პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 50.89%-იანი მხარდაჭერით, ოპოზიციის კანდიდატმა, ევროსკეპტიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკის ოპონენტმა, ვარშავის მერმა და დონალდ ტუსკის მთავრობის მოკავშირე რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმათა 49.11% მიიღო. მანამდე ეგზიტპოლების შედეგებით, არჩევნების მეორე ტურს ვარშავის მერი მცირე უპირატესობით ლიდერობდა.

42 წლის ნავროცკი ევროსკეპტიკოსი ისტორიკოსია, რომელიც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. კაროლ ნავროცკის საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში პოლონელებისთვის სხვა ეროვნებებთან, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან შედარებით, უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ნახევრად-საპარლამენტო სახელმწიფოა და ძირითად ძალაუფლებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ფლობს, პრეზიდენტს ვეტოს უფლება აქვს და წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს.

კაროლ ნავროცკი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, კანონისა და სამართლის პარტიის (PiS) წარმომადგენელია. არსებობს მოლოდინი, რომ ნავროცკი მისი წინამორბედის, ანდჟეი დუდას პოლიტიკას გააგრძელებს და ოპონირებას გაუწევს სასამართლო რეფორმასა და აბორტის უფლების ლიბერალიზაციას.

პოლონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აქტივობამ 71.31% შეადგინა. „მადლობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის! ასეთი აქტივობისთვის. თქვენი მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის. პოლონეთზე ზრუნვისთვის. ვულოცავ გამარჯვებულს!“ – განაცხადა პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.