პირველი SMS-ი NFT-ის ფორმით $150 ათასად გაყიდა

პირველი SMS-ი NFT-ის ფორმით $150 ათასად გაყიდა

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Vodafone-მა პარიზში გამართულ აუქციონზე პირველი ტექსტური შეტყობინება NFT-ის ფორმით დაახლოებით 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ეთერიუმად გაყიდა. როგორც ცნობილია, კომპანია აღნიშნულ თანხას იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადასცემს.

მსოფლიოში პირველი SMS-ი 1992 წლის 3 დეკემბერს პროგრამისტ ნილ პაპვორტისგან რიჩარდ ჯარვისმა მიიღო, რომელიც იმ დროს Vodafone-ის დირექტორი იყო. ტექსტური შეტყობინება ასე იკითხება: „Merry Christmas“. სწორედ აღნიშნულმა SMS-მა ჩაუყარა საფუძველი მსოფლიოში კომუნიკაციის მსგავს ფორმას.

CNN-ის ინფორმაციით, აუქციონის ანონიმი გამარჯვებული SMS-ის საკომუნიკაციო პროტოკოლის ასლს მიიღებს. მას ასევე გადაეცემა ავთენტურობის სერტიფიკატი და ციფრული ჩარჩო, რომელიც ტექსტური შეტყობინების ტელეფონზე მისვლის პროცესს სამგანზომილებიანი ანიმაციის სახით აჩვენებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დეკემბერში Wikipedia-ს პირველი რედაქტირების NFT Christie’s-ის აუქციონზე 750 ათას აშშ დოლარად შეიძინეს. 2021 წლის დასაწყისში კი გლობალური საინფორმაციო ინტერნეტსისტემა World Wide Web-ის შემქმნელმა, ტიმოთი ბერნერს-ლიმ მსოფლიოში პირველი ვებბრაუზერის კოდი NFT-დ აქცია და ივნისში Sotheby’s-ის  აუქციონზე 5.4 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *