ფაგოთერაპიის საუკუნოვანი მემკვიდრეობის გამგრძელებელი

ფაგოთერაპიის საუკუნოვანი მემკვიდრეობის გამგრძელებელი
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გლობალური გამოწვევაა, ფაგები და ფაგოთერაპია კი სულ უფრო მნიშვნელოვან ალტერნატივად ყალიბდება. აღნიშნული კუთხით მსოფლიო მედიცინის რუკაზე საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: აქ ფაგოთერაპია უკვე ას წელზე მეტია, გამოიყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ცენტრად მიიჩნევა. ინსტიტუტში წლებია, იწარმოება ფაგების პრეპარატები სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, ხოლო ბაქტერიოფაგის კლინიკა – ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – იმ იშვიათ სამედიცინო დაწესებულებებს შორისაა, სადაც ფაგოთერაპია კლინიკურ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. Forbes Georgia-სთან ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორმა დავით სტურუამ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

დავით, პირველ რიგში, როგორ და რა იდეის გარშემო შეიქმნა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი?

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი წარმოადგენს იმ უნიკალური ხედვის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1920-იან წლებში ცნობილმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა, გიორგი ელიავამ, ჩამოაყალიბა. მისი მთავარი იდეა იყო, რომ ფაგები მხოლოდ კვლევის ობიექტი არ ყოფილიყო, არამედ მათი გამოყენება პირდაპირ კლინიკურ პრაქტიკაშიც მომხდარიყო.

ფაგოთერაპია ბაქტერიოფაგების – ე.წ. „კარგი ვირუსების“ – გამოყენებას ეფუძნება, რომლებიც მიზანმიმართულად ანადგურებენ ბაქტერიებს და ადამიანის უჯრედებზე ზემოქმედებას არ ახდენენ. ელიავას მიზანი კი ისეთი სამკურნალო ცენტრის შექმნა იყო, რომელიც ფაგოთერაპიის საშუალებით ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებს რეალურ დახმარებას გაუწევდა.

ეს ხედვა რეალობად წლების შემდეგ იქცა – 2009 წელს, ინსტიტუტის მეცნიერების მხარდაჭერით, დამოუკიდებლად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაარსდა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა.

როგორ პოზიციონირებს დღეს კლინიკა და, ზოგადად, როგორია საქართველოს როლი ფაგოთერაპიის სფეროში?

დღეს კლინიკა ლიდერის პოზიციებს იკავებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პაციენტებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისთვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა უკვე აღარ არის ეფექტიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ფაგოთერაპიის სფეროს განვითარებაში მას განსაკუთრებული როლი აქვს. საქართველოს გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ფაგოთერაპიის ტრადიცია აქ არასდროს შეწყვეტილა – მაშინაც კი, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა პრაქტიკულად შეჩერდა. სწორედ ამ უწყვეტი მემკვიდრეობისა და თანამედროვე მიდგომების შერწყმით, დღეს ჩვენი ცენტრი პაციენტებისთვის უნიკალურ და ხშირად გადამწყვეტ სამკურნალო შესაძლებლობად იქცა.

ფოტოგრაფი: გიორგი შერვაშიძე

რამდენად რთულია ამ მემკვიდრეობის გაგრძელება? რას ნიშნავს თქვენთვის ბაქტერიოფაგის კლინიკის ნაწილად ყოფნა?

პირველ ყოვლისა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია. ეს არის სივრცე, სადაც მრავალწლოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ცოცხლდება და პაციენტებისთვის ხელშესახებ შედეგებს იძლევა. ჩვენი გუნდი არა მხოლოდ აგრძელებს გიორგი ელიავას დაწყებულ საქმეს, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებს იმ სფეროში, რომელიც დღეს კაცობრიობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პირადად ჩემთვის ეს მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის – ეს არის მისია. იმ გარემოში მუშაობა, სადაც ყოველდღე შეგიძლია ადამიანის სიცოცხლეზე რეალური გავლენა მოახდინო, უდიდეს მოტივაციას მაძლევს. ეს ცენტრი აერთიანებს ისტორიას, ინოვაციასა და ადამიანურ ზრუნვას და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა ჩემთვის ყველაზე ძლიერი სტიმულია, ყოველდღიურად მაქსიმალურად დავიხარჯო.

მემკვიდრეობა და თანამედროვე მიდგომები: რა შეინარჩუნეთ და რა თანამედროვე მიდგომები დანერგეთ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში მისი გახსნის შემდეგ?

ჩვენ შევინარჩუნეთ ელიავას ხედვა: ფაგები ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებებზე მორგებით გამოიყენება, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფაგო-მგრძნობელობას. ამასთან, დავნერგეთ თანამედროვე, ჰოლისტიკური მიდგომები: ბაქტერიოლოგიური კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობის თითოეული ეტაპის ინდივიდუალური მონიტორინგი საერთაშორისო კლინიკური სტანდარტების შესაბამისად. სწორედ ეს კომბინაცია – ისტორიული გამოცდილება, პაციენტზე ორიენტაცია და ინოვაცია – უზრუნველყოფს ეფექტიან და უსაფრთხო მკურნალობას.

გუნდი ახსენეთ – ვინ დგას ბაქტერიოფაგის კლინიკის უკან? რა ცოდნა და გამოცდილება უმაგრებს აქ მომუშავე ადამიანებს ზურგს?

პირველ რიგში, გუნდი ჩვენი ცენტრის მთავარი ღირებულებაა. ამ ადამიანებს პროფესიონალიზმი, გამოცდილება და უნიკალური ცოდნა გამოარჩევთ. ჩვენი ექიმები ფაგოთერაპიის სფეროში ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ და ფაგების კლინიკური გამოყენების მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სპეციალისტებად მიიჩნევიან. ფაგოთერაპია ინდივიდუალურ მიდგომას, სიღრმისეულ ანალიზს და, ხშირ შემთხვევაში, ფაგების სპეციალურად შერჩევას მოითხოვს. ეს პროცესი კი ჩვენს გუნდს სრულყოფილად აქვს ათვისებული, მოლეკულური დონიდან – კლინიკურ პრაქტიკამდე.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული გუნდის როლიც. ისინი პაციენტებს სთავაზობენ სერვისს, რომელსაც ანალოგი ხშირად არც საქართველოში და არც საერთაშორისო დონეზე არა აქვს. ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს უცხოელ პაციენტებთან, უზრუნველყოფს კომუნიკაციას, მკურნალობის პროცესის ორგანიზებას და სამედიცინო ტურიზმის სრულ მხარდაჭერას, რათა პაციენტმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოს.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ექიმებს, ექთნებს, მეცნიერებს, ბიოლოგებს, მიკრობიოლოგებს, ტექნიკურ პერსონალსა და ადმინისტრაციას ერთიან ეკოსისტემად, სადაც თითოეული პაციენტის შემთხვევა დეტალურად განიხილება და მისთვის პერსონალიზებული მკურნალობის გეგმა ყალიბდება. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა.

როგორია ბაქტერიოფაგის კლინიკის სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი მიზანია ფაგოთერაპიის კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება თანამედროვე სამედიცინო სისტემაში როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ფაგოთერაპია საერთაშორისო გაიდლაინებსა და მკურნალობის პროტოკოლებში დამკვიდრდეს და ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში ღირსეული ადგილი დაიკავოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ცნობიერების ამაღლება – როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პროფესიონალებისთვის. ვგეგმავთ საგანმანათლებლო აქტივობებს, ტრენინგებს, ვორკშოპებსა და საერთაშორისო კონფერენციებში აქტიურ მონაწილეობას, რათა საქართველო ფაგოთერაპიის ცოდნისა და განვითარების ჰაბად ჩამოყალიბდეს.

კლინიკური მიმართულებითაც გვაქვს გაფართოების გეგმები. ამ ეტაპზე ცენტრი ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს, თუმცა უახლოეს მომავალში დაგეგმილია სტაციონარული განყოფილების გახსნა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ უფრო რთულ შემთხვევებზე და მულტიდისციპლინური, ინტენსიური მკურნალობის მოდელები დავნერგოთ.

რა არის ამ ნაბიჯების მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში? როგორ ხედავთ კლინიკის მომავალს?

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდეს გლობალურ ლიდერად ფაგოთერაპიის პრაქტიკასა და ინოვაციაში. ჩვენ გვინდა, საქართველო ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო პლატფორმად ვაქციოთ, სადაც მედიცინა, ინოვაცია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება.

S