დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა და ის საქართველოში ბიზნესშეხვედრაზე მოიწვია.
Forbes-ის გლობალურ რეიტინგში თითქმის $100-მილიარდიანი ქონებით გაუტამ ადანი მე-11 ადგილს იკავებს, გარდა ამისა, ის ინდოეთის უმდიდრესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია.
Adani Group-ი მრავალპროფილური კონგლომერატია, რომელიც წარმოდგენილია ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, წარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად Adani Group-ის დელეგაცია საქართველოში მოიწვია.
„Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.