20 წელია, ლიბერთი ბანკის ფინანსური დირექტორი ვატო ბაბუნაშვილი საქართველოს საბანკო სექტორთან ერთად ვითარდება. ახალგაზრდა ფინანსისტს, მენეჯერს, ბანკირსა და, სხვათა შორის, ე.წ. სნაიპერ მსროლელს მიზნისკენ აზარტი ამოძრავებს, აზარტს კი ცვალებად გარემოში ადაპტირების აუცილებლობა უჩენს.
ლიბერთი ბანკს ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე საქართველოს ბანკიდან 2020 წლის ივლისში შეუერთდით. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?
ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რადიკალური ცვლილება სწორედ აქ, ლიბერთი ბანკში გადმოსვლაა. მომეცა იდეალური შესაძლებლობა და მე ის უნდა გამომეყენებინა. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მიმზიდველი იმიტომ იყო, რომ არაჩვეულებრივი გუნდი და საინტერესო პროცესები მელოდა აღნიშნულ ბანკში. ამ პერიოდში საბანკო სექტორში ბუნდოვანების ხარისხი ძალიან მაღალი იყო ქვეყანაში, განსაკუთრებით ვიტყოდი ლიბერთი ბანკის შემთხვევაში ჩვენი კლიენტურის სპეციფიკიდან გამომდინარე ანუ იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ლიბერთი ბანკს 1 მილიონზე მეტი უფროსი თაობის და მოწყვლადი მომხმარებელი ჰყავს, ფაქტობრივად ყოველთვიურად ამ ადამიანების ცხოვრებაში ლიბერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაშინ, როდესაც ქუჩაში გადაადგილებაც კი აკრძალული იყო, ლიბერთის თანამშრომლების, არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, თუ ვიტყვი, გმირობის დამსახურებით სისტემა არ ჩამოშლილა და ჩვენ ამ მილიონზე მეტ ადამიანს უწყვეტად გავუწიეთ ხარისხიანი ფინანსური მომსახურება და მივეცით მუდმივი ხელმისაწვდომობა საკუთარ ფინანსებზე. მეც ჩემდათავად ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩემი პატარა წვლილიც არის ამ საქმეში და კოვიდ 19-ით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვაში.
ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენი კარიერა საქართველოში მოქმედ ფაქტობრივად ყველა მსხვილ ბანკში ვითარდებოდა. რა განაპირობებდა ამ ხშირ ცვალებადობას?
წარმატებული კარიერის საიდუმლო ცვლილებებისა და ზრდის შესაძლებლობების მუდმივ ძიებაშია. მით უმეტეს, საბანკო სფერო საქართველოშიც და ზოგადად მსოფლიოშიც ძალიან სწრაფად მზარდია და გამოწვევებს თუ არ დაეწიე და მეტიც – თუ არ გაუსწარი, წარმატებული ვერ იქნები. წელს 20 წელი სრულდება, რაც საბანკო სფეროში ვარ. მესამე კურსზე ვიყავი, მუშაობა სახალხო ბანკში რომ დავიწყე, სხვათა შორის, ასე ეწოდებოდა ადრე ლიბერთი ბანკს. ფაქტობრივად, წლების შემდეგ საწყისებს დავუბრუნდი. ჯერ კიდევ 20 წლის წინ აქ, ამ შენობაში მესამე სართულზე ვმუშაობდი და განსაკუთრებული გამოწვევაა იმის გაუმჯობესებაზე მუშაობა, საიდანაც შენი მოგზაურობა დაიწყო. სახალხო ბანკის შემდეგ იყო თბილუნივერსალ ბანკი და მერე ჩემი საბანკო თავგადასავალი გარკვეულ ეტაპებზე ყველა მსხვილ ბანკს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი 7-წლიანი ეტაპი იყო ჩემი თანამშრომლობა ბანკ რესპუბლიკასთან, შემდეგ იყო მაგისტრატურა INSEAD-ში, შემდგომ საბანკო კარიერა გავაგრძელე თიბისი ბანკში, მერე იყო საქართველოს ბანკი და ახლა უკვე ლიბერთი ბანკში ვარ მესამე წელია. მთლიანობაში დიდი აზარტი აქვს ჩემთვის ყველა იმ პროცესს, რომლებიც სხვადასხვა ბანკში გავიარე წლების მანძილზე. ეს იყო მთავარი მოტივატორი.
ანუ შეიძლება ითქვას, რომ შენების ეტაპზე უფრო გსიამოვნებთ მართვის პროცესებში მონაწილეობა, ვიდრე უკვე აწყობილ სისტემაში ინტეგრირება?
ერთმნიშვნელოვნად ასეა, იმიტომ რომ აწყობილ სისტემაში ძალიან ვდუნდები. იქ ფაქტობრივად მთლიანი მექანიზმის მხოლოდ პატარა ჭანჭიკი ხარ. ეს მექანიზმი კი ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა, თუმცა შენი როლი მაინც შეზღუდულია. ადამიანი სწორედ ცვლილებების პერიოდში კაჟდები და იძენ ყველაზე დიდი გამოცდილებასა და ადრენალინს. კონკრეტული ინსტიტუტის ტრანსფორმაცია როცა შენი გავლით და მეშვეობით ხდება, ეს ყველაზე დიდი გამოწვევა და ამავდროულად სიამოვნებაა. მე მაქვს ბედნიერების ჩემი ფორმულა. უბრალოდ კარგად ყოფნის კი არა, ბედნიერების ფორმულა. ეს არის აზარტი. სწორედ მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი, როცა რაღაც დიდით ვარ დაინტერესებული და აზარტში ვარ. ლიბერთი ბანკში სიახლეები და სირთულეები ყოველთვის არის, მოწყენის საშუალება არასდროს გაქვს.
იყო ბანკირი საქართველოში ანუ განვითარებადი ქვეყნის საბანკო სისტემაში რუტინული საქმეა თუ აქვს ამასაც თავისი ხიბლი და ადრენალინი?
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი 20-წლიანი კარიერის მანძილზე რუტინა არც კი ვიცი, რა არის. იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს 20 წელი სერიოზული თავგადასავალი იყო. ის, რომ განვითარებად ქვეყანაში მომიწია ამ სფეროში საქმიანობა, უპირატესობაც კი იყო, რადგან ძალაუნებურად პროცესები ყოველთვის უფრო არასტანდარტულად მიმდინარეობდა, ვიდრე ეს თუნდაც განვითარებული, დავარცხნილი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ვისწავლე და უნარი, რაც შევიძინე, ეს არის ადაპტაციის უნარი. დარვინიც ამბობდა, რომ ბუნებრივი შერჩევის პროცესში ყველაზე ძლიერი სახეობები კი არ გადარჩნენ, არამედ ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი ჰქონდა. ზუსტად იმავეს თქმა შემიძლია საქართველოს საბანკო სექტორზე. საქართველოს საბანკო სექტორში წლების განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო და ნიჭიერ ადამიანს შევხვდი. მათი რეაგირებები გამოწვევებზე, კრიზისის მართვა და მათი შესაძლებლობად შემოტრიალების უნარი მართლაც შთამბეჭდავია.
ლიბერთი ბანკი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა საქართველოს საბანკო სექტორში. განსაკუთრებით თვალშისაცემია მენეჯმენტის ახალგაზრდობა. თქვენი აზრით, ეს უპირატესობაა?
ახალი სისხლი ორგანიზაციაში ნიშნავს ამ სისხლის დუღილს და ეს დუღილი ჩვენს შემთხვევაში ძალიან ეფექტიან შედეგებს იძლევა. ეს ახალგაზრდა ადამიანები, ვინც აქ ვართ თავმოყრილი, კარგი გაგებით მშიერი ვართ, რომ რაღაც ახალი და საინტერესო გავაკეთოთ. ყველაფერი წინ გვაქვს და გვინდა, საინტერესო ისტორია დავწეროთ, ეს კი ძალიან დიდი მოტივატორია. ყოველთვის ვცდილობთ, თუნდაც ერთი პროცენტით მეტი გავაკეთოთ, ადრე მოვიდეთ, ცოტა გვიან წავიდეთ ოფისიდან. ეს ენერგია ჩვენ ახლა ძალიან გვადგება.
ქართული ბანკების რეიტინგში წმინდა მოგების მიხედვით 2020 წელი ლიბერთი ბანკმა 15 მილიონ ლარზე მეტის ზარალით დახურა, 2021 წელს იყო 36 311 329 მილიონი ლარის მოგება, ხოლო გასული წლის მონაცემების მიხედვით ლიბერთი ბანკი მესამე ყველაზე მოგებიანი ბანკი გახდა საქართველოში წლიური 60,5 მილიონი ლარის მოგებით. რის ხარჯზე შეძლო ბანკმა ამ შედეგების დადება და შეინარჩუნებს თუ არა, თქვენი პროგნოზით, ლიბერთი ბანკი ამ ტენდენციას წელსაც?
ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ პარადოქსულია და გეტყვით რატომ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში მძვინვარებდა პანდემია, ამას დაერთო რუსეთ -უკრაინის ომი და ამით გამოწვეული კრიზისი, შეიცვალა ფინანსური ერა ანუ მონეტარული ერა. რას ნიშნავს ეს? ბოლო 20-30 წელი გვქონდა დაბალინფლაციური პერიოდი, ახლა კი გადავედით მაღალინფლაციურ პერიოდში, რას ნიშნავს იმას, რომ ეს მალე არ დასრულდება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესს მოჰყვება განაკვეთების ზრდა. ასეც მოხდა პრინციპში. ევროპისა და ამერიკის ცენტრალური ბანკის განაკვეთი უფრო და უფრო იზრდება. ამას თან ერთვის პროდუქციის ინფლაცია, ლოგისტიკური პრობლემები, პლუს უამრავი ახალი რეგულაცია. ამ ყოველივეს ფონზე საშუალო ზომის ბანკმა, ლიბერთიმ, შეძლო, მინუსიდან გასულიყო რეკორდულად მაღალ მოგებაზე, რისი გაუმჯობესებაც გვინდა და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ კიდეც. ამასთან ერთად ლიბერთიმ მატერიალური თვალსაზრისით საბაზროზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა საპენსიო სესხებზე განაკვეთი, საპენსიო სესხი კი, მოგეხსენებათ, ბანკის ძირითადი პროდუქტი იყო.
რის ხარჯზე მიაღწია ბანკმა ამას?
პასუხი მარტივია: პორტფელის ზრდა მისი დივერსიფიკაციის ხარჯზე. 2018 წელს ლიბერთი ბანკის მთლიანი პორტფელი დაახლოებით 800 000 000 ლარამდე იყო, აქედან კი საპენსიო სესხები დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენდა. დღეს ლიბერთის მთლიანი პორტფელი 2,5 მილიარდი ლარია, საპენსიო სესხების მოცულობა კი იგივეა. ბანკმა მოახერხა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შესულიყო სხვადასხვა სექტორში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, კორპორაციული მიმართულებით და, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ეს წარმატებით მოვახერხეთ. პორტფელის ზრდა და დივერსიფიკაცია – კლასიკური ბანკირული სტრატეგიით შეძლო ლიბერთიმ, რომ მყარად დამდგარიყო ფეხზე და მოგებიანობა გაეზარდა. ჩვენ გვჯერა, რომ 2023 წელსაც მყარად ვიქნებით ისევ მესამე მოთამაშედ წარმოდგენილი რეიტინგებში. მიზანი ახლა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი მესამე პოზიცია როგორც შარშან, წელსაც გავამყაროთ. ერთი, რაც უდავოა, იმ ახალ სეგმენტებში, რომლებშიც შევედით, კიდევ უფრო გავიმყარებთ პოზიციებს და ამისკენ ვიქნებით მომართული. ვგეგმავთ ისეთი არასაკრედიტო პროდუქტების ხაზის განვითარებას და დახვეწას, როგორიც არის ციფრული მიმართულება.
ვინ არის ვატო ბაბუნაშვილი მიღმა ბანკირისა და მენეჯერისა? რა არის თქვენი ინტერესების სფერო, რაც შეიძლება საერთოდაც არ იკვეთებოდეს საბანკო საქმიანობასთან?
ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და აქტუალური ინტერესი, ახლა რაც მაქვს ცხოვრებაში, ეს ზუსტი ანუ ე.წ. სნაიპერული სროლაა. არის სროლის ასეთი სახეობა, რომელიც მიზანში ძალიან შორ მანძილზე სროლას გულისხმობს. ეს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი დატვირთვაა, რომელიც ისეთ ზუსტ კონცენტრაციას გულისხმობს თავის თავში, რომ ფაქტობრივად ყურადღების 100 პროცენტს მოითხოვს შენგან. ირიბად ჩემს საბანკო საქმიანობასთანაც არის დაკავშირებული, ხანდახან მიზანი ძალიან შორს ჩანს, თუმცა მონდომებით, სწორი კონცენტრაციითა და მობილიზაციით ეს მიზანი სავსებით მიღწევადია. 1000 მეტრის დისტანციაზე 10 სმ რადიუსის მქონე წრეში რომ გაარტყა მიზანში რამდენიმეგრამიანი ტყვია, უამრავი ცვლადის გათვალისწინებაა საჭირო, იქნება ეს მანძილი, ქარი, ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა თუ სხვა. პროფესიულ დისციპლინირებულობაში ძალიან მეხმარება ინტერესი აღმოსავლეთისა და მათი კულტურის მიმართ. ჩინური, იაპონური და კორეული კულტურები ჩემს აღფრთოვანებას იწვევს. მე მჯერა ისტორიის მნიშვნელობის და იმის, რომ ადამიანები უმეტესწილად დიდად არ ვიცვლებით, სცენარები მეორდება, ისტორიის ცოდნა კი ყველას წაადგება. აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურის შესწავლით ძალიან დიდი ინფორმაციული სიმდიდრე შევიძინე. განსაკუთრებით შთამბეჭდავია იაპონელების ე.წ. სამუშაო ეთიკა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში დეფიციტურია, იშვიათად თუ შეგვხვდება. ვისურვებდი, რომ იაპონელების შრომისმოყვარეობისა და პრინციპების გარკვეული ნაწილი მაინც გვქონდეს და დავემსგავსოთ მათ. არსებობს იაპონური ტერმინი ‘კაიზენ’, რომლის უკან ძალიან დიდი ფილოსოფია დგას, თუმცა ყველაზე გამარტივებული ფორმით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ნიშნავს ყოველდღიურ უწყვეტ გაუმჯობესებას პატარა ნაბიჯებით, რაც უნდა დიდი მიზანი იყოს. ხშირად მახსენდება ერთი აღმოსავლური ანდაზა – ხის დარგვისთვის ორი თარიღი არის კარგი, 20 წლის წინ ან დღეს. ქართულ, ცოტათი სულსწრაფ ტემპერამენტს ხშირად სჭირდება ამის შეხსენება.
როგორია თქვენი გადმოსახედიდან საბანკო სფეროს და კონკრეტულად ლიბერთი ბანკის მომავალი და პროგნოზები?
მჯერა, რომ 5-წლიან პერსპექტივაში საბანკო სექტორი საქართველოში იქნება ძალიან მყარი, იმედს ვიტოვებ, რომ ბაზარზე უფრო მეტი საშუალო ზომის ბანკი იქნება, რაც გაზრდის კონკურენციას, ჯანსაღი კონკურენცია კი, უპირველეს ყოვლისა, უფრო იაფს და ხელმისაწვდომს გახდის ყველა იმ საბანკო პროდუქტს, რაც ახლა არის წარმოდგენილი ბაზარზე. ლიბერთი ბანკს რაც შეეხება, მყარად უნდა შევინარჩუნოთ მესამე ადგილი რეიტინგებში და, თავისთავად ცხადია, უფრო გავაუმჯობესოთ ის სერვისები და პროდუქტები, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ.
ფოტო: ნიკა ფანიაშვილი