პოსტპანდემიური „არბიტრაჟის დღეები”

პოსტპანდემიური „არბიტრაჟის დღეები”

ღონისძიებაზე თბილისური საცობების გამო მაგვიანდება. ეჭვი მაქვს, მანქანების დიდი, უძრავი რიგები საქართველოს დედაქალაქში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებსაც დაამახსოვრებს თავს. პანდემიის შემდეგ ეს პირველი წელია, როცა GIAC-ის „არბიტრაჟის დღეები” თითქმის სრულად რეალურ სივრცეში იმართება; არც ონლაინჩართვების ნაკლებობაა, თუმცა წინა ორი წლისგან განსხვავებით, ღონისძიებას არაერთი უცხოელი სტუმარი ესწრება.

კონფერენცია დაწყებულია, კარს ვაღებ და მესმის, რომ დარბაზში ილია ჭავჭავაძეზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე საუბრობენ. ვიბნევი. მგონია, რომ ოთახი შემეშალა. შემდეგ ნაცნობ სახეებს ვარჩევ და კონტექსტიც გასაგებია – რუსეთ-უკრაინის ომი. დიახ, ეს მართლაც ყველა სფეროს ეხება – გამონაკლისი არც საერთაშორისო არბიტრაჟია. მოკლედ, სცენაზე ღონისძიების მთავარი სპიკერი, პატრიკ პირსელი დგას. ის საერთაშორისო იურიდული ფირმა Allen & Overy-ის პარტნიორი და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია საკმაოდ დიდი და საინტერესო სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. სწორედ აქ, თბილისში, აჟღერებს პირველად, რომ შექმნილია საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, რა პროცედურებით შეიძლება მოხდეს რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ამოღება, რა ბერკეტები აქვს საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო სამართალს.

„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის” გენერალური მდივანი ბექა ინჯია კმაყოფილია, რომ სწორედ „თბილისის არბიტრაჟის დღეებზე” გაჟღერდა საკითხი, რომელიც მომდევნო თვეებში ყველა საერთაშორისო ფორუმზე განხილვის მთავარი თემა იქნება. საქართველოში მთავარი საარბიტრაჟო ღონისძიების ორგანიზატორი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელსაც დღეს ბექა ინჯია წარმოადგენს – „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი” ანუ GIAC-ი, რომელიც „არბიტრაჟის დღეებს” წელს უკვე მეცხრედ ატარებს. ამჯერად მათი პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერი USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამაა.

საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. რეგიონში ომისა და პოსტპანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეძლეს ორდღიან კონფერენციაზე 250-მდე რეგისტრაციისთვის მოეყარათ თავი საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. ბექა ინჯია ამბობს, რომ ეს ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდელ ღონისძიებებზე შეკრებილთა რაოდენობა, თუმცა მოლოდინს მაინც გადააჭარბა.

მაღალი ინტერესი ალბათ იმ მომხსენებლებისა და საკითხების დამსახურებაა, რომლებიც 12-13 ოქტომბერს „არბიტრაჟის დღეებზე” განიხილეს. დიახ, ღონისძიების მომხსენებელთა შორის არაერთმა პატივსაცემმა, დიდი გამოცდილების მქონე და ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. პანელების მონაწილეები იყვნენ საერთაშორისო არბიტრაჟის ექსპერტები, მსოფლიოს წამყვანი საარბიტრაჟო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ადვოკატები, არბიტრები აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან. განსახილველი საკითხები კი საკმაოდ დიდ სპექტრს მოიცავდა, დაწყებული საერთაშორისო არბიტრაჟის ბოლოდროინდელი განვითარებით, გაგრძელებული საარბიტრაჟო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობითა და კონკურენციით, დასრულებული უზრუნველყოფის ღონისძიებებით.

კონფერენციის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას „სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტსა” და „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს” შორის. შეთანხმება მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ითვალისწინებს, როგორიცაა: არბიტრაჟის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი ღონისძიებების გამართვა, ურთიერთდახმარება არბიტრების შერჩევის პროცესში, ასევე საარბიტრაჟო პროცესის მართვისას სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის პლატფორმაზე ხელმისაწვდომობა.

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტები ევროპის ლიდერ ინსტიტუციებს შორისაა. ამიტომ GIAC-ში სჯერათ, რომ ხელშეკრულება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში არბიტრაჟის განვითარებაზე, ხოლო ბიზნესს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად გადაწყვიტონ არსებული დავები.

„სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის” ღონისძიებაზე ნატალია პეტრიკი წარმოადგენს, რომელიც სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის (SCC) გენერალური მდივნის მოადგილეა. ამბობს, რომ არბიტრაჟის, როგორც დავების გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმის, შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა შვედეთის პრობლემაც არის, რომელზეც მუდმივად და აქტიურად მუშაობენ.

„არბიტრაჟის შესახებ ცნობადობის ამაღლება ძალიან გრძელვადიანი და სტრატეგიული საქმიანობაა, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციას, კონფერენციებით დაწყებული და ტრენინგებითა და სემინარებით, ასევე მედიაში ამ საკითხების გაშუქებით დასრულებული. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობა – როგორც ბიზნესთან, ასევე ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან”, – აცხადებს Forbes Georgia-სთან საუბრისას ნატალია პეტრიკი.

მისი თქმით, „თბილისის არბიტრაჟის დღეები” კარგი საშუალებაა საქართველოსა და „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისთვის”, როგორც ახალგაზრდა ინსტიტუციისთვის, უფრო მეტად ხილული გახდეს მსოფლიო საარბიტრაჟო საზოგადოებისთვის. ამის სჯერათ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამაშიც, რომელიც წელს ღონისძიების მხარდამჭერია. პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არბიტრაჟის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე თითოეული ინდივიდისთვის, მართლმსაჯულების მისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ის ფიქრობს, რომ საქართველოში არბიტრაჟის განვითარების კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არსებობს დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა აუცილებელია შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.

„მნიშვნელოვანია, უფრო მეტი არბიტრი იყოს ქვეყანაში, ასევე საჭიროა მოსამართლეებისა და ადვოკატების ცნობიერების ამაღლება”, – ამბობს გიორგი ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება სწორედ სასამართლოს ნაწილში ჭიანურდება, რომლის ფუნქციაა, ფორმალურად გადახედოს არბიტრაჟის დასკვნას და აღსრულების ფაზაში გადაიტანოს. USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ კუთხით ცვლილებები არბიტრაჟისადმი ნდობას გაზრდიდა.

საბოლოოდ, ეს სურთ GIAC-შიც, სადაც ცდილობენ, რომ სწორედ საქართველო გახადონ საარბიტრაჟო ჰაბი მეზობელი და პოსტსაბჭოური, აზიური ქვეყნებისთვის.

„ამ გეოგრაფიულ არეალში თუ ვინმე არბიტრაჟზე იფიქრებს, უნდა იფიქროს საქართველოზე და GIAC-ზე”, – ამბობს ბექა ინჯია და აღნიშნავს, რომ ამისთვის, სხვა ყველა ნაბიჯთან ერთად, გლობალურ საარბიტრაჟო ქსელში ჩართულობა და მსოფლიოს სხვადასხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაღრმავება დღეს მათი უპირველესი ამოცანაა. უახლოეს მომავალში სიახლეებს სწორედ ამ კუთხით გვპირდებიან.