ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა დაიწყო. სავარაუდოდ, პარლამენტში კანონპროექტს კენჭს დღესვე უყრიან.
შეგახსენებთ, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „რუსულ კანონს“ მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ სხდომა სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა და მასზე დასწრება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს.
პლენარული სხდომა პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე იმართება, რომლის მონაწილეებიც „რუსული კანონის“ მიღებას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ დღეში პროტესტს 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი შეუერთდა. მათი განცხადებით, სასწავლო პროცესს „რუსული კანონის“ გაწვევამდე არ დაუბრუნდებიან.
ცნობისთვის, კანონპროექტი მიღებულად რომ ჩაითვალოს, მას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი სამი მოსმენით უნდა დაუჭირონ. მიღების შემთხვევაში ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.