ფინეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ წამოაყენა წინადადება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას ფინეთში საკუთრების შეძენას აუკრძალავს. ინიციატივა თავდაცვის მინისტრს, ანტი ჰაკანენს ეკუთვნის და განიხილება, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მცდელობა.
პოტენციურად, ეს აკრძალვა შეეხება ნებისმიერ ფონდს ან მოქალაქეს იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც შეიძლება რისკის ქვეშ დააყენონ ფინეთის ეროვნული უსაფრთხოება. შეზღუდვა, ამოქმედების შემთხვევაში, გავრცელდება იმ სახელმწიფოებზეც, რომლებიც ევროკავშირის მოსაზრებით, სხვა ქვეყნების ტერიტორიულ სუვერენიტეტს არღვევენ.
თუ აკრძალვა ძალაში შევა, რუსები, რომლებიც ასევე არიან მუდმივი რეზიდენტები ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში – არა მხოლოდ ფინეთში – ისევე როგორც ორმაგი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც, ქვეყანაში ქონების შეძენას ვერ შეძლებენ.
კანონპროექტის მიღებამდე, ის ფინეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, მისი საბოლოო სახით შესამუშავებლად მოსალოდნელია ექსპერტთა კონსულტაციების სერიის გამართვა.
ცნობისთვის, ფინეთს უკვე აქვს მიღებული კანონი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, ჩაერიოს ქონების შესყიდვის ზოგიერთ საქმეში და, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებით, პროცედურა დაბლოკოს. თუმცა ამ კუთხით სრული აკრძალვა ფინეთის ისტორიაში პირველი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფინეთში რუსების საკუთრებაში არსებული ქონების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორისაა საეჭვო საკუთრებები, როგორიცაა წამგებიანი სასტუმროები, უძრავი ქონება ასაფრენი ბილიკებით და ა.შ. მთავრობა შიშობს, რომ ამ ტიპის ობიექტები, რომლებიც ფინეთის ძირითად ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარეობს, შეიძლება რუსეთმა ბოროტად გამოიყენოს.
შეგახსენებთ, ფინეთი 2023 წლის აპრილში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO) შეუერთდა. ქვეყანამ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უმთავრესად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიიღო, რადგან მას რუსეთთან 1340 კმ-იანი საზღვარი აკავშირებს. აქამდე ფინეთი მიიჩნევდა, რომ მას არ სჭირდებოდა NATO-ში გაწევრიანება და ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი თავდაცვის პოლიტიკა ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა. თუმცა ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ სახელმწიფო რეალური საფრთხის წინაზე დააყენა და შეხედულება შეაცვლევინა.