, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს.

საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების ორწლიანი 17,5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოების – „აწარმოე საქართველოში“ და „GITA“-ს (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომპანია „ბიოქიმფარმი“ დაფუძნებულია იმ ისტორიულ ფაგების საწარმოზე, რომელიც 1934 წელს დაარსდა და ამჟამად ასაქმებს 68 ადამიანს, ფლობს ორ საერთაშორისო პატენტს და ახორციელებს ექსპორტს რვა ქვეყანაში.

„ბიოქიმფარმი“ განვითარების პროცესის შემდეგ მიზნად ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასა და ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანას ისახავს. უახლოესი 2-3 წლის პერსპექტივაში კომპანია გეგმავს რამდენიმე პროდუქტით იყოს წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში – უნიკალური ქართული ფაგის პრეპარატები 100-ზე მეტ ქვეყანაში გახადოს ხელმისაწვდომი.