მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, პოლონეთი, რუსეთთან ომში უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი, მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას წყვეტს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, განაგრძობდა თუ არა პოლონეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ უკრაინას საკუთარ შეიარაღებას აღარ გადასცემენ, რადგან ამჟამად პოლონეთის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა მიმდინარეობს. თუმცა მან განმარტა, რომ პოლონეთის მთავრობას უკრაინის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების განზრახვა არა აქვს. სწორედ ამიტომ პოლონეთი არ ჩაერევა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისათვის პოლონეთის გავლით იარაღის მიწოდების პროცესში. მოგეხსენებათ, პოლონეთი უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების ერთ-ერთი ჰაბი გახლავთ. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი აღნიშნული ტრანზიტებით ფინანსურ მოგებასაც იღებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ერთად პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს შეზღუდვები დაუწესა მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ევროკომისიამ გასულ კვირას გააუქმა. პოლონეთის მთავრობის განმარტებით, ამის მიზანი ადგილობრივი ფერმერების შესაძლო ზიანისგან დაცვაა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
საინტერესოა, რომ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პოლონეთის საგარეო უწყებაში განმარტებებისათვის უკრაინის ელჩი დაიბარეს. ზელენსკიმ სიტყვით მიმართვისას, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო სოლიდარობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ამ სახელმწიფოებში კი მათაც გულისხმობდა, ვინც უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვები შემოიღო.