ფილმები, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ

ფილმები, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ

2023 წლის განმავლობაში მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე არაერთი საინტერესო ფილმი გამოჩნდა. ეს ბილეთების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზეც აისახა, რომელმაც დაახლოებით $8.8 მილიარდი შეადგინა – 20%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე, თუმცა 21%-ით მეტი 2022 წელს დაფიქსირებულ შედეგთან შედარებით.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსს 2023 წელს გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებული „ბარბი“ დაეუფლა. მან, ივლისში, კინოგაქირავებაში ჩაშვების დღიდან, სალაროებში ბილეთების გაყიდვით $1.442 მილიარდი შეაგროვა.

წარმატებული აღმოჩნდა ივლისში გამოსული კიდევ ერთი ფილმი, კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“. კინოსურათმა, რომელშიც მთავარ როლებს კილიან მერფი, ემილი ბლანტი, მეტ დეიმონი და რობერტ დაუნი უმცროსი თამაშობენ, გამოსვლის დღიდან გლობალურად სალაროებში $955.2 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ახლა კი წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ:

Dune: Part Two

ფრენკ ჰერბერტის მიერ 1965 წელს გამოცემული ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, „დიუნის“ მეორე ნაწილი კინოთეატრის ეკრანებზე 2024 წლის მარტში გამოჩნდება. კინოსურათში, რომლის ორივე ნაწილის რეჟისორიც დენი ვილნევია, კვლავ ვიხილავთ ტიმოთი შალამესა და ზენდაიას მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს. ცნობისთვის, ფილმის პირველი ნაწილის (2021) გლობალურმა შემოსავალმა $402 მილიონი შეადგინა. საინტერესოა, იქნება თუ არა შემოსავლების კუთხით უფრო წარმატებული „დიუნის“ მეორე ნაწილი.

Spaceman

2024 წლის მარტშია დაგეგმილი ასევე Spaceman-ის გამოშვება, რომელშიც მთავარ როლს ადამ სენდლერი თამაშობს. ფილმი მოგვითხრობს ასტრონავტზე, რომელიც კოსმოსური მისიით მზის სისტემის გარეთ მიემგზავრება. Spaceman-ი იაროსლავ კალფარის მიერ 2017 წელს გამოცემული ნაწარმოების, „Spaceman of Bohemia“-ს მიხედვითაა გადაღებული. ფილმის რეჟისორი იოჰან რენკია.

Challengers

ზენდაიას მონაწილეობით 2024 წელს კიდევ ერთი საინტერესო ფილმი, Challengers-ი გამოვა. მასთან ერთად კინოსურათის პერსონაჟებს ჯოშ ო’კონორი და მაიკ ფაისტი განასახიერებენ. ფილმის სიუჟეტი დიდი სლემის ჩემპიონ ჩოგბურთელზე და სასიყვარულო სამკუთხედზე მოგვითხრობს, რომელიც მთავარ გმირებს შორის იქმნება. ფილმის გამოსვლის ოფიციალურ თარიღად მოცემული დროისთვის 26 აპრილი სახელდება.

Furiosa: A Mad Max Saga

2024 წლის 24 მაისს არის დაგეგმილი „შეშლილი მაქსის“ ფრენჩაიზის მეხუთე ფილმის, Furiosa: A Mad Max Saga-ს გამოშვება, რომლის რეჟისორიც ჯორჯ მილერია. ფილმში მთავარ როლებს ანია ტეილორ-ჯოი, კრის ჰემსვორთი და ტომ ბერკი ასრულებენ. კინოსურათი პოსტაპოკალიფსურ ცხოვრებასა და პერსონაჟ „ფურიოზას“ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

Despicable Me 4  

2024 წლის ივლისის დასაწყისში ეკრანებზე „საზიზღარი მეს“ ფრენჩაიზის კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი გამოჩნდება. მისი რეჟისორი კრის რენოა, სცენარის ავტორი კი მაიკ ვაითი. შეგახსენებთ, Despicable Me-ს წინა, მესამე ნაწილმა, რომლის ბიუჯეტი $80 მილიონს შეადგენს, გლობალური შემოსავლით $1 მილიარდს გადააჭარბა. ანიმაციური ფილმი 2017 წელს გამოვიდა.

Deadpool 3

ივლისში გამოჩნდება ეკრანებზე ასევე Deadpool-ის მესამე ნაწილი. ფილმი Marvel-ის კომიქსზეა დაფუძნებული და პერსონაჟ Deadpool-ზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც რაიან რეინოლდსი ასრულებს. კინოსურათში კიდევ ერთი სუპერგმირი ჩნდება, რომელსაც ჰიუ ჯეკმანი განასახიერებს. ცნობისთვის, Deadpool-ის წინა, მეორე ნაწილის გლობალურმა შემოსავალმა $785.8 მილიონი შეადგინა, ფილმის პირველი ნაწილის ბილეთების გაყიდვით კი მსოფლიო სალაროებში $782.6 მილიონი შეგროვდა.

Joker: Folie à Deux

2024 წლის ოქტომბერში Joker-ის ახალი ფილმი Joker: Folie à Deux გამოვა, რომლის რეჟისორიც ტოდ ფილიპსია. კინოსურათში მთავარ როლს კვლავ ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, ჰარლი ქუინის პერსონაჟს კი ლედი გაგა განასახიერებს. შეგახსენებთ, Joker-ის პირველი ფილმი ფენიქსის მონაწილეობით 2019 წელს გამოვიდა და სალაროებში ბილეთების გაყიდვით $1 მილიარდზე მეტის შემოსავალი შეაგროვა.

Gladiator 2

2024 წელს კიდევ ერთი ცნობილი ფილმის ახალი ნაწილი გამოვა. გეგმის მიხედვით, Gladiator 2 ეკრანებზე 22 ნოემბრიდან გამოჩნდება. ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტოა, პერსონაჟებს კი პოლ მესკალი, დენზელ ვაშინგტონი, კონი ნილსენი და სხვები განასახიერებენ. შეგახსენებთ, „გლადიატორის“ პირველი ნაწილი რასელ ქროუსა და ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით 2000 წელს გამოვიდა. ფილმის გლობალურმა შემოსავალმა $503.1 მილიონი შეადგინა.