პოლიტიკური კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები

პოლიტიკური კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები

17 იანვარს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა Freebusiness.ge-ის კონფერეცია არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორების საპასუხო მკაცრი ნაბიჯების ქართულ ეკონომიკაზე პოტენიცური გავლენის შეფასება და მოსალოდნელი სცენარების განხილვა იყო.

 

Freebusiness.ge-ის კონფერენცია პლატფორმის შემქმნელის, გიორგი ჩუგოშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგიმ აღნიშნა, რომ პლატფორმაზე „მხარდამჭერად“ დარეგისტრირებული ბიზნესების რიცხვმა, მისი ამოქმედებიდან, 15 დეკემბრიდან ახალ წლამდე, 2 428-ს მიაღწია. შეგახსენებთ, თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა ახალი არჩევნების დანიშვნისა და პროევროპული პროტესტის დროს დაკავებულთა ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო შეიქმნა.

ჩვენი ქვეყნისთვის პირველი ღირებულება არის – ძალა ერთობაშია. ბიზნესი უნდა იყოს ერთად, ბიზნესსაზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ეს კრიზისი ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა გადავლახოთ. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. ის აგენერირებს დოვლათს, იხდის გადასახადებს და როდესაც ქვეყანაში რაღაც ისე არ ხდება, არ უნდა ეშინოდეს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და თქვას, რომ ეს არ მომწონს,“ – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ მთავრობა როგორც ხალხის, ასევე ბიზნესის მიმართ ანგარიშვალდებულია.

ამის შემდეგ, კონფერენციაზე დამსწრეებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს მმართველმა პარტნიორმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მიმართა. მან შექმნილ ვითარებაში ბიზნესის როლზე გაამახვილა ყურადღება და მას შიშის გადალახვისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

ჩვენი მიზანია, [მთავრობას] მოვთხოვოთ პასუხი, რა სტრუქტურით მუშაობს ქვეყანა? რაში ვიხდით ფულს? მთელი ჩემი კომპანიებიდან 320 მილიონს ვიხდი ბიუჯეტში.. ძალიან გთხოვთ ყველას, ბიზნესემენს, რომლებიც აქ არ არიან, ჩვენი პოზიცია სახელმწიფოში უნდა დაფიქსირდეს. სახელმწიფო არსებობს თქვენი ჭკუით, თქვენი შრომით, თქვენი ინტელექტით, თქვენი ტექნოლოგიებით. სახელმწიფოს სიმდიდრე ხართ თქვენ,“ – აღნიშნა გამოსვლის ბოლოს თემურ ჭყონიამ.

კონფერენციის მომდევნო ეტაპი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის გამოსვლას დაეთმო, თემაზე: „საქართველოს ეკონომიკა: მოსალოდნელი ტენდენციები 2025-2026 წლებში“. მან აუდიტორიას თავისი საკონსულტაციო კომპანიის, Reformatics-ის მიერ მომზადებული ეკონომიკური ანალიზი გააცნო, რომელიც სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში პოროგნოზებს წარმოადგენდა.

როგორც ნიკა გილაურმა გამოსვლის დროს აღნიშნა, საქართველოს მიერ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის კუთხით მიღწეული შედეგები ერთჯერადი ფაქტორებით არის განპირობებული და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ფულის შემოდინების ზრდას უკავშირდება. მისი განმარტებით, ზრდის აქსელერაცია ეკონომიკურ პოლიტიკასთან არ იყო დაკავშირებული და ამაზე ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითებიც მეტყველებს.

ნიკა გილაურმა სხვადასხვა სცენარის მიხედვით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზებიც შემოგვთავაზა. მის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, თუ პოლიტიკური დაძაბულება არ განიმუხტება და ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია გაღრმავდება, 2025 წელს მშპ-ის რეალური ზრდა -3.4%-ს შეადგენს, 2026 წლისთვის კი – -3.7%-ს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ფული, ძირითადად, ევროპიდან და ამერიკიდან შემოდის, კრიზისულ ვითარებაშიც სწორედ იქ წარმოდგენილი ფინანსური ინსტიტუტებინ გვეხმარებიან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპასა და აშშ-ს ჩამოშორდება ამ ფულად ნაკადებთან ერთად კრიზისულ ვითარებაში ფინანსურ მხარდჭერასაც დაკარგავს, ეს კი ეკონომიკის შეკუმშვას გამოიწვევს, რაც ლარის გაუფასურებასა და ინფლაციაზე აისახება. ვალუტის მოხმარების დასაბალანსებლად რეკორდული მოცულობის რეზერვი უკვე გაიყიდა, რის გამოც მომავალში სტაბილურობის შენარჩუნება გართულება და პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური შედეგები უფრო თვალნათელი გახდება.

ნიკა გილაური საუბრის ბოლოს საქართველოს, როგორც დასავლეთისა და შუააზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას, იმის ფონზე, რომ რუსეთი და ირანი სანქცირებულია.

საქართველო შეიძლება გახდეს კარიბჭე, რომელიც დააკავშირებს ამ უმდიდრეს რეგიონს დასავლეთთან. საუბარია მინიმუმ $65 მილიარდზე წელიწადში, რაც ადრე ნოვოროსისკის პორტსა და რუსულ კომპანიებზე გადიოდა და რისმა ნაწილმაც შეიძლება საქართველოზე გაიაროს“, – აღნიშნა გილაურმა.

ამის შემდეგ, ეკონომიკური რისკების შესაფასებლად პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიორგი ხიშტოვანმა (PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი), ზვიად ჭუმბურიძემ (EUGBC-ის გენერალური მდივანი), გიორგი პაპავამ (ISET კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი) და ნიკა გილაურმა (Reformatics-ის მმართველი პარტნიორი) მიიღეს, მოდერატორი კი BMG-ის გენერალური პროდიუსერი, გიორგი ისაკაძე იყო. პანელური დისკუსიის ბოლოს აუდიტორიას მისი მონაწილეებისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა. ამ ფორმატში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის აუცილებობას ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში Freebusiness.ge-ის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა ყურადღება. დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა, რომ პლატფორმამ არსებობა უნდა გააგრძელოს, პოლიტიკური ვითარების განსამუხტად და ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად კი მისმა წევრმა ბიზნესებმა ახალი ინიციატივები წამოჭრას, მათ შორის დე ფაქტო მთავრობისადმი განახლებული, უფრო მკაცრი მიმართვა მოამზადოს.

Freebusiness.ge-ის პლატფორმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პასუხად შეიქმნა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წარმოქმნილ საპროტესტო ტალღას, ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმამ უფრო ძლიერი მუხტი შესძინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში უწყვეტი აქციები დაიწყო, რომლებმაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.

ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა საპოლიციო ძალებმა აქციები ძალადობრივი მეთოდებით არაერთხელ დაარბიეს, რა დროსაც დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაშავდნენ. აქციების დაშლისას ასობით მოქალაქე დააკავეს, რომელთა ნაწილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

სამართალდამცველების ძალადობრივმა ქმედებებმა და „ქართული ოცნების“ გულგრილობამ ქუჩაში უფრო მეტი ხალხი გამოიყვანა. შექმნილ ვითარებაში კი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბიზნესები მოექცა – სექტორი, რომელზეც ქვეყნის ბიუჯეტი დგას და რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს პარტიების (განსაკუთრებით, მმართველი პარტიის) დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

მოქალაქეებთან ერთად პროტესტს არაერთი ბიზნესკომპანია შეუერთდა, რომლებმაც მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა და დემონსტრანტებზე ძალადობა დაგმო. ამ განცხადებების ნაწილს მედიამ თავი მოუყარა, თუმცა იმისთვის, რომ „ამბოხებული“ ბიზნესების ხმა არ დაკარგულიყო და ნებისმიერ დროს შეგვძლებოდა გაგვეგო, თუ სად იდგა ესა თუ ის კომპანია ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო პერიოდში, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა პლატფორმა Freebusiness.ge შექმნა.