გუშინ, პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს 13-დან 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით. პორტუგალიური კანონპროექტის თანახმად, სოციალური მედიაპლატფორმების გამოსაყენებლად აღნიშნული ასაკის მოზარდებს მშობლების თანხმობა დასჭირდებათ.
პორტუგალიის მაგალითი ევროპაში სოციალური მედიის უარყოფითი გავლენის კონტროლის ერთ-ერთი პირველი კონკრეტული ზომაა. კანონპროექტის ავტორები პორტუგალიის მმართველი პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანონმდებლები არიან.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა საჭიროა ბავშვების კიბერბულინგისგან, ძალადობრივი კონტენტისა და სხვა საფრთხეებისაგან დასაცავად.
კანონპროექტის თანახმად, სპეციალური სისტემის DMK-ის გამოყენებით, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოზარდებს კონკრეტული პლატფორმის გამოყენების უფლება მისცენ. ცნობისათვის, პორტუგალიაში უკვე არსებობს სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვა და ის 13 წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის, ვიდეო- და ფოტოგაზიარების პლატფორმების, ასევე ონლაინ-ბეთინგ საიტების გამოყენებას კრძალავს.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საჭირო იქნება ასაკობრივი ვერიფიკაციის გავლაც კონკრეტული სოცმედიაპლატფორმის გამოსაყენებლად.
სოციალური ქსელების 15 წლამდე ასაკის პირებისათვის აკრძალვის შესახებ მზაობა გასულ კვირას საბერძნეთმა და ესპანეთმაც გამოთქვეს.
შეგახსენებთ, გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიაპლატფორმები სრულად აკრძალა. მაშინ, ავსტრალიის მოდელის შესწავლის სურვილი რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის დანიამ, ახალმა ზელანდიამ და მალაიზიამაც გამოთქვა.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონპროექტი ამჟამად საფრანგეთის პარლამენტშიც განიხილება. იმავე ზომების მიღებას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც.
















