PMC საქართველოში საზღვაო თევზჭერის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს

PMC საქართველოში საზღვაო თევზჭერის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს

კვლევითი ცენტრი PMC საქართველოში საზღვარო თევზჭერის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში თევზჭერის კლასტერი ძირითადად ფოთშია წარმოდგენილი – შავ ზღვაში მეთევზეთა მთავარ სამიზნე სახეობას ევროპული ანჩოუსი წარმოადგენს, რომელიც დაჭერილი თევზის საერთო მოცულობის დაახლოებით 95%-ს შეადგენს. უმი თევზის უდიდესი ნაწილი, ძირითადად, თევზის ქონად და ფქვილად გადამუშავდება, რომელიც შემდგომ ექსპორტზე გადის.

თევზჭერის საერთო მოცულობის თითქმის 88% ლიცენზიის მქონე ხუთ მსხვილ კომპანიაზე მოდის. ბაზარზე ასევე 15-მდე მცირე ზომის კომპანია ოპერირებს. ექსპორტის უდიდესი ნაწილი (67%) თურქეთში გადის, თუმცა გარკვეული წილი ექსპორტში ევროკავშირის ბაზარსაც უჭირავს.

2015 წლიდან მოყოლებული, თევზის ქონის ექსპორტი ყოველწლიურად დაახლოებით 9.3%-ით იზრდება, თევზის ფქვილის კი – 6.7%-ით. საერთო ჯამში, 2021 წელს საქართველოდან 16.9 მილიონი დოლარის ღირებულების თევზის ფქვილის ექსპორტი განხორციელდა, ექსპორტზე გატანილი თევზის ქონის მოცულობა კი 9.8 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო მაჩვენებლები ყველაზე მაღალი 2020 წელს იყო, მაშინ საქართველოდან უცხოეთში 20.5 მილიონი დოლარის ღირებულების თევზის ფქვილი გავიდა, ექსპორტზე გატანილი თევზის ქონის ღირებულება კი 17.2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

PMC-ის შეფასებით, ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერითაა განპირობებული, რომლის მიზანიც შეღავათიანი სესხებითა და საკრედიტო-საგრანტო პროგრამებით საზღვაო სექტორის სტიმულირებაა.

„საზღვაო თევზჭერის სექტორის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ფლოტის განახლების აუცილებლობაა. თუმცა ამ გამოწვევის დასაძლევად საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა. საზღვაო თევზჭერა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებს დაემატა, რითაც სექტორს სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღების საშუალება მიეცა“, – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *