ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა“. სტატიაში Politico ივანიშვილის წარსულს, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საქართველოში, შაბათს გასამართ არჩევნებამდე, არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
შედარებისთვის, გამოცემა სტატიას კონკრეტული ციფრებით იწყებს. როგორც Politico წერს, ბიძინა ივანიშვილის, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ქონება $7.6 მილიარდადაა შეფასებული (Forbes-ის მიხედვით, $4.9 მილიარდი), რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედია. მაშინ როდესაც, Bloomberg-ის ინდექსით, მსოფლიოს 14 უმდიდრესი ამერიკელის კოლექტიური ქონება ამერიკის შეერთებული შტატების წლიური ეკონომიკური წარმოების დაახლოებით 7.5%-ია.
ამის შემდეგ კი Politico სვამს კითხვას: „როგორ მოახერხა ივანიშვილმა – მეტალებისა და ბანკების ყოფილმა მაგნატმა, რომელსაც დიდი ხნის კავშირები აქვს მოსკოვთან – მოეპოვებინა ამხელა ძალაუფლება რევოლუციური სულისკვეთებით ცნობილ ქვეყანაში?“
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა, რომელიც ერთ-ერთ ღარიბ სოფელში დაიბადა, ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში, 90-იან წლებში დააგროვა. ელექტრონიკის გაყიდვასთან ერთად, Politico სტატიაში ივანიშვილის მიერ დაარსებულ ბანკს, Rossiyskiy Kredit-საც მოიხსენიებს, რომლის სათავო ოფისიც მოსკოვში მდებარეობდა.
Politico კონკურენტებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ, ამავე პერიოდში, ივანიშვილის ძმის გატაცების შემთხვევასაც იხსენებს და წერს, რომ ახალგაზრდა ოლიგარქმა მაშინ დასახმარებლად „სხვა ბანდას: რუსეთის მთავრობას“ მიმართა.
„როგორც წესი, 90-იანებში უშიშროების სამსახურებთან ასეთი თანამშრომლობა უწყვეტ ვალდებულებას ნიშნავდა. თუ თქვენ ითანამშრომლებთ მთავრობასთან ან უსაფრთხოების სამსახურებთან, ისინი არასოდეს გაგიშვებენ თვალთახედვიდან”,- აღნიშნავს გამოცემასთან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წამყვანი ექსპერტი ირინა ბოროგანი.
Politico საქართველოში ივანიშვილის პოლიტიკურ წარსულსა და აწმყოსაც ეხება და წერს, რომ 68 წლის ოლიგარქის მმართველობა ქვეყანაში 10 წელზე მეტია, რაც გრძელდება. ხოლო მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნებით, საქართველო ბევრის აზრით მკაფიო არჩევანს აკეთებს რუსეთსა და დასავლეთს შორის, „ივანიშვილი უფრო მეტად განიხილება, როგორც ძალა, რომელსაც საქართველო ევროკავშირის ორბიტიდან გამოჰყავს“.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლების მიმოხილვისას, Politico მილიარდერის საქველმოქმედო საქმიანობასაც ეხება და წერს, რომ თავად ივანიშვილის მტკიცებით, მან „თითქმის მილიარდი გაიღო ფილანთროპიული საქმიანობებისთვის, მათ შორის საჯარო ინფრასტრუქტურისა და კულტურული ძეგლების დასაფინანსებლად“. Politico-ს შეფასებითვე, ყველა კარგ მმართველს ესმის სიმდიდრის გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, სადაც წლიური მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 6674 დოლარია.
Politico-ს მიერ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის შესაფასებლად, გამოცემას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარიც მოჰყავს. როგორც Politico წერს, ივანიშვილის დროს ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებული გახდა ერთ ხელში. „მინისტრებს, მათ შორის პრემიერს, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რადგან გადაწყვეტილებები ივანიშვილის მიერ უნდა დამტკიცდეს“, – ციტირებს გახარიას სიტყვებს Politico.
ამერიკულ გამოცემას ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშიც მოჰყავს, რომელიც მმართველ პარტიასა და ქვეყნის საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე (განსაკუთრებით, სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებზე) ივანიშვილის შიდა კონტროლის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ „მთავრობის ყველა ძირითადი წევრი და პარტიის წარმომადგენლები მასზე არიან დამოკიდებული“.
Politico საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებსაც ეხება, მათ შორის წერს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, ქვეყანაში გამართულ დემონსტრაციებსა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო განცხადებებზე. სტატიაში ვკითხულობთ, რომ წლევანდელ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საპარლამენტო ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების პირობა დადო.
Politico ივანიშვილის „რუსული სტილის პროპაგანდის“ განცხადებებსაც იხსენებს, მათ შორის მეორე ფრონტის გახსნასა და „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოცემა სტატიაში წერს, რომ ივანიშვილი დასავლეთს LGBTQ+-პროპაგანდის გამტარებლად მოიხსენიებს და მოჰყავს ივანიშვილის ბოლო ინტერვიუც „პროსამთავრობო მედიასთან“ და ციტირებს მილიარდერის სიტყვებს „მამაკაცების ჰიგიენურ ხელსახოცებთან და მამაკაცის რძესთან დაკავშირებით“.
სტატიის დასასრულს, Politico წერს, რომ „აგენტების კანონი“ და დემონსტრაციების დარბევა, მმართველი პარტიის ევროინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით დასავლეთში ეჭვებს აჩენს, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციებიც მოწმობს.
ამერიკულ გამოცემას, ჟოზეპ ბორელის სიტყვებიც მოჰყავს, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებს „გადამწყვეტი ტესტი“ უწოდა საქართველოსთვის, ევროკავშირსა და დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.