თანამედროვე ინდუსტრიისა და ეკონომიკისთვის ფოლადი ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს. შენობების, ავტომობილებისა თუ ინფრასტრუქტურის სხვა შემადგენელი ნაწილების დასამზადებლად ფოლადი საბაზისო მასალაა. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ფოლადს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებენ. რეიტინგი დაფუძნებულია ფოლადის მსოფლიო ასოციაციის მონაცემებზე.
2022 წელს გლობალურად ფოლადის წარმოების მაჩვენებელმა 1.9 მილიარდი ტონა შეადგინა და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს (1.875 მლრდ ტონა) მცირედით გადაასწრო. თუმცა, შარშანდელი მაჩვენებელი ნაკლებია 2021 წლის მონაცემებზე, როდესაც 1.960 მლრდ ტონა ფოლადი აწარმოეს. გამოდის, რომ 2022 წელს წარმოების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 4.2%-ით შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ შემცირების რეკორდული მაჩვენებელია. მანამდე ფოლადის წარმოება ასეთი მაჩვენებლით 1991 წელსაც დაეცა.
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია. ზოგადად, საწარმოო ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. 2022 წელს ჩინეთში 1.013 მლრდ ტონა ფოლადი აწარმოეს, რაც გლობალური ბაზრის წილის 53.9%-ია.
ჩინეთი ფოლადის წარმოებაში ბაზარზე სრულად დომინირებს. მეორე ყველაზე მსხვილ მწარმოებელს, ინდოეთს, მასთან შედარებით წარმოების თითქმის 9-ჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვს. 2022 წელს ინდოეთმა 124.8 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოვა, რაც ბაზრის 6.6%-ს შეადგენს.
ქვეყანა | წარმოება 2022 წელს (მილიონი ტონა) | ცვლილება წინა წელთან შედარებით | გლობალური ბაზრის წილი |
ჩინეთი | 1013.0 | -2.0% | 53.9% |
ინდოეთი | 124.8 | 5.3% | 6.6% |
იაპონია | 89.2 | -7.9% | 4.8% |
აშშ | 80.5 | -6.5% | 4.3% |
რუსეთი | 71.5 | -5.8% | 3.8% |
სამხრეთი კორეა | 65.9 | -6.9% | 3.5% |
გერმანია | 36.8 | -8.8% | 2.0% |
თურქეთი | 35.1 | -15.0% | 1.9% |
ბრაზილია | 34.0 | -6.5% | 1.8% |
ირანი | 30.6 | 6.8% | 1.6% |
საინტერესოა, რომ გასულ წელს ფოლადის წარმოება ინდოეთის, ირანისა და ინდონეზიის გარდა ყველა მსხვილმა მწარმოებელმა შეამცირა. აღნიშნულმა სამეულმა კი პირიქით – გაზარდა. თუკი მსხვილმა მოთამაშეებმა წარმოება საშუალოდ 5%-ით შეამცირეს, თურქეთმა, იტალიამ, ტაივანმა და ვიეტნამმა წარმოება მინიმუმ 10%-ით შეკვეცეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ფოლადის წარმოებაში ჩინეთი ყოველთვის დომინანტი სახელმწიფო არ გახლდათ. 1970-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორი სახელმწიფო, აშშ და სსრკ ფოლადის წარმოების ბაზარზე სრულად დომინირებდნენ. მესამე მსხვილი მწარმოებელი კი იაპონია გახლდათ. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ფოლადის წარმოებას ყოველწლიურად ამცირებს.