მიუხედავად იმისა, რომ Ferrari-ის გარკვეული მოდელების შეძენისთვის, მსურველებს სამწლიანი მოლოდინის სიაშიც კი უწევთ ყოფნა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წარმოების ზრდა არ იგეგმება.
ბალანსი ექსკლუზიურობასა და წარმოების ზრდას შორის Ferrari-სთვის ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. კომპანიის აქციების ფასი ბოლო წელიწადში თითქმის 44%-ით გაიზარდა და Ford-ისა და General Motors-ის ღირებულებას გადააჭარბა. ეს კი აქციონერების მხრიდან ზეწოლას აძლიერებს, რომლებიც შედეგებიდან გამომდინარე, გაყიდვების გაგრძელებას და წარმოების მოცულობის ზრდას ითხოვენ.
გასულ წელს, Ferrari-მ 13,221 ავტომობილი აწარმოვა, 2021 წელთან შედარებით, 18.5%-ით მეტი. მოთხოვნა კვლავ აღემატება მიწოდებას, დილერები კი Purosangue-ის SUV-სა და სხვა მოდელების გამოსვლის სავარაუდო პერიოდად, მინიმუმ სამ წელს ასახელებენ.
ვინგას ინფორმაციითვე, მიუხედავად შეზღუდული მიწოდებისა, კომპანიის მომხმარებელთა შორის ახალგაზრდა სეგმენტის წილი საგრძნობლად იზრდება. ავტომწარმოებლის კლიენტების ბაზა ზედიზედ მეათე კვარტალია ფართოვდება, Ferrari-ის ახალი მყიდველების თითქმის მესამედი კი, ამჟამად 40 წელზე ნაკლები ასაკის პირები არიან.
Ferrari-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბენედიტო ვინგას განცხადებით, მათი ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესი მისი ღირებულება და კლიენტების პატივისცემაა. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, დღევანდელი დეფიციტი საკმაოდ დიდია, რის გამოც, კომპანიას თავისუფლად შეუძლია გაყიდოს ორჯერ მეტი მანქანა, ვიდრე აწარმოებს.
ამ ყველაფრის პარალელურად, ავტომწარმოებელი ჰიბრიდული და ელექტრომობილების წარმოებისთვის ახალ ქარხანასაც აშენებს და F1-ზეც ფოკუსირებულია. თუმცა, ჩემპიონატში, მანქანის გაუმჯობესების მცდელობების მიუხედავად, არც თუ ისე კარგ შედეგებს აჩვენებს.