ბრიტანულმა როკჯგუფმა Placebo-მ თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბენდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. შეგახსენებთ, კონცერტი Mono Hall-ის ორგანიზებით რადიო ქალაქის სივრცეში 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, Placebo არც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში 8 სექტემბერს დაგეგმილ Park Live Festival-ზე გამოვა. ჯგუფს ამის მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა როგორც Placebo-ს წევრები აღნიშნავენ, გადაწყვეტილება დამაჯერებელი გარემოებების გამო მიიღეს, რაც ორგანიზატორების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული არ არის.
რაც შეეხება თბილისს, ბრიტანული ჯგუფი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი პრომოუტერების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შექმნილმა ვითარებამ საქართველოს დედაქალაქში კონცერტის გამართვა ლოგისტიკურად შეუძლებელი გახადა.
„ძალიან ვწუხვართ იმ იმედგაცრუებისთვის, რაც შესაძლოა ამან გამოიწვიოს. დიდ ბოდიშს ვუხდით ყველა ჩვენს გულშემატკივარს ყაზახეთსა და საქართველოში [კონცერტების] გვიან ეტაპზე გაუქმებისთვის. ასევე ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შორიდან მოგზაურობა დაგეგმა.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ეს შესაძლებელი იქნება.
გმადლობთ გაგებისთვის.
ბრაიანი და სტეფანი“, – წერია განცხადებაში.
Placebo ლონდონში, 1994 წელს, ვოკალისტ და გიტარისტ ბრაიან მოლკოსა და გიტარისტ-ბასისტ სტეფან ოლსდალის მიერ ჩამოყალიბდა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე ჯგუფმა რვა სტუდიური ალბომი ჩაწერა და 14 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო.