ფორსაითის მხარდაჭერით რიკო ექსპრესმა 200 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

ფორსაითის მხარდაჭერით რიკო ექსპრესმა 200 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ტრანზაქცია საბროკერო კომპანია ფორსაით ბროკერსი და სააგენტო აწარმოე საქართველოშის მხარდაჭერით განხორციელდა.

ემისიის მიზანი 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და საკრედიტო პორტფელის შემდგომი ზრდაა. ობლიგაციები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მათი ვადიანობა 5 წელს შეადგენს, საპროცენტო განაკვეთი კი განსაზღვრულია TIBR+3%-ით.

200 მილიონი ლარის ემისია ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.

“ეს ჩვენი პირველი ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და ასევე პირველი შემთხვევაა, როცა არასაბანკო, დამოუკიდებელმა საბროკერო კომპანიამ შეძლო ლარში დენომინირებული ამ მასშტაბის ემისიის განხორციელება”, — აცხადებს რატი მორჩილაძე, Foresight-ის დირექტორის მოადგილე.

მორჩილაძე ხაზს უსვამს, რომ ეს კარგი პრეცედენტია ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის, რადგან ახლა უკვე დამოუკიდებელ საბროკერო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ კაპიტალის ბაზრის განვითარებაში: “ეს, ერთი მხრივ, დამზოგველებს დაეხმარება თავიანთი დანაზოგის უკეთესი პირობებით განთავსებაში, მეორე მხრივ კი — ბიზნესებს წვდომას მისცემს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე”.

რიკო ექსპრესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ხაზს უსვამს, რომ ობლიგაციები ლარშია დენომინირებული და ხუთ წელზეა გათვლილი, რაც საქართველოს ბაზრისთვის შთამბეჭდავი მოვლენაა: “5-წლიანი დაფინანსება უმნიშვნელოვანესია როგორც სტაბილურობის, ასევე ლიკვიდურობის თვალსაზრისით”.


17 დეკემბერს კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე განხილული  იყო დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მნიშვნელობა ქართული ბიზნესებისთვის და საქართველოს კაპიტალის ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ღონისძიება მოიცავდა პანელურ დისკუსიასაც, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, „აწარმოე საქართველოში”-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, რიკო ექსპრესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასოციაციის გამგეობის წევრმა პაპუნა ლეჟავამ.


რიკო ექსპრესი მთელი საქართველოს მასშტაბით 70 ფილიალს აერთიანებს და 2.5 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება.  2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის აქტივებმა 1 მილიარდ ლარს მიაღწია. რიკო ექსპრესი

ფორსაითის ჯგუფში შედის როგორც ლიცენზირებული საბროკერო კომპანია ფორსაით ბროკერსი, ასევე ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ფორსაით ინვესტმენტ გრუპი. ფორსაითი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მართავს საქართველოში პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ საცალო საინვესტიციო ფონდს — ფორსაითის ლარის ფონდს.