პირველადი ჯანდაცვა

Health Web - გზირიშვილი
შესავლის ნაცვლად

პირველადი ჯანდაცვა… გვესმის წამდაუწუმ. ზოგი მის მნიშვნელობაზე (და „პრიორიტეტულობაზე“) ხმამაღლა მსჯელობს, დამაჯერებლობისთვის. ან მართლა სჯერა, რომ, თუ პირველად ჯანდაცვას ეშველა, ქვეყანაზე თუ არა, ჯანდაცვაში მაინც ყველაფერი დალაგდება.

ყველაზე ხშირად მსმენია ასეთი ნათქვამი: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია[1] პირველადი ჯანდაცვა (ან „პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა“). ამის ხაზგასმა უყვართ არა მარტო საქართველოში. ასეთივე სიხშირით მინახავს ამის განმცხადებლის ამ ნათქვამის სრულიად საპირისპირო ქცევა (მაგალითად, ფულის ხარჯვა ძვირად ღირებულ დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებზე თუ სპეციალიზებულ უახლესი აღჭურვილობით გადავსებულ სტაციონარებზე).

მსოფლიომ „პირველადი ჯანდაცვის” ერთგულებაზე პირველად 1978 წელს დაიფიცა. აგერ 40 წელზე მეტი გავიდა. ფიცის მიცემა გრძელდება. პირველადი ჯანდაცვა რჩება უმთავრეს პრიორიტეტად (მთავარი პრიორიტეტების წინ).  რით ვეღარ ეშველა?

იმით, რომ არ გვესმის, რაზე ვლაპარაკობთ?

იმით, რომ გვესმის, მაგრამ არ ვიცით, რა სჭირს ან როგორ ვუშველოთ?

იმით, რომ გვესმის ყველაფერი, მაგრამ არ გვინდა (არ გვაწყობს, არ გვაინტერესებს და ა.შ.) ვუშველოთ და ვთამაშობთ… ვქმნით ილუზიას, რომ ძალიან გვინდა… და ვასაზრდოებთ ამ ილუზიას.

ვცადოთ, გავერკვეთ, რით ვერ ეშველა.

სანამ დავიწყებთ…

ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, დაწყობილ-გაშალაშინებული ტექსტის ნაცვლად, რაღაც ამოძახილი (თუ შეძახილი) დავახვედრე. და ყველას ვუხდი ბოდიშს, ვინც დიდაქტიკური სტილის მონათხრობს ელოდა. დანარჩენის კითხვაზე დროის კარგვის ან თავგზის არევის ნაცვლად, ვურჩევ, ქართველი პროფესორების სახელმძღვანელოებს თუ მონოგრაფიებს დაუბრუნდნენ – ეს თემა იმდენჯერ და იმდენნაირად აქვთ გადაღეჭილი, თანაც აკადემიურად, რომ მოძებნა არ გაუჭირდებათ და, იმედი მაქვს, ბევრ სასარგებლო პასუხსაც მიიღებენ.

მკითხველს, ვინც არ დაიშლის და გააგრძელებს ჩემთან ერთად იმის ძიებას, რით ვერ ეშველა პირველად ჯანდაცვას, ვაფრთხილებ, რომ:

  • ბლოგი აქამდე არ დამიწერია (და არც ის მესმის, ბლოგი, სტატია, ნარკვევი ან თხზულება რით განსხვავდება ერთმანეთისგან… ზომით?), და
  • არ ვაპირებ, თემის მიმართ პროფესიული წრეების გაუთავებელი ზედაპირულობის თუ უპასუხისმგებლობის ყურებით გამოწვეული გაღიზიანება (თუ აღშფოთება?) დავფარო.

შესავლისთვის, მგონი, ბევრი მომივიდა.

დროა, წავიწიოთ…!

რა „ცხოველია“?

პირველადი ჯანდაცვა.

სადაც პირველადი, იქ მეორეული, მესამეული, მეოთხეული და ა.შ.

ანუ ნულოვანს და მეორეულს შორის.

დაცვა, უბრალოდ ჯანმრთელობა არა. ჩვენთან ჯანმრთელობას (health-ს) ხშირად ჯანდაცვად თარგმნიან: ჯანმრთელობის სამინისტროს (Ministry of Health) ვეძახით ჯანდაცვის (ანუ ჯანმრთელობის დაცვის) სამინისტროს. ამ შემთხვევაში, ქართული ვარიანტი ორიგინალის შესატყვისია.

საერთაშორისო თუ ნაციონალურ სტრატეგიებში, საჯარო პოლიტიკის[2] განცხადებებში, თუ უბრალოდ სახელმძღვანელოებში მისი ათასნაირი, ხატოვანი, ყველაფრის (და ჩემთვის ბევრი არაფრის) მთქმელი განმარტება.

როცა გინდათ, ვაშლი მოგაწოდონ, ასე ხომ არ უხსნით: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რომ ორგანული წარმოშობის სფეროს ფორმის საშუალებით ჩემს ორგანიზმში ფრუქტოზის, ვიტამინებისა და უჯრედისის მარაგი აღმადგენინოთ“?

ბევრის წარმოდგენაში, პირველადი ჯანდაცვა უკავშირდება შენობას, ამბულატორიის ტიპის   სამედიცინო დაწესებულებას საწოლების გარეშე, სადაც ადამიანს ესაუბრებიან, სინჯავენ და რჩევებს აძლევენ. ამას „მოსდევს“ უფრო დიდი შენობა, საწოლებით, სადაც პაციენტებს აწვენენ, სინჯავენ, მკურნალობენ და მერე გამოწერენ – ესეც „მეორეული ჯანდაცვა“. დარჩა ადგილი „მესამეულისთვის“? აქაც შენობაა, ზომას აღარა აქვს მნიშვნელობა, საწოლებით და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აღჭურვილობით, სადაც ჯანმრთელობის ერთი რომელიმე პროფილის პრობლემით (მაგ. გულის დაავადებები, ან სიმსივნეები) ადამიანებს სინჯავენ და მკურნალობენ. „მეოთხეულ ჯანდაცვაზე“ არაფერი მსმენია, მაგრამ წარმოსახვას არა აქვს საზღვარი და შეიძლება, ისიც რამე შენობას (ან შენობის არარსებობას) დაუკავშირდეს.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჩახედული მკითხველი გამისწორებს – შენობას კი არ უკავშირდება, არამედ – დახმარებას[3], რომელსაც ამ შენობაში აღმოუჩენენ. იყოს ასე –  შენობაში განსხეულებული დახმარება. ნეტა ამ დაზუსტებით ბუნდოვანება იფანტებოდეს…

დახმარების შენობასთან მიბმით პირველადი (და მეორეული და მესამეული) ჯანდაცვის განმარტებამ თავიდან თითქოს ყველაფერი დაალაგა. გავიდა დრო და „აირია მონასტერი“: ამბულატორიაში გაჩნდა საწოლები (ე.წ. „დღის სტაციონარები“, ზოგან 24 საათზე მეტი დაყოვნებით), დიდ შენობებში (საავადმყოფოებში) სულ უფრო იზრდება საწოლზე მოთავსების გარეშე (ე.წ. „ამბულატორიული“) დახმარების  მიმღებთა რაოდენობა, ან მაღალი ტექნოლოგიების ჩარევით ისეთი მკურნალობა, რომელიც არ ითხოვს ოპერაციის ჩატარების შემდეგ 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას (მაგალითად, ვის არ სმენია ლაპაროსკოპია). ის, რაც ადრე მხოლოდ განსაკუთრებულ, წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა თუ ცენტრებში იყო შესაძლებელი (მაგალითად, შუნტირება), ლამის ყველა საავადმყოფომ შესთავაზოს. მოკლედ, ერთ დროს გატარებული ზღვარი ჩვენ თვალწინ „დნება“, და იმის დადგენა, თუ სად მთავრდება პირველადი და იწყება მეორეული  ჯანდაცვა, სულ უფრო რთულდება.

რა ხდება ამის მერე?

ჩნდება „პირველადი ჯანდაცვის“ შენობის გარეშე წარმოდგენა – მთავარია, რა დახმარება ეწევა ადამიანს, კედლები არ არის პრინციპული (ანუ იმას, თუ რა ტიპის შენობაში გაეწია დახმარება). თუ არ მეშლება, ასეთ მიდგომას „ფუნქციური“ შეარქვეს. რატომაც არა – თუ დახმარება ეწევა გარკვეული დაავადებების ადრეული გამოვლენის მიზნით (მაგალითად, ათეროსკლეროზის ან შაქრიანი დიაბეტის), ან მათ სამართავად და გართულებების თავიდან ასაცილებლად (ინფარქტით ან თირკმლის უკმარისობით საავადმყოფოში მოხვედრისგან) , ჩავთვალოთ, რომ ეს „პირველადი ჯანდაცვაა“.

ადვილია. მაშინ ვცადოთ – აგერ დახმარების რამდენიმე ნიმუში… ყოველდღიურობიდან. თქვენი აზრით, რომელია „პირველადი ჯანდაცვა“?

 

არის პირველადი ჯანდაცვა?

დახმარების მაგალითი

კი

არა

სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა მაღალი წნევის გამო. მიღებული ზომების შედეგად 40 წუთის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დატოვა ბინაზე.  
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა მაღალი წნევის გამო. მიღებული ზომების შედეგად 40 წუთის შემდეგ მდგომარეობა ვერ დასტაბილურდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  
კბილი ასტკივდა, ტკივილგამაყუჩებელმა არ უშველა, დილით მიმართა სტომატოლოგს, რომელმაც არხი გაუხსნა, და დაუბჟინა.  
დიდი ხანია, თავის ტკივილები აწუხებს. მეგობრებმა ურჩიეს კარგი ნევროლოგი (ძველებურად „ნევროპათოლოგი“). გაესინჯა და მიიღო დანიშნულება.  
დიდი ხანია, თავის ტკივილები აწუხებს. გადაწყვიტა, კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა – „რა იცი, რა ხდება“. ასეც მოიქცა.  
ყელი ასტკივდა. ხველება დაეწყო. მივიდა აფთიაქში და იკითხა, რა მოუხდებოდა ხველებას. ურჩიეს ორნაირი ანტიბიოტიკი, ამოსახველებელი, და იმუნიტეტის გამაძლიერებელი. იყიდა და მიღება დაიწყო.  

ადვილი იყო?

პირადად მე, ჩემსავე შედგენილი გამოცანის „დახმარების მაგალითების“ უმრავლესობაზე გამიჭირდება თქმა, რომელია პირველადი ჯანდაცვა, და რომელი – არა.  თუ „სწორი პასუხები“ გაინტერესებთ, ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რა მიიჩნია „პირველად ჯანდაცვად“, როცა გაწეული დანახარჯების დათვლაზე მიდგა საქმე, მათ 2019 წლის ანგარიშში იპოვით 37-ე გვერდზე[4]. რამდენად მოგეწონებათ და დაეთანხმებით, თქვენთვის მომინდვია.

მგონი, უკვე დაგღალეთ იმის გარკვევით, გვესმის თუ არა, „პირველად ჯანდაცვას“ რომ ახსენებენ, რას გულისხმობენ. რაც ითქვა, იმაზე მეტს ამის გარკვევა არ იმსახურებს. ბევრად უფრო საინტერესოს გარკვევა გველოდება წინ.

მოდი, დროებით დავუშვათ, რომ რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აარჩია (და 37-ე გვერდზე ნახეთ), იმას წყალი არ გაუვა. ანუ ვიცით, რა ყოფილა პირველადი ჯანდაცვა (ჯანმრთელობის დაცვის რა ნაირსახეობისგან შედგება, ე.წ. „ფუნქციური“ განმარტებით).

რა სჭირს ასეთი, რომ ვერ „ვუშველეთ“?

იქნებ იმის გახსენებამ გვიშველოს, საიდან მოვიდა ჩვენს აზროვნებაში ეს „ცხოველი“.

ხელუხლებელი ბუნება… გაუვალი ტყეები, უკიდეგანო ველები… დათოვლილი და მიუვალი მწვერვალები. აქ ადამიანებს თვალით არ უნახავთ მედიკოსი, უკეთეს შემთხვევაში – ტრადიციული მკურნალი („ექიმბაში“?). აჩენენ ბევრს, რომ ათიდან სამ-ოთხმა მაინც დაასრულოს ზრდა, და ერთეულებმა მიაღწიონ… სიბერეს (60 წლის ასაკს). პატარა ასაკში იღუპებიან ფაღარათით, ცხელებით… ზოგიც შიმშილით.

დიდ ქალაქ(ებ)ში ერთი ან რამდენიმე თანამედროვე შენობა, უცნო ენაზე მოსაუბრე მედიკოსები, ტექნოლოგიები. განკუთვნილი რჩეულებისთვის. არ ემუქრებათ ფაღარათით ან ცხელებით გაწყვეტა დანარჩენი თანამემამულეების მსგავსად.

მთლიანობაში, ექიმები მაშინ ისეთივე იშვიათობაა, როგორიც დღეს – ასტრონავტები.

ეს არაა მე-17 ან მე-19 საუკუნის რეალობა. ასეთ სურათს ნახავდით ძალიან ბევრ ქვეყანაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში (ჩინეთი, ინდოეთი, აფრიკის კონტინენტის უდიდესი ნაწილი), და დღესაც ზოგიერთ ქვეყანაში აფრიკისა თუ აზიის კონტინენტზე.

ანუ, ჯანდაცვის არარსებობაში („ნულოვანი ჯანდაცვა“) მიმობნეული თანამედროვე ჯანდაცვის მცირე კუნძულები (მერე „მეორეული“ თუ „მესამეული“ რომ უწოდეს, შენობების და იქ გაწეული დახმარების შინაარსის მიხედვით). მოწინავე კაცობრიობამ გადაწყვიტა, ეს უზარმაზარი ნაპრალი შეევსო.

  • მრავალსართულიანი შენობების ჩადგმა არავის უფიქრია. შეიძლება აქა-იქ ფარდულების – მზის ან წვიმისგან თავის დასაცავად.
  • გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც უხსნიდნენ და არწმუნებდნენ, რომ სუფთა წყლის დალევისა და ხელების დაბანის სანაცვლოდ ფაღარათით აღარ გაწყდებოდნენ. დღესაც არწმუნებენ. რადგან ლამის ყველა გზაჯვარედინზე ექოსკოპიის ჩატარება ან ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება შეგვიძლია, გგონიათ სხვაგან ასეა? 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ვარგისი სასმელი წყალი არა აქვს, და სამ მილიარდს – საპნით ხელების დაბანის საშუალება არა აქვს[5].
  • მერე, ამ უკიდეგანო ველებზე, ტყეებსა თუ მიუვალ მთებში გამოჩნდნენ მედიცინაში უფრო განსწავლული ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ გასინჯვა, რჩევების მიცემა და ელემენტარული მედიკამენტების დარიგება (მაგალითად, ანტიბიოტიკების). თავიდან ექთანსაც ვერ დაარქმევდი მათ. დღესაც… ბევრგან სათემო ჯანმრთელობის მუშაკების[6] ზურგზე გადადის ეს ტვირთი.
  • ზოგს მეტად გაუმართლა… სადღაც ექთნები გამოჩნდნენ, და დაფუძნდნენ კიდეც – პირველი შენობა, ერთი ბეწო სამედიცინო პუნქტში. ესეც ამბულატორია – სადაც შენი ფეხით მიდიხარ და უკან მოდიხარ (არ რჩები საწოლზე). ზოგ ასეთ პუნქტში მთლად ექიმი ვერა, მაგრამ ექთანზე უფრო განსწავლული მედიცინის მუშაკი გამოჩნდა (ზოგიერთ მკითხველს შეიძლება კიდეც ახსოვდეს წოდება „ფელდშერი“) და დაფუძნდა კიდეც. ან „ჩამოტარება-ჩამოვლით“ – ერთ სოფელში ცხოვრობდა, და სტუმრობდა დანარჩენ დასახლებებს. დაბოლოს, სადღაც ექიმებიც გამოჩნდნენ, უნივერსალები – შეეძლოთ მშობიარობის მიღება, გაჭრა-გაკერვა, კბილის ამოღება… და კიდევ უამრავი რამ.

მოკლედ, შეიცვალა ლანდშაფტი… შეივსო სიცარიელე არარსებულ („ნულოვან ჯანდაცვას“) და თანამედროვე, მედიცინის მიღწევების მიმდევარ ჯანდაცვას („მეორეულ“ + „მესამეულს“) შორის. და დაერქვა „პირველადი“. სრულიად ბუნებრივად. შედეგი იყო საოცარი – მინიმალური დანახარჯებით უზარმაზარი უკუგება, სიკეთე – გადარჩენილი სიცოცხლეების თუ დღეგრძელობის გაზრდის სახით. ამას ემატება იმუნიზაციის პროგრამების საყოველთაო დანერგვა 70-იანებიდან, ყვავილის ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვებით გამყარებული[7]. ეს ყველაფერი მოექცა „პირველად ჯანდაცვაში“ – ე.წ. პრევენციული (პროფილაქტიკური) ზომები და უმარტივესი კვალიფიციური დახმარება (გასინჯვა, რჩევა-დარიგების მიცემა, და ზოგჯერ მედიკამენტების განაწილება). და სახელმწიფოები დებენ ფიცს ალმა-ატაში.

რა ხდება მერე?

2-წუთიანი პაუზა – მოდი, შევხედოთ, რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, სანამ ივსებოდა ნაპრალი არაფერსა და განვითარებულ ჯანდაცვას შორის:

  • მსოფლიოს ერთ ნაწილში. თუნდაც საქართველოში, საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის უამრავ ქვეყანაში ევრაზიის თუ ამერიკის კონტინენტზე (პირობითად, სოციალისტურ ბანაკში ჩინეთის გამოკლებით):
    • სადღაც, მიუვალ მთიან დასახლებაში, პოლარული წრის იქით, სტეპებსა თუ უდაბნოებში მიმოფანტული იყო მცირე ზომის, მაგრამ მყარად ნაშენები (გარშემო დასახლების ფონზე) სოფლის ამბულატორიები და, საავადმყოფოებიც კი. თავისი აღჭურვილობით, და პერსონალით (თუნდაც არასრულად დაკომპლექტებული).
    • პატარა წამოტკივებაზეც კი, უბნის ექიმის მიმართვით, დახმარებას უახლოეს სოფლის თუ რაიონულ საავადმყოფოში მიიღებდნენ. თუ რამე სერიოზული იყო, საოლქო, რესპუბლიკური საავადმყოფოები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები – სულო და გულო. თან ყველაფერი ეს უფასოდ.
    • საყოველთაო ვაქცინაცია, პროფილაქტიკური გასინჯვები სკოლაში, სამუშაო ადგილებზე… ბინაზე უბნის ექიმის გამოძახება, ექთნის რეგულარული შემოვლა, და ა.შ. ამას ყველაფერს, საავადმყოფოების გამოკლებით, ამ სამყაროში, „პირველადი ჯანდაცვა“ ერქვა (უფრო სწორად, „პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარება“ ერქვა[8]).
  • მსოფლიოს მეორე ნაწილში, პირობითად, კაპიტალისტურ ბანაკში:
    • ქალაქად თუ სოფლად, მიმობნეული იყო ექიმების ოფისები. ზოგისგან შორს, ზოგისგან ახლოს. იშვიათად ცალკე მდგომი შენობა… სამუშაო სივრცე ზოგადი დანიშნულების შენობაში.
    • ექიმთან ოფისში მოხვედრა მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. რიგში ლოდინი – შეიძლება რამდენიმე დღე, კვირა ან თვე.
    • კრიტიკული საჭიროების დროს თვითმიმართვა სტაციონარების გადაუდებელ განყოფილებებში, ან პარამედიკოსების გამოძახება და ევაკუაცია.
    • ზოგადი პროფილის მუნიციპალური (ადგილობრივი), მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო საავადმყოფოები თუ სპეციალიზებული კლინიკები.
    • ზოგან თავისუფალი მოძრაობა ვიწრო სპეციალისტებთან, ან სტაციონარში მოთავსება საკუთარი სურვილით, სხვაგან – მხოლოდ „მეკარიბჭის“[9] ნებართვით. ეს ყველაფერი მოხმარების დროს ზოგან უფასო, ზოგან ფასიანი.
    • ამ ქვეყნებში უფრო ხშირად გაიგონებთ „ამბულატორიულ“ და „სტაციონარულ“ მომსახურებას (დახმარება იყოს, თანამიმდევრული რომ ვიყოთ), „პირველადი“ და „მეორეულ-მესამეული“ ჯანდაცვის ნაცვლად.

ახლა ვბრუნდებით, სადაც ვიყავით „დაპაუზებამდე“, და ვაგრძელებთ აქედან: „რა ხდება მერე“?

ხდება ის, რომ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც მოდას ქმნიან მსოფლიოში ბევრ სფეროში, პირველ რიგში განვითარებასა და ცვლილებების ტრაექტორიების მოხაზვაში (და უზარმაზარ რესურსებს ხარჯავენ), ანუ „კაპიტალისტური ბანაკი“, რომელმაც „პირველადი ჯანდაცვის“ დანერგვით უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ყოფილ კოლონიებსა თუ განვითარებად ქვეყნებში, ცდილობს, ეს წარმატება გაიმეოროს სოციალისტური ბანაკის (ყოფილ თუ არსებულ) ქვეყნებში (რაზეც არც ეს ქვეყნები ამბობენ უარს). ანუ ქვეყნების ერთი ჯგუფი (გლობალურად „ამინდის  შემქმნელები“), ნაკარნახები საუკეთესო სურვილებით[10],   მსოფლიოს მეორე ნაწილში მიღწეული წარმატებული მიდგომის გადატანას ცდილობენ მესამე ნაწილში, რომელიც საპირისპირო მხრიდან მოდის (სოფლის საავადმყოფოების წარსულიდან).  ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ყავის ხის გახარება ტაიგაში რომ მოინდომო.

აბსურდს ჰგავს, არა? ამდენი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი ჯიუტად ცდილობს მსოფლიოს მესამედს (პირობითად) უშველოს იმით, რამაც მეორე მესამედში გაამართლა, მაგრამ პრაქტიკულად შანსი არა აქვს, ფეხი მოიკიდოს. ამ სიჯიუტეს აქვს თავისი ახსნა (ამისთვის შიგნიდან უნდა იცნობდე განვითარების (ანუ development) ბიზნესის ბუნებას, და კიდევ მსოფლიო ბიუროკრატიის ინტერესებს, ნირს და შესაძლებლობებს).

ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ამ მიმართულებით სხვა დროს ვისაუბროთ. საქართველო სწორედ იმ მესამედის ნაწილია, რომელშიც „პირველადი ჯანდაცვის“ „გადმორგვას“ ცდილობენ და ვერ ახარებენ (იმის მიუხედავად, რომ „ოჯახის ექიმების“ ბრენდსაც კი სესხულობენ განვითარებული სამყაროდან).

რატომ ვერ ველევით ილუზიებს?

იქნებ „პირველადი ჯანდაცვა“ არაფერ შუაშია? იქნებ ის მანტრის ფუნქციას ასრულებს… ყველა იმეორებს, როგორც ჯადოს, სინამდვილეში ყველა თავის „ჭიას ახარებს“.

ერთი წუთით დავუშვათ, რომ საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის მოხმარება (სამედიცინო მომსახურების, ან მედიკამენტების), ვიდრე თავად ჯანმრთელობა. დავუშვათ, რომ საზოგადოების სოლიდურ ნაწილს სჯერა, რომ თუ გაიკეთებს რაღაც გამოკვლევას (თუნდაც „სამგანზომილებიან  ექოსკოპიას“, რომელიც ყველაფერს პოულობს), ან ჩაყლაპავს იმ წამალს, მეგობრის მეზობელს რომ უშველა, ამით მან ვალი მოიხადა საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე. ყველაფერი, რაც მას ხელს უშლის ამ მოხმარებაში, აღიზიანებს (და აბრაზებს). სიშორე, თუ უსახსრობა.

თუ გინდა საზოგადოების კმაყოფილება, მიეცი მოხმარების საშუალება. გაუჩინე სიახლოვეში კლინიკები და დიაგნოსტიკური ცენტრები ძვირად ღირებული აღჭურვილობით, და მერე დაუფარე საფასური. ოღონდ არ აუკრძალო – თვითონ გადაწყვიტოს, რა შველის, რა  სჭირდება…

მერე ირკვევა, რომ სამედიცინო ბაზარზე მოხმარებას ზღვარი არა აქვს, და ვერანაირი ფული ვერ გასწვდება. თუ ადრე გზავნიდნენ ერთ გამოკვლევაზე, ახლა გაუშვებენ ხუთზე, მოაყოლებენ სამი სპეციალისტის ჩამოვლას, და თითოეული კი გამოუწერს სულ ცოტა 5 მედიკამენტს – უახლესს და უძვირესს. მოკლედ, მომხმარებლის „გასაწეწად“ აწყობილი კარუსელები (არ გეგონოთ, კარუსელები არჩევნების დროს მოიგონეს – ეს „ჟარგონი“ დიდი ხანია, სამედიცინო საზოგადოებაში ტრიალებს).

ვინც ხეირობდა მომხმარებელთა საზოგადოების სისუსტით და იღებდა დივიდენდებს (რა ფორმით? ამომრჩევლის მხარდაჭერით. ცოტაა?), ვეღარ მიჰყვება ზღვარგადასულ მოხმარებას. სამედიცინო თუ ფარმაცევტულ ინდუსტრიას საოცარი უნარი აქვს, ისარგებლოს მომხმარებლის სისუსტით (და უვიცობით), გაბეროს მოთხოვნა და მოხმარება, და პრაქტიკულად „დააშანტაჟოს“ გადამხდელი (ამ შემთხვევაში საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე გადარეული თუ ჩამოკიდებული პოლიტ.ელიტა).

რა გამოსავალი რჩება (საბიუჯეტო, ან საზოგადოების) თანხების გადამხდელს?

ამ დროს ახსენდება „პირველადი ჯანდაცვა“, როგორც მანტრა და იმედი აქვს, რომ უბნის ექიმს (ცოტა ხნის გარდასახულს „ოჯახის ექიმად“) თუ „ჩაუდგამს“ გზააბნეულ მომხმარებელსა და გაუმაძღარ მიმწოდებელს (ახლა მოდაშია „პროვაიდერები“), ამით შეამცირებს დაუსაბუთებელ (ჭარბ, გაუმართლებელ, ჯანმრთელობისთვის არაფრის მომცემ, ხშირად მავნესაც კი) მომსახურებას და, საბოლოო ჯამში, შეაჩერებს „გადახდილია, შეგარგოს“ ლოზუნგით ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის ზრდას.

ვიგონებ? შეადარეთ, რამდენით გაიზარდა 2014 წლის მერე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ბიუჯეტი საქართველოში თავისი არაღიარებული ვალებით, და თუ ვინმე მაჩვენებს, ამის პროპორციულად როგორ გამოკეთდა ერის სიჯანმრთელე, დავიყრი ნაცარს თავზე და ხმას აღარ ამოვიღებ.

აი, წარმოიდგინეთ, აქეთ ტიტულოვანი, მოდური, საოცარი დამაჯერებლობის უნარით დაჯილდოებული, გაზიზინებულ კლინიკებში დაბუდებული ვარსკვლავები (კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები და ნევროლოგები), რომლებსაც საკუთარი პროფესიული ეგოს დაკმაყოფილების გარდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვთ ყველა მანიპულაციაში, გადამისამართებულ კონსულტაციასა თუ გამოკვლევაში, და დანიშნულ მედიკამენტებში; მეორე მხარეს  „ოჯახის ექიმად“ წოდებული უბნის ექიმები, რომელთა უმრავლესობის არავის სჯერა (რამდენი იცით თქვენ გარშემო, კანზე გამონაყარს რომ შეამჩნევს, ალერგოლოგის, ინფექციონისტის ან დერმატოლოგის ნაცვლად ოჯახის ექიმთან რომ მირბის? სადღაც გადაკარგულ სოფლის მცხოვრებლისკენ ნუ გაიშვერთ ხელს, იმას არა აქვს სხვა გამოსავალი). და ვინმეს შეიძლება სერიოზულად სჯეროდეს, რომ „პირველადი ჯანდაცვის“ ჭერქვეშ თავმოყრილი ეს ოჯახის ექიმები დაარეგულირებენ მოხმარებას, რომლის ხარჯსაც სახელმწიფო ფარავს (მოწყალე თუ საყოველთაო ჯანდაცვის იდეის ერთგული პოლიტ.ელიტის დამსახურებით)?

ამ ორთაბრძოლაში „პირველადი ჯანდაცვა“ განწირულია. ფარმაცევტულ ინდუსტრიას (უფრო სწორად, წამლებით მოვაჭრეებს)  სასაცილოდ არ ჰყოფნის, რომ პირველადი ჯანდაცვა თავისი რეცეპტურით არა თუ გაუნახევრებს, 3-5-ჯერ შეუმცირებს ვაჭრობას (სულ მცირე). ვიგონებ? გაიხსენეთ რეცეპტების შემოღების ისტორია… ორი მცდელობა იყო – პირველად თავზე გადაახიეს პრაქტიკულად ეს ინიციატივა გადაწყვეტილების მიმღებს, ისე რომ რეცეპტების დაბეჭდვაც ვერ მოასწრო (სხვათა შორის, მაშინ, როცა „სახელმწიფოს ინსტიტუციები იქმნებოდა“ და ქვეყნად შევდექით); მეორე ჯერზე – რეცეპტები გაჩნდა, მათ შორის ელექტრონულიც, მაგრამ წამლით მოვაჭრეებმა ისეთი ჩაუტარეს, რომ სულ მასხრად ასაგდები გახდა და, თვალსა და ხელს შუა, აორთქლდა. იმიტომ კი არა, რომ წამლით მოვაჭრეები მძლეთამძლეები არიან, მარტივი მიზეზის გამო – ეშხში შესული მომხმარებლისთვის ხელის შეშლა, ანუ ამომრჩევლის უკმაყოფილების ზრდა ძალაუფლების მქონე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აინტერესებს. როცა მოვაჭრეებისა და ძალაუფლებაში მყოფთა ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, ამათ რომელი „პირველადი ჯანდაცვა“ შეაჩერებს? იგივეა  სამედიცინო მომსახურების ნაწილში, „პირველად ჯანდაცვას“ იმ გაგებით, რაც შენობას უკავშირდება, არავითარი შანსი არა აქვს. აქ უბრალოდ მიმწოდებლის მოთოკვის მცდელობები პერიოდულად იფეთქებს, რაც უმალ განელდება, როცა მომხმარებელთა უკმაყოფილება მმართველი ძალის მხარდამჭერების რიგებს (ამომრჩეველს) საფრთხეს შეუქმნის.

ძალები უთანაბროა. რატომ არ ვეშვებით მაშინ „პირველად ჯანდაცვას“? იმიტომ, რომ მის სისუსტეზე უკეთესს რას დავაბრალოთ, რომ ქვეყანა (ბიუჯეტი თუ მომხმარებელი) სულ უფრო მეტს ხარჯავს სამედიცინო მომსახურებასა და წამლებზე, და არც ჯანმრთელობას ეტყობა რამე, და არც მომხმარებელთა მადის შემცირებას (პირიქით, იზრდება და იზრდება). ყველაზე მარტივია, ახსნა-განმარტებისთვის, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ხსნა „პირველად ჯანდაცვაშია“, მას გაძლიერება სჭირდება, და ქვეყანა მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ორგანიზაციების მხარდაჭერით აგრძელებს „პირველადი ჯანდაცვის“ მხარდაჭერას. სულ ცოტაც და… გადის 4-5 წელი, იცვლებიან ორატორები, მმართველები, გვავიწყდება, „პირველადი ჯანდაცვის“ ფეხზე დადგომას როგორ გვაშორებდა ერთი ნაბიჯი, და თავიდან იწყება წრეზე მოძრაობა (ამჯერად საერთაშორისო ბიუროკრატიისა და ქვეყნის მმართველების ინტერესები მოდის საოცარ თანხვდენაში). და ასე გრძელდება… ილუზიებში ცხოვრება, ფუჭი მოლოდინები, რომ „პირველადი ჯანდაცვა“ შეძლებს აწყვეტილი მოხმარების კალაპოტში მოქცევას ჩვენნაირ ქვეყნებში (პირობითად, ყოფილი „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნებში). ამასობაში ვკარგავთ სიჯანსაღეში გატარებულ წლებს, ვფლანგავთ ფულს ჯანდაცვაზე საუკეთესო სურვილებით (ფული, რომლის ნახევარიც კი სხვა რამეს რომ მოხმარებოდა ბოლო 25 წელი, ახლა სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით).

ბოლოსიტყვაობის ნაცვლად

უნდა დავასრულო.

თქვენ, ალბათ, იკითხავთ, ეგ როგორ? ვისი ბრალია? ან სადაა გამოსავალი („რით ვუშველოთ“)?

რადგან აუცილებელია „ბრალდება“ და „ბრალდებული“, თორემ ამის გარეშე ფუჭი დროის კარგვა გამოდის ამ სიგრძის ბლოგის კითხვა, კი ბატონო – გავიშვერ ხელს „ბრალდებულისკენ“. თუ ამას თქვენით ვერ მიხვდით.

ჩვენი ბრალია. რატომ?

იმიტომ რომ, ჯანმრთელობაზე მეტად ჯანმრთელობის მისახედად მოხმარებას ვანიჭებთ მნიშვნელობას. ვიქეცით მომხმარებელთა („კონსიუმერთა“) საზოგადოებად. არ გვადარდებს, სად და როგორ ვკარგავთ (რას ვსუნთქავთ, რით ვიკვებებით, მივდევთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს) ჯანმრთელობას. მთავარია, როცა დამჭირდება, მიმესვლებოდეს და მიმიწვდებოდეს.

ამით სარგებლობს მოვაჭრეც, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებიც  და ამომრჩევლის მხარდაჭერაზე დამოკიდებული მმართველი ძალაც, სანამ ჰყოფნის ბიუჯეტის ფული (მომსახურებას). წამლების ტვირთი დიდი ხანია, მომხმარებლის მხრებზეა. ამათ გააწონასწორებენ „ოჯახის ექიმები“ პირველადი ჯანდაცვის დროშის ქვეშ?

ჩვენ რომ ჯანმრთელობა გვაინტერესებდეს, ჯერ იმაზე ვიზრუნებდით, და დავხარჯავდით ფულს, რომ ჯანმრთელობა არ დაგვეკარგა. ამის მერე, თუ მაინც მოგვიწევდა დაკარგულის აღდგენა, იმაზე ვიზრუნებდით, რომ ერთი ადამიანისთვის, კლინიკისთვის მიგვენდო ეს საქმე, რომელიც ჩვენსავით დაინტერესებული იქნებოდა მინიმალური ხარჯებით ჩვენი ჯანმრთელობის მაქსიმალურ აღდგენაში (და არა როგორც დღესაა, დაინტერესებული  ჩვენს მაქსიმალურ დანახარჯებში – „რაც ხშირად გავხდებით ავად, მით უფრო მეტი ფული შეუვათ“) .

სანამ ამას არ ვაღიარებთ და მერე არ მოვინდომებთ „თამაშის წესების“, შეცვლას, მანამდე… ჯანმრთელობის სფეროში მომავალს ვუსამარებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს:

  • „პირველადი ჯანდაცვა“ დარჩება მირაჟად, რომელიც მუდმივად ჩანს, მაგრამ ვერასდროს ვუახლოვდებით
  • ჩვენ გავაგრძელებთ სიჯანსაღეში გატარებული სიცოცხლის წლების კარგვას (სამაგიეროდ, კმაყოფილებას ვეწევით მომხმარებლის ჟინის დაკმაყოფილებაში)
  • და საზოგადოების უზარმაზარ რესურსებს გავფლანგავთ არაფრის მომტან მოხმარებაში, იმის ნაცვლად, რომ ეს რესურსები ქვეყნის განვითარებას წასდგომოდა.

 

[1]    თითქოს არსებობს არამთავარი პრიორიტეტი, მაგრამ ასე უფრო დამაჯერებელია, „ლოკაციის მდებარეობისა“ არ იყოს

[2]    ასე ვეძახი policy (public-ის წინ დართვა სულ არ სჭირდება), ან პოლისი უნდა ვთქვათ, ან „საჯარო პოლიტიკა“, რომ ავად სახსენებელ politics-გან განვასხვაოთ

[3]    დახმარებას (care, იგივე помощь) თუ მომსახურებას (service, იგივე услуга)? ოდესღაც შეიძლება ამაში გარკვევაც ვცადოთ… თუ გგონიათ, უბრალოდ სიტყვების თამაშია? მანამდე კი დავაზუსტებ: იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველგან მომსახურებას ვამბობ, როცა სამედიცინო სფეროს პროფესიონალი თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებით მეორე ადამიანის ჯანმრთელობის შესაფასებლად, გასაფრთხილებლად თუ აღსადგენად რამეს აკეთებს (საფასურის სანაცვლოდ თუ ანაზღაურების გარეშე). რა გამოსდის, ეს მეორეა. დახმარება მე მესმის, ადამიანს ხელი გაუწოდო და წამოაყენო. ან დააწვინო. გააჩნია, რას გთხოვს. და, მიუხედავად ამისა, ახლა ტექსტში „დახმარება“ ვახსენე და არა „მომსახურება“.

[4]    https://www.who.int/health_financing/documents/health-expenditure-report-2019.pdf?ua=1

[5]    თუ მეტი გაინტერესებთ, ესტუმრეთ ამ ვებგვერდს და გაეცანით რეალობას – Water, Sanitation and Hygiene (WASH) | UNICEF

[6]    Community health worker – გარკვეულ წრეებში გავრცელებული ტექნიკური ჟარგონია, უკეთესი შესატყვისი ვერ მოვუძებნე. ვითომ მოხალისეები არიან, სოფლის მიერ შერჩეულები, რომლებსაც რაღაც ელემენტარულს ასწავლიან, და „პირველადი მოხმარების“ წამლებით ამარაგებენ, რომ თანასოფლელებს დახმარება გაუწიონ. ზოგან მოხალისეებად რჩებიან, ზოგანაც ცდილობენ „მიამაგრონ“ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას.

[7]    პარალელურად, თანდათანობით ძალას იკრებს სხვა, არაინფექციური დაავადებების, თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური დახმარების გაწევა (ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მოდა, და ა.შ.) – იმ ქვეყნებში, სადაც ხელის დაუბანლობა აქტუალური არაა, და ინფექციების ნაცვლად ნაადრევი სიკვდილის ძირითადი მიზეზი არაგადამდები დაავადებები გახდა.

[8]    ორიგინალში первичная медико-санитарная помощь.

[9]    Gatekeeper-ის ქართული შესატყვისის პოვნის მცდელობა

[10]   პირადად ასე ვთვლი, და კონსპირაციული თეორიების მოყვარულებს რაც გაუხარდებათ, ის დააბრალონ.

გააზიარე

15 კომენტარი

  1. დათო მადლობა, საინტერესოდ იკითხება. უფრო მეტი კონკრეტიკა რომ “ამოვიღო” მსურს რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვით მოგმართო.
    ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს ახალ სტრატეგიას. წარმოვიდგინოთ, რომ მინისტრი ეცნობა აქ გამოქვეყნებულ მასალებს და სურს მათი გათვალისწინება. რა იქნებოდა მისი მისამართით ნათქვამი სამი კონკრეტული გზავნილი?

    პირველი: პრევენციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერება. ანუ, ზრუნვის საგანი უნდა იყოს მოსახლეობისთვის საღი ჯანმრთელობის შენარჩუნება, არა მხოლოდ ინდივიდებისთვის დაზიანებული ჯანმრთელობის გამოსწორება. მკაფიოა, გეთანხმები.

    მინდა გთხოვო რომ მეორე და მესამე გზავნილები უფრო დეტალურად გაშალო.

    სტატიაში მეორე გზავნილად იკვეთება რომ პირველადი ჯანდაცვა სათანადოდ ვერ ასრულებს გეითკიპერის ფუნქციას (ციტატა შემოკლებით: კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები და ნევროლოგები, რომლებსაც პროფესიული ეგოს დაკმაყოფილების გარდა ფინანსური ინტერესი აქვთ ყველა მანიპულაციაში; მეორე მხარეს უბნის ექიმები, რომელთა უმრავლესობის არავის სჯერა (რამდენი იცით თქვენ გარშემო, კანზე გამონაყარს რომ შეამჩნევს, ალერგოლოგის, ინფექციონისტის ან დერმატოლოგის ნაცვლად ოჯახის ექიმთან რომ მირბის?”) ეს სწორად დანახული სიმპტომია. მაგრამ მინისტრს ურჩევდი რომ გააძლიეროს გეითკიპერის ფუნქცია თუ სხვა ალტერნატივა მოძებნოს? თუ გააძლიეროს – როგორ? თუ ალტერნატივა – რა?

    მესამე გზავნილი: “ვიზრუნებდით, რომ ერთი ადამიანისთვის, კლინიკისთვის მიგვენდო ეს საქმე, რომელიც ჩვენსავით დაინტერესებული იქნებოდა მინიმალური ხარჯებით ჩვენი ჯანმრთელობის მაქსიმალურ აღდგენაში (და არა როგორც დღესაა, დაინტერესებული ჩვენს მაქსიმალურ დანახარჯებში – „რაც ხშირად გავხდებით ავად, მით უფრო მეტი ფული შეუვათ“. აქ ორი კითხვა მაქვს:

    1. რას გულისხმობ – ერთი ადამიანი/კლინიკა – რეფორმირებულ პირველად ჯანდაცვას თუ სხვა რამეს? თუ რეფორმირებულს – რა სახით. თუ სხვას – რას?
    2. რას გულისხმობ – ჩვენსავით დაინტერესებული იქნებოდა მინიმალური ხარჯებით – ანაზღაურების მეთოდის შეცვლას? რომლიდან რომელზე?

    მადლობა.

    1. კითხვა №2 „… მინისტრს ურჩევდი რომ გააძლიეროს გეითკიპერის ფუნქცია თუ სხვა ალტერნატივა მოძებნოს? თუ გააძლიეროს – როგორ? თუ ალტერნატივა – რა?“
      არ მაქვს რჩევა. არც სურვილი.

      შენ გექნებოდა gakekeeping-თან ან მოხმარების რაციონალიზაციის სხვე მექანიზმთან დაკავშირებით რჩევის მიცემის სურვილი იმ სახელმწიფოსთვის, რომელმაც ორჯერ ჩააფლავა რეცეპტურის სისტემის დანერგვა და არც სინანული გამოუთქვამს, და არც მიზეზი უძებნია?

    2. კითხვები №3 და №4
      „1. რას გულისხმობ – ერთი ადამიანი/კლინიკა – რეფორმირებულ პირველად ჯანდაცვას თუ სხვა რამეს? თუ რეფორმირებულს – რა სახით. თუ სხვას – რას?
      2. რას გულისხმობ – ჩვენსავით დაინტერესებული იქნებოდა მინიმალური ხარჯებით – ანაზღაურების მეთოდის შეცვლას? რომლიდან რომელზე?“

      სიამოვნებით შევეცდები დავაზუსტო, რას ვგულისხმობდი.

      ვგულისხმობდი managed care-ის ნებისმიერი ფორმის სოლო თუ ჯგუფურ პრაქტიკას – ასეთი იქნებოდა მოკლე პასუხი.

      უფრო დეტალურად (ამ ჟარგონებში ნაკლებად გათვითცნობიერებული მკითხველისთვის): ვგულისმხობდი ექიმს, ან ექიმთა ჯგუფს, რომელსაც ვენდობი და ვანდობ ჩემს ჯანრთელობას, რადგან:
      ა) მე რომ მიყურებენ, ჩემში ადამიანს ხედავენ თავისი შიშებით, სახარულით, ტკივილით, და არა მარცხენა თირკმელს, თორმეტგოჯა ნაწლავს, ან ანემიას.
      ბ) არ გაურბიან პასუხისმგებლობას და ურთიერთობას არ ასრულებენ ბოლო ვიზიტისას და ხელეხლა არ იწყებენ მათთან ყოველ მომდევნო ვიზიტისას.
      გ) სამედიცინო სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან შეხებისას შენს მხარეზე არიან, სხვის უვიცობაზე თვალებს არ ხუჭავენ და შენ არ გაგწირავენ მხოლოდ იმიტომ, რომ იმათ კოლეგას არ ეწყინოს. მოკლედ, არავის გააწეწინებენ შენს თავს, და უსაგნო კვლევებსა თუ მკურნალობაზე დროს და ფულს არ დაგაკარგვინებენ.
      დ) რაც მთავარია, ისინი იმაში იღებენ ანაზღაურებას, რომ შენ ჯანმრთელი იყო. ერთ სულზე (per capita) ანაზღაურება, კარგად დაბალანსებული გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოტივაციებით და ფინანსური რისკების განაწილებით. სამწუხაროდ, საქართველო (და ბევრი ჩვენნაირი ქვეყანა) per capita ანაზღაურების სრულ პროფანაციას ეწევა პირველი დღიდან. და ვაგრძელებთ ასეთივე შემართებით.

  2. ‘გიორგი, გმადლობ კითხვებისთვის. შევეცდები რიგ-რიგობით გავცე პასუხი.

    კითხვა №1: „რა იქნებოდა მისი [მინისტრის] მისამართით ნათქვამი სამი კონკრეტული გზავნილი?“
    აზრადაც არ გამივლია გზავნილების მომზადება.
    დამეფიქრებინა მკითხველი, გაეაზრებინა ხელახლა „პირველა ჯანდაცვა“ და დასკვნა თავად გამოეტანა (ღირს თუ არა „წყლის ნაყვა“) – ეს იყო ერთადერთი სურვილი, რაც ამ ბლოგის წერისას მამოძრავებდა.

    1. მინისტრი იქეთ იყოს, ჩვენ ვიმსჯელოთ, გამოსავლის შესახებ. რასაც შენ აღწერ – managed care-ის სოლო/ჯგუფურ პრაქტიკას – ეს წააგავს integrated people-centered primary health services ჩარჩოს. WHO ამზადებს უკვე დიდი ხანია, იმედია მალე დაბეჭდავენ. ეთანხმები ალბათ რომ managed care თავისთავად არ გამორიცხავს PHC-ს . ანუ, წყლის ნაყვა არის PHC-ის არასწორი ოპერირება და არასწორი რეფორმა, რაც აქ ხდება, თუმცა თვითონ PHC საჭიროა როგორც სერვისის მოწოდების ფორმა, მაგრამ შეცვლილი სახით. შესაბამისად მისი გაუმჯობესება აუცილებელია. ასეა? თუ კი, მაშინ ვიმსჯელოთ პრიორიტეტულ ინტერვენციებზე. თუ არა, მაშინ განვმარტოთ ალტერნატივა.

      1. გიორგი, managed care გენეტიკური კოდით WHO-ს გამოყვანილი ჰიბრიდი თუ სხვა რამ – ეს ტექნიკური საკითხია. უდაოდ საინტერესო. მაგრამ არ მჯერა, რომ ამ ბოლოდან საქმის გამოსწორება რამეს შეცვლის.
        ამ მიდგომისთვის არსებითია რომ მომსახურების მიმწოდებლის და მომხმარებლის ინტერესების ვექტორი (ა) ემთხვეოდეს და (ბ) ჯანრრთელობის შენარჩუნებას (და აღგდენას) ემსახურებოდეს.
        დღესაც ემთხვევა ეს ვექტორი, მაგრამ მიმართულია არა ჯანმრთელობაზე, არამედ მოხმარებაზე. ანუ… თუ რამის შეცვლა გვინდა, საფიქრალი ისაა, როგორც გავაგებინოთ მოხმარების ჟინით შეპყრობილ ადამიანებს, რომ მათ ქცევას არაფერი აქვს საერთო მაც ჯანმრთელობასთან. მომსახურების მიმწოდებლების „გადაპროგრამება“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ ესმით და უჭერენ მხარს ვაქცინაციას, კიდევ უფრო რთული იქნება. მაგრამ შესაძლებელია. მინიმუმ 15-20 წელი დაჭირდება, ისიც თანმიმდევრული ძალისხმევით.
        შენ გჯერა რომ ამ ქვეყანაში ვინმეს ადარდებს ერთი წლის მერე რა იქნება? 🙂

  3. დათო და გოგა, დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის და დისკუსიისთვის. მეტად საინტერესო წასაკითხი იყო და სრულად ვიზიარებ დასმულ დიაგნოზს და ასევე შესაძლო მკურნალობის ტაქტიკას – managed care. იმედი მაქვს რომ სხვა კომენტარებიც იქნება და სხვებიც ჩაერთვებიან ამ დისკუსიაში, განსაკუთრებით მაშინ როცა სწორედ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მიდის საუბარი ქვეყანაში (და არა მარტო). ამ ეტაპზე მე ჯერ დამკვირვებლის ფუნქციას მოვირგებ რომ დისკუსიით ვისიამოვნო.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *