ფაიზერი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს კლინიკურად ცდის – ამჟამად კვლევის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. მწარმოებლის განცხადებით, წამალს აბის ფორმით გამოუშვებენ და მის მიღებას ინფიცირებულები პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე შეძლებენ. ეს მსგავსი ტიპის პირველი წამალი იქნება, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებენ.
კლინიკური კვლევები ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება და პროტეაზის ინჰიბიტორის ტექნოლოგიას ეფუძნება – იდენტური ტექნოლოგია გამოიყენება HIV-სა და C ჰეპატიტის მკურნალობისას. ფაიზერი ასევე იკვლევს Covid-19-ის სამკურნალო ინტრავენურ საშუალებებს. ეს უკანასკნელი კვლევა კორონავირუსით ინფიცირებულ, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ტარდება.
„ამ ორ მეთოდს, ერთობლივად, აქვს პოტენციალი, ვაქცინაციასთან ერთად დაასრულოს კორონავირუსის მკურნალობის პარადიგმა“, – განაცხადა ფაიზერის უფროსმა მკვლევარმა, მიკაელ დოლსტენმა.
სწორედ ვაქცინაცია და თერაპიული მკურნალობა შეიძლება აღმოჩნდეს ცხოვრების ჩვეულ ნორმაში დაბრუნების წინაპირობა. ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალოდ FDA-ის მიერ მხოლოდ გილეადის რემდესევირია ავტორიზებული, თუმცა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი მაღალი ეფექტიანობით არ გამოირჩევა. აშშ-ში გადაუდებელი აუცილებლობისთვის ასევე ავტორიზებულია მკურნალობის სხვა მეთოდებიც, მაგალითად: ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა, რომელსაც Eli Lilly და Regeneron-ი ავითარებს, ასევე ავტორიზებულია რემდესივირითა და Baricitinib-ით კომბინირებული მკურნალობა.
ფაიზერი კვლევის დამატებით დეტალებსა და პრეკლინიკურ მონაცემებს 6 აპრილს, ქიმიის ამერიკული საზოგადოების წინაშე წარადგენს.