ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოში რუსული სტილის „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონის შემოღებაზე არიან პასუხისმგებელნი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს. გამოცემა POLITICO, კანონპროექტის დრაფტზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების პაკეტი მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. POLITICO-ს ინფორმაციით, კანონპროექტი კონგრესს წარედგინება.
დრაფტის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკისკენ მიისწრაფვის“, რაც ქვეყნისთვის „მზარდად არალიბერალურ შემობრუნებას“ ნიშნავს. კანონპროექტი დასძენს, რომ მთავრობა „ღიად დაესხა თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას“ და ხაზს უსვამს საქართველოს კავშირების დაახლოებას რუსეთთან და ჩინეთთან.
POLITICO-ს ინფორმაციითვე, სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი ჯო ვილსონი კანონპროექტს ორშაბათს წარადგენს. კანონპროექტის პირობები ამერიკელ მაღალჩინოსნებს ავალდებულებს, აცნობონ კონგრესს „არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ საქართველოში“, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მოქმედი რუსული და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ.
„დემოკრატიის დაცვისა და უზრუნველყოფისთვის“ კანონპროექტის დრაფტი სანქციებს ითვალისწინებს იმ პირებისთვის, რომლებსაც „პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში დემოკრატიული პროცესების, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაზიანებასთან“. გარდა ამისა, სანქციები მოიცავს სავიზო აკრძალვების დაწესებასაც როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის და მიმართულია კონკრეტულად იმ პირებისკენ, რომლებიც საქართველოში „რუსული ტიპის უცხო ქვეყნის აგენტების კანონმდებლობის“ მიღებაში მონაწილეობენ.
კანონპროექტის მიხედვით, სანქციები შეეხება აქციების ძალადრობივი გზით დარბევაში მონაწილე სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებსაც. გარდა ამისა, სენატში წარსადგენი დრაფტი ყურადღებას ამახვილებს ათიათასობით დემონსტრანტის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. საუბარია აქტივისტებისა და პოლიტიკოსებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაკავებებზე.
შედეგებზე, რომლებიც ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღებას მოჰყვებოდა, თბილისში ვიზიტით ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ო’ბრაიენმაც ისაუბრა. ო’ბრაიენი პოტენციური სანქციების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის ნორმების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ-ის მხრიდან ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვები შეეხება ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებსა და მათი ოჯახის წევრებსაც. თუმცა ო’ბრაიენმა განმარტა, რომ სანქციების დაწესება აშშ-ის სურვილს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ მესამე მოსმენით 14 მაისს დაამტკიცა. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 30.
მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ე.წ. „აგენტების კანონი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნა. გუშინ ზურაბიშვილმა, რომელიც კანონპროექტის მიღებას მტკიცედ ეწინააღმდეგება, კანონში მხოლოდ ერთი შესწორება შეიტანა. პრეზიდენტმა ბოლო პუნქტად ერთი წინადადება მიამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაში“. სხვა მხრივ, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის გაუქმება უალტერნატივოა და „ქართულ ოცნებასთან“ ყალბ მოლაპარაკებებში შესვლას არ განიხილავს.
POLITICO იმ დაბრკოლებებზეც საუბრობს, რომლებიც საქართველოს შესაძლოა კანონის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე შეექმნას. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას კანონის უკან წაღებისკენ ბრიუსელმაც მოუწოდა. გამოცემის შეფასებით, მიუხედავად ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების განუხორციელებლობისა, ევროკავშირისგან საქართველომ, დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლო.
POLITICO-ს სტატიის მიხედვით, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები საქართველოს ანტიდასავლურ კურსში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ყოფილ პრემიერსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, რომელმაც ქონების დიდი ნაწილი რუსეთში დააგროვა. გამოცემა სამთავრობო აქციაზე ივანიშვილის გამოსვლასაც შეეხო და მის მიმართვას, „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებით, კრემლის სტილის პროპაგანდის გამოძახილი უწოდა.