ევროკავშირმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია, მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვეტო მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ახალი სანქციები რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის დამატებითი დარტყმის მიყენებისკენ იქნება მიმართული.
მედიასააგენტო Reuters-ს დიპლომატებმა განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უახლესი პაკეტი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე 47,6 დოლარამდე შეამცირებს.
„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი დაამტკიცა“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და დასძინა: „ჩვენ გავაგრძელებთ ხარჯების გაზრდას, ამიტომ აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის წინსვლის ერთადერთ გზად იქცევა“.
როგორც ირკვევა, სანქციების ახალი პაკეტით რუსეთის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებთან და ქვეყნის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ტრანზაქციები აიკრძალება.
„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ამით რუსეთის საომარი მანქანის გულს ვურტყამთ. ის მიზანში იღებს მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და მოიცავს ნავთობის ფასების ახალი დინამიკური ზედა ზღვრის დაწესებას“, – დაწერა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, გასულ დღეებში Reuters-მა ოთხი სხვადასხვა დიპლომატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირი რუსეთის სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას ვერ აღწევდა, რისი მიზეზიც სლოვაკეთის წინააღმდეგობა იყო, რომელიც გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით დათმობებს ითხოვდა.
დიპლომატების ინფორმაციით, სლოვაკეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე სანქციების ახალ პაკეტს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ მას მანამდე არ დაუჭერდა მხარს, სანამ არ მიიღებდა გარანტიას, რომ ევროკავშირის მიერ 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის თანდათან სრულად შეწყვეტის შემთხვევაში ქვეყანა არ დაზარალდებოდა.