პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, მედიის საკუთრებასთან დაკავშირებულ სადავო კანონს ვეტო დაადო. წესდების მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, ახალი კანონი მიზნად ისახავდა იმ მედიასაშუალებების გაჩუმებას, რომლებიც მთავრობის საქმიანობას ხშირად აკრიტიკებენ.
კანონის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, აშშ-ში დაფუძნებულ Discovery ჯგუფს საინფორმაციო ქსელ TVN24-ში თავისი წილის გაყიდვა მოუწევდა. ოფიციალური პირების მტკიცებით, კანონი მიზნად ქვეყანაში მტრული სახელმწიფოების გავლენის შეზღუდვას ისახავდა. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS), ამტკიცებს, რომ უცხოური კორპორაციები პოლონურ მედიაზე ზედმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობენ, რის გამოც მათ თვის დასაწყისში პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას, ამ ნაბიჯით, პოლონეთში ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო არხსა და ქსელ TVN24-ზე თავდასხმა სურდა, რადგან მათი რეპორტიორები კონსერვატიული მთავრობის საქმიანობას ხშირად აკრიტიკებენ. TVN24-ის მშობელი ფირმა TVN-ია, რომელიც ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის საშუალებით Discovery-ის ეკუთვნის, რათა თავიდან აიცილოს ის შეზღუდვები, რომელთაც არაევროპული ორგანიზაციები, პოლონური მედიის მინიმუმ 49%-იანი წილის მფლობელობის შემთხვევაში აწყდებიან.
პოლონეთის პრეზიდენტმა, რომელსაც მმართველი პარტია „PiS“-ის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, განაცხადა, რომ ის აფასებს მთავრობის მცდელობას, დაიცვას ქვეყანა ისეთი მტრებისგან, როგორიც, მაგალითად, რუსეთია, თუმცა ხაზს უსვამს იმ შეშფოთებას, რომელიც საკუთრების უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა. მან ასევე დასძინა, რომ შეუძლებელია არსებული ბიზნესშეთანხმებებისა და საინვესტიციო ხელშეკრულებების რეტროსპექტულად გამოყენება.
ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პოლონეთს დაფიქრებისკენ მოუწოდა, სანამ ისეთ კანონმდებლობას შემოიღებდა, რომელიც მათ მიმართ ინვესტორთა ნდობას მნიშვნელოვნად შელახავდა. გარდა ამისა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ პირობა დადო, რომ ბლოკი მიიღებდა ზომებს ნებისმიერი კანონის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.