პორტუგალიის დროებითმა მთავრობამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კანონიერი ნებართვისა და ავტორიზაციის გარეშე მცხოვრებ დაახლოებით 18,000 უცხოელს პორტუგალიიდან გააძევებენ.
პორტუგალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ანტონიუ ლეიტანუ ამარუს თქმით, ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობა არალეგალ მიგრანტებს ოფიციალურ შეტყობინებას გაუგზავნის, რომელიც მათ ქვეყნიდან წასვლას დაავალდებულებს. მისივე განცხადებით, საწყის ეტაპზე ხელისუფლება დაახლოებით 4,500 არადოკუმენტირებულ მიგრანტს სთხოვს, რომ 20 დღეში ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვონ.
„პორტუგალიამ უნდა გადახედოს დეპორტაციის სისტემას, რომელიც პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს“, – განაცხადა ანტონიუ ლეიტანუ ამარუმ ადგილობრივ პრესასთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება პორტუგალიაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების წინ გამოცხადდა — კენჭისყრა 18 მაისს ჩატარდება.
ანტონიუ ლეიტანუ ამარუს თქმით, პორტუგალია ევროპის სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც ყველაზე იშვიათად ხდება იმ უცხოელების დეპორტაცია, რომლებსაც წესების დარღვევისთვის, მათ შორის უსაფრთხოების მიზეზებით, ქვეყნის დატოვების მითითება მისცეს.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ის მარტში პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ დანიშნა, მას შემდეგ, რაც მის მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მონტენეგრო საოჯახო იურიდიულ ფირმასთან დაკავშირებით ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტში დაადანაშაულეს. ბრალდებების თანახმად, ფირმა გადახდებს იღებდა კომპანიისგან, რომელსაც მთავრობამ აზარტული თამაშების მსხვილი კონცესია მიანიჭა.
პრემიერის თქმით, მან ვადამდელი არჩევნები სწორედ იმისთვის გამოაცხადა, რომ „გაურკვევლობა გაეფანტა“, თუმცა ოპოზიციამ მისი ჩამოშორება სხვა გზითაც შეძლო — პარტიებმა ძალები გააერთიანეს და უნდობლობის ვოტუმით მთავრობა დაშალეს. მონტენეგროს ორპარტიული კოალიცია პარლამენტში მხოლოდ 80 ადგილს ფლობდა 230-დან. მის წინააღმდეგ კი ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალისტები და ულტრაკონსერვატიული პარტია „ჩეგა“ გაერთიანდა, რომლებიც ჯამში 128 მანდატს ფლობენ.