პროტესტი საქართველოში: განახლებადი ამბები

პროტესტი საქართველოში: განახლებადი ამბები

კონტექსტი

28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

კობახიძემ გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები სახელმწიფოსთვის გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს ამბობს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გაგრძელდება, თუმცა საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე.

ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით. ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სწორედ ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს. მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ოპოზიციის ხმები მიიტაცა.

ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წარმოქმნილ საპროტესტო ტალღას, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმამ, ახალი, უფრო ძლიერი მუხტი შესძინა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში უწყვეტი აქციები დაიწყო.

პროტესტის 1-ელი დღე

28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, თბილისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პარლამენტთან და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ.

დედაქალაქთან ერთად, აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებში, ქუთაისსა და ბათუმში. ქუთაისში პროტესტის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ, ბათუმში კი – ერას მოედანზე.

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩები თავის რეზიდენციაში მოლაპარაკებების გასამართად მიიწვია. მოგვიანებით პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მივიდნენ, რომლებმაც ერთობლივი განცხადებით საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მთავრობა არალეგიტიმურად ცნეს.

პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შედეგადაც პროტესტის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.

28-29 ნოემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან 43 ადამიანი დააკავეს. დაპირისპირება მოხდა ქუთაისშიც, სადაც გზის გათავისუფლების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

პროტესტის მე-2 დღე

29 ნოემბერს, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაგრძელდა. დემონსტრანტებმა მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.

საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეთა მიერ აღმართული ბარიკადების დაშლა და აქციის წევრების ტერიტორიიდან იძულებით გაყვანა დაიწყეს. წინააღმდეგობის შესაკავებლად, სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები კვლავ გამოიყენეს.

აქციის დარბევისას პროტესტის მონაწილეებთან ერთად, ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები დაშავდნენ. გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც აქციის დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტები და მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებია აღბეჭდილი. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

პროტესტის მე-3 დღე

30 ნოემბერს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები არაერთხელ დაარბია, რისთვისაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გარდა ამისა, სამართალდამცველები მომიტინგეების მცირე ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს საპოლიციო ძალების ჯგუფი წაქცეულ მომიტინგეს. სპეცრაზმელები რუსთაველის თეატრშიც შეიჭრნენ, სადაც აქციის მონაწილეები თავს აფარებდნენ.

სამხედრო ანალიტიკური პორტალის, Visioner-ის ინფორმაციით, 30 ნოემბერს, თბილისში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 ადამიანს გაუტოლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, 107 ადამიანი დააკავეს.

30 ნოემბერს აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა.

პროტესტის მე-4 დღე

1-ელ დეკემბერს, პარლამენტის პარალელურად, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა პირდაპირი ეთერი და ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვეს.

დემონსტრანტების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს. საბოლოოდ, მათ მიზანს მიაღწიეს, პირველი არხის პირდაპირი ეთერიდან მაყურებლებს მიმართეს და არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

რაც შეეხება პარლამენტთან მიმდინარე აქციას, პროტესტის მონაწილეებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა და ქვები გამოიყენეს, რასაც საპოლიციო ძალებმა სპეციალური საშუალებებით უპასუხეს. პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა. 

დემონსტრანტები პოლიციელების წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. ფოტო: Zurab Tsertsvadze/AP/AP

1-ელ დეკემბერს თანამდებობა დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა.

პროტესტის მე-5 დღე

მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტთან 2 დეკემბერსაც გაგრძელდა. 

საპოლიციო ძალებმა გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანების დაშლა შედარებით ადრე დაიწყეს. ამჯერად, მათ მომიტინგეებს პარლამენტთან მიახლოების საშუალება არ მისცეს და წყლის ჭავლი შენობის ეზოდან გამოიყენეს.

მხუთავი გაზითა და წყლის ჭავლით აქციის დაშლის პარალელურად, მომიტინგეები გზადაგზა ბარიკადებს აგებდნენ, ისროდნენ პიროტექნიკას და ასე ცდილობდნენ საპოლიციო ძალების შეჩერებას. 

პოლიციის მხრიდან მომიტინგეებზე ძალის გამოყენება 2 დეკემბრის ღამესაც გაგრძელდა, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავების ფაქტები. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 23 მონაწილე და შსს-ის სამი წარმომადგენელი იქნა გადაყვანილი.

ამავე დღეს, ბიძინა ივანიშვილსა და ცხრა საჯარო მოხელეს ბალტიისპირეთში შესვლა აეკრძალათ.

პროტესტის მე-6 დღე

მე-6 დღესაც პროტესტი, ტრადიციულად, პარლამენტთან განახლდა. 

ასევე ტრადიციულად, საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და გაზის ბალონები. მომიტინგეებმა ეტაპობრივად ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გადაინაცვლეს. 

3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში 15 დაშავებულია გადაყვანილი. 

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით სულ 293 პირია დაკავებული. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

პოლიციამ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები დააკავა. ფოტო: EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაწყებული აქვს.

3 დეკემბერს საქართველოს პირველმა არხმა გამოთქვა მზაობა, ორგანიზება გაუწიოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დისკუსიას „ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებთან.

6-დღიანი პერიოდის განმავლობაში, თანამდებობები დატოვეს საქართველოს ელჩებმა ჩეხეთში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებსა და ბულგარეთში, ასევე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიაში.

პროტესტის მე-7 დღე

პროტესტის მე-7 დღეს, 4 დეკემბერს, შსს-ის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტების სახლები და ოპოზიციური პარტიების ოფისები გაჩხრიკეს. მათ შორის, ჩხრეკა ჩატარდა ფეისბუკ-ჯგუფის “დაიტოვეს” დამფუძნებლების საცხოვრებლებში და პარტიების – “გირჩის”, “დროასა” და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ოფისებში. 

პოლიციამ “დროას” ოფისის ჩხრეკისას პარტია “ახალის” დამფუძნებელი და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავა, რომელიც ქალაქის მთავარ სამმართველოში, შემდეგ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გვარამიასთან ერთად, “დროას” ოფისთან “გირჩის” წევრი გელა ხასაიაც დააკავეს

სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ორგანიზაცია “დაფიონის” დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე, ასევე ძლიერი საქართველოს წევრები: ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ჩხრეკის დროს კი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხუთი წევრი დააკავეს.

პარალელურად, პოლიციამ აქციაზე მიმავალი მოქალაქეების გაჩხრეკა და დაკავება დაიწყო. სასტუმრო “ქორთიად მარიოტთან” კი, სადაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სასტუმროსთან მობილიზებულმა უცნობმა პირებმა ოპოზიციის ლიდერებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსული ზურა დათუნაშვილი დააკავა, რომელიც “ახალის” წევრია. 

რეპრესიების დაწყების შემდეგ, შსს-ის გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მოგვიანებით, პოლიციამ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავა.

რეპრესიებს არ შეუშინებია დემონსტრანტები, რომელთა აქცია პარლამენტის მიმდებარედ უწყვეტად გრძელდება. 

პროტესტის მე-8 დღე

საპროტესტო აქციები თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მე-8 დღესაც გაგრძელდა. პარალელურად, რეპრესიები გააგრძელა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ.

5 დეკემბერს პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავა. სამართალდამცველებმა იგი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. საკუთარ სახლში დააკავეს ასევე სტენდაპერი ონისე ცხადაძე. შსს მათ და კიდევ სამ ადამიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება. დაკავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპროტესტო აქციების მე-8 დღეს, ქუთაისში მიმდინარე დემონსტრაციის დროს პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც დაკავების მცდელობისას გონება დაკარგა.

ფოტო: AFP/Giorgi Arjevanidze

ამავე დღეს, შსს-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის სახლი გაჩხრიკეს. კეზერაშვილი “ქართული ოცნების” ამ ნაბიჯს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს. სტრასბურგის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ.”წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში. შეგახსენებთ, პროკურატურამ კეზერაშვილს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს:

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
  • დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!

საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!“

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორებისა და ოფიციალური პირების მხრიდან. მათ შორის აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება:

“აშშ მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”. 

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები დაგმო და დამატებითი სანქციები დააანონსა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა:

შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, ვინც ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხს აგებენ. ორმხრივი ურთიერთობების უკვე დაანონსებული ფართო გადახედვის გარდა, შეერთებული შტატები ემზადება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები”.

5 დეკემბერს უკრაინამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და 18 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან: გრიგოლ ლილუაშვილი, თეა წულუკიანი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვახტანგ გომელაური, მიხეილ ჩინჩლაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.

„ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მსოფლიოში ყველას – იმოქმედონ პრინციპულად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციებთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ფელდკამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირს მიმართავს, რათა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს:

„საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. მივესალმები ბალტიისპირეთის ინიციატივას ინდივიდუალური მოგზაურობის აკრძალვის დაწესების შესახებ“.

პროტესტის მე-9 დღე

რუსთაველის გამზირზე აქციები, სპეცრაზმის მიერ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლის, არაპროპორციული ძალის გამოყენება და ადამიანების დაკავებები გაგრძელდა 6 დეკემბერსაც.

პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე ამოქმედდა.

ამავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა “ძლიერი საქართველოს” წევრს, ალეკო ელისაშვილსაც. შსს მას “ქართული ოცნების” წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას რეგისტრირებული და არარეგისტრირებული იარაღები ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 48 ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა ჟურნალისტი ბექა ყორშიაც.

შსს-ის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები ისროლეს, რის შედეგადაც შსს-ის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა, ლატვიის პრეზიდენტმა ალარ კარისმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოში ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, დაგმეს ქართველ ხალხზე ძალადობა, ხოლო “ქართულ ოცნებას” ძალადობრივი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება.

ამ გზავნილით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.

6 დეკემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს როგორც ეკონომისტებმა, ასევე IT სფეროს 1,000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, დაგმეს მომიტინგეებზე ძალადობა და უკანონო დაკავებები. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი მანიფესტი გამოაქვეყნა 90-ზე მეტმა მუსიკოსმაც.

პროტესტის მე-10 დღე

აქციის მონაწილეების მსვლელობა 7 დეკემბრის დილას დასრულდა და პროტესტი დღის მეორე ნახევარში განახლდა. დედაქალაქში მომიტინგეებმა შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყეს და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. ამავდროულად, დაიწყეს მობილიზება საპოლიციო ძალებმაც, მაგრამ აქციის დასაშლელად არ გამოყენებულა სპეციალური საშუალებები.

საღამოს გავრცელდა მძიმე კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს და სასტიკად უსწორდებიან “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, ასევე ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას ნიღბიანი “ტიტუშკები”.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

იგივე ძალადობრივი ჯგუფი შეიჭრა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისში და ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, პარტიის წევრ კობა ხაბაზს. თავს დაესხნენ და სცემეს მსახიობი გიორგი მახარაძეც.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორი“ უწოდა და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავის ნამდვილ სახეს პირდაპირ ეთერში აღარ მალავს.

“ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით “99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.

აღსანიშნავია, რომ 7 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი  საფრანგეთს სტუმრობდა. ქვეყნის პირველი პირი  შეხვდა აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს, ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკსა და იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის.

სალომე ზურაბიშვილის, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის საუბარი.

“სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი, სენატორი ბენ კარდინი და განაცხადა, რომ ვიხილავთ “აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას სჩადის”.

7 დეკემბერს გავრცელდა ევროკომისიის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

პროტესტის მე-11 დღე

8 დეკემბერს, პროტესტის მე-11 დღეს, დემონსტრაციები მედიის წარმომადგენელთა მხარდამჭერი აქციით განახლდა. ჟურნალისტები, ოპერატორები, ტელეწამყვანები და მედიის სხვა წარმომადგენლები, 15:00-ზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და აქციის დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მედიის წარმომადგენლების აქცია გასულ ღამეს დაორგანიზდა, მას შემდეგ რაც “ტვ პირველის” რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის კადრები გავრცელდა. ნიღბიანი პირები ტვ პირველის ჯგუფს სასტიკად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. აქციის მონაწილეებმა საქმის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

თბილისის პარალელურად, მედიის წარმომადგენლებმა აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართეს: მათ შორის ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სადაც დემონსტრანტებმა პოლიციის შენობასთან, სიმბოლურად, აპარატურა დააწყვეს. მედიის წარმომადგენლებმა კოლეგებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს კახეთშიც.

რესპუბლიკის მოედნიდან მედიის წარმომადგენლებმა უკვე პროტესტის ტრადიციულ ლოკაციაზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერიამ 8 დეკემბერს, გამთენიისას, ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი დაიწყო. დემონსტრანტებმა ნაძვის ხის დაუსრულებელ კონსტრუქციაზე აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანების ფოტოები, ასევე საქართველოს, ევროკავშირის, უკრაინისა და აშშ-ის დროშები ჩამოკიდეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. პოლიციამ ახლად დამონტაჟებული ნაძვის ხე ალყაში მოაქცია.

წყარო: fortuna.ge

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე დაკავებულ აქციის მონაწილეთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ. პროტესტის მე-11 დღემ, დარბევებისა და დაკავებების გარეშე ჩაიარა.

პარალელურად, ემიგრანტების აქცია გაიმართა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში შეკრებილმა საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, არჩევნების შედეგები დაგმეს და ხელახალი კენჭისყრა მოითხოვეს.

საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ “თიბისი ბანკის” თანამშრომლები და მათი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. განცხადება გამოაქვეყნა “თიბისი ბანკმაც”, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადა და ბანკის თანამშრომლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

8 დეკემბრის საღამოს, პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში უწყება მიუტანეს და მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა აღძრული. ეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ვაშაძემ ადვოკატის გარეშე უწყების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

პროტესტის მე-12 დღე

თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები მე-12 დღესაც განახლდა. 9 დეკემბერს, დაახლოებით დილის 10 საათისთვის, მუსიკოსები, მსახიობები და რეჟისორები კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები დაგმეს. აქციის მონაწილეებმა კოლეგებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.

პარალელურად, საპროტესტო აქცია სლოგანით – „არქიტექტორები სოლიდარობისთვის“ – მერიის შენობასთან გაიმართა. მერიასთან შეკრებილმა პირებმა კოლეგებს აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მყოფ დემონსტრანტებს შეუერთდნენ.

ამჯერად, საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. ისინი მენეჯმენტის ცვლილებასა და ეთერის დათმობას ითხოვდნენ. მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეების წარმომადგენლებსა და არხის ადმინისტრაციას შორის შეხვედრაც გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განცხადება გააკეთა. ბერძენიშვილის თქმით, შეთანხმება მიღწეულია და ყოველდღე, 22:00 საათზე, ტელევიზიის ეთერი დაეთმობათ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის სურვილი აქვთ: „ეს იქნება პარიტეტული დრო. ასევე, ჩვენი შეთავაზება, რომ გაიმართოს ერთგვარი დისკუსია, კვლავ რჩება ძალაში და თუ ამის მზაობა იქნება, ვისაუბრებთ უკვე პირდაპირ ეთერში“.

საპროტესტო აქცია გაიმართა ტელეკომპანია „იმედთან“. ტელევიზიის ეზოში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები შეიკრიბნენ და სატელევიზიო არხისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოითხოვეს. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებით, „იმედი“ სახელისუფლებო პროპაგანდას ეწევა და მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს. ტელევიზიის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეთა მოთხოვნას მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მიიტანეს და დაწვეს კუბო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო. ფოტო: GHN.GE

საღამოს, 19:00 საათისკენ საპროტესტო აქცია ტრადიციულად განახლდა რუსთაველის გამზირზე. დემონსტრანტები პარლამენტის წინ, უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბო გამოიტანეს, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული და ყვავილები იყო მოთავსებული და პროტესტის ნიშნად, ნაძვის ხის წინ დაწვეს.

9 დეკემბრის საპროტესტო აქციამ, გასული დღის მსგავსად, დარბევის გარეშე ჩაიარა. თუმცა, აქციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ღამის 2:00-3:00 საათისკენ, რამდენიმე დემონსტრანტის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, გუშინ, ღამის საათებში, მათ ორგანიზაციაში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ შევიდა შეტყობინება.

ამავე დღეს განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრმა, დევიდ ლამმიმ:

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ურთიერთობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან.

 

პროტესტის მე-13 დღე

10 დეკემბერს, პროტესტის მე-13 დღეს, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები განახლდა. დედაქალაქში, დემონსტრანტთა ნაწილი თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბა და აქციების დროს ნაცემი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ფოტოები მიიტანა. შსს-თან აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

პროტესტის მე-13 დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. საღამოს საათებში დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან, უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ: ხელახალი არჩევნების დანიშვნა, დამნაშავეების დასჯა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. აქციამ დარბევის გარეშე ჩაიარა. თუმცა, შსს-ის ცნობით, 10-11 დეკემბრის ღამეს ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანი დააკავეს.

აქციების დროს დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის კაბინეტის წევრები 327 დაკავებულს შეხვდნენ, საიდანაც 225 პირი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, ხოლო 157 პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეული საქმის სიღრმისეული გამოძიებისკენ მოუწოდა.

10 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის დროს დაზარალებული მედიის წარმომადგენლები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდო გადასცა გურამ როგავას, რომელსაც აქციის გაშუქებისას პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არ წყდება საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება. პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოში არსებული ვითარება და გაიმეორა, რომ აშშ რეაგირებისთვის მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტის, მათ შორის სანქციების გამოყენებას განიხილავს.

მსოფლიო ლიდერების განცხადებებს შეუერთდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობა გამოუცხადა:

ქალი ლიდერები მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედოს საქართველოს დემოკრატიის, ქართველი ხალხისა და მისი პრეზიდენტის სიმამაცის დასაცავად.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაც. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროკავშირი დამატებით ზომებს 16 დეკემბერს, საგარეო საკითხთა საბჭოზე განიხილავს.

პროტესტის მე-14 დღე

პროტესტის მე-14 დღეს, 11 დეკემბერს, საჯარო მოხელეების მარში გაიმართა. სამთავრობო უწყებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუერთდნენ.

საჯარო სექტორის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა, მსვლელობისას, თან გამოიტანეს ბანერი, რომელზეც მათი ფიცი იყო დატანილი:

ვემსახურებით ხალხსა და სახელმწიფოს, ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას.

ამ ფორმით, აქციაში მონაწილეებმა კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულება გამოხატეს და სოლიდარობა გამოუცხადეს როგორც მათ კოლეგებს, ასევე დემონსტრაციებისას უკანონოდ დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს.

11 დეკემბრის აქციაზე დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა კვლავ მოახერხეს. პროტესტის მე-14 დღემ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

პარალელურად, 11 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. შედეგად, აქციებზე დემონსტრანტებს პიროტექნიკისა და ლაზერის ქონა, ასევე სახის ნიღბით დაფარვა აეკრძალებათ. ცნობისთვის, ეს ცვლილება პარლამენტმა სულ რაღაც ორ დღეში, სამი მოსმენით, უკვე დაამტკიცა.

იმავე დღეს, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის ძალადობა დაგმო და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა. მაკრონმა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისაკენ მოწოდებაც გააჟღერა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმაც გაავრცელა. ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ესაუბრა, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა Human Rights Watch-მაც. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორ ისკრა კიროვასა და ასოცირებული დირექტორის გიორგი გოგიას ერთობლივი განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიემართება, რომელიც 16 დეკემბერს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსახილველადაა დანიშნული.

პროტესტის მე-15 დღე

12 დეკემბერს, საპროტესტო აქციები ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლების მარშით განახლდა. IT/TECH სფეროში დასაქმებულები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, უცვლელი მოთხოვნებით: ხელახალი არჩევნების ჩატარება, უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება და ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა.

რესპუბლიკის მოედანზე მყოფ დემონსტრანტებს კონსერვატორიასთან შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდნენ დაა ერთობლივად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ, შემდეგ კი, მერიასთან გადაინაცვლეს. სამედიცინო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს ექიმებმაც და დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები დაგმეს.

პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მომიტინგეებს, საქართველოში მყოფი ევროკავშირის 7-კაციანი დელეგაცია შეუერთდა. ევროპარლამენტარებმა პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.

© netgazeti

საპროტესტო აქციაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. იუკნევიჩიენეს განცხადებით, „ქართველი ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპის კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის“. დეპუტატის თქმით, არჩევნების გარეშე საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

12 დეკემბრის აქციამ მშვიდად ჩაირია. დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, დილის საათებში, გავრცელდა ინფორმაცია რონდელის ფონდის მკვლევრისა და აქტივისტის, ვატო ბლაჟავას დაკავების შესახებ.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით გამოეხმაურნენ საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) გლობალური და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრი ჟურნალისტები და რედაქტორები. ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს 78 წამყვანი რედაქტორი, ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი წერს, ყურადღებას ჟურნალისტებზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმებზე ამახვილებს და ქართველ კოლეგებს „დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მძიმე დროს“ სოლიდარობას უცხადებს.

იმავე დღეს, გამოცემა The Hill-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვები დაწესებას განიხილავდა. გავრცელებული ხმები რამდენიმე საათში დადასტურდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა 20 ქართველ მაღალჩინოსანს – მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და კერძო პირებს – სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზის გაცემა აიკრძალება მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი ან ამ პროცესის თანამონაწილეა.

პროტესტის მე-16 დღე

პროტესტის მე-16 დღეს, თბილისში, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ერთი საათით გაიფიცნენ და დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები 13:00 საათიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. საპროტესტო მსვლელობისას გადაიკეტა თბილისის ცენტრალური მონაკვეთები – მათ შორის რუსთაველის გამზირი და გმირთა მოედანი. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბათუმშიც.

მსვლელობებთან ერთად, საპროტესტო აქციები გაიმართა მერიის შენობასთან, ღვინის კომუნის წარმომადგენლები კი იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ, მოწოდებით: „ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია.“ 13 დეკემბრის აქციამ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველთა შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

პარალელურად, 13 დეკემბერს, პარტია „ხალხის ძალამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და კვლავ ოპოზიციურ ფლანგში გადაინაცვლა. პარტიამ ცალკე პოლიტიკურ ჯგუფად გამოყოფა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეძლო. ცვლილებების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ერთი პოლიტიკური პარტიის სულ მცირე შვიდ წევრს, ამ პარტიის დატოვების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება შეეძლება.

13 დეკემბერს, საქართველოს საკითხზე, კონგრესში სიტყვით რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში გამოვიდა. სენატორმა ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა და მათ, საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დასანქცირება შესთავაზა: „ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს დაასანქცირონ ის პირები, რომლებიც აქამდეც დასანქცირებულნი უნდა იყვნენ. იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს აქამდე არ გაგვიკეთებია“.

კონგრესში გამოსვლისას რესპუბლიკელმა სენატორმა ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ სურთ, რაშიც ისინი უნდა დაეხმარონ.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანზე სავიზო შეზღუდვების დაწესებას პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა სენატორი ჯინ შაჰინი. ამერიკელი სენატორის თქმით, აშშ-მა უფრო მეტი უნდა გააკეთოს და შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის სახაზინო სანქციები დააწესოს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. მაკრონი კიდევ ერთხელ შეეხო აქციებისას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტებს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია ღალატი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, რომელიც კონსტიტუციითაა გაწერილი და საქართველოს ევროპული ოცნება უნდა დაჩქარდეს.

პროტესტის მე-17 დღე

14 დეკემბერს, პროტესტის მე-17 დღეს, დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან დილის რვა საათიდან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ გამართეს. დემონსტრანტებმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს „წითელი ბარათები“ დაურიგეს და ამ ფორმით, საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა გააპროტესტეს.

დილის საათებში მიმდინარე საპროტესტო აქციას, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ზურაბიშვილს აქციის მონაწილეები გამამხნევებელი შეძახილებითა და ოვაციებით დახვდნენ, რის შემდეგაც მან ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლა, სადაც მოგვიანებით „დედების მარშის“ მონაწილეებს შეხვდა.

პარალელურად, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობდა. ხუთი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას საარჩევნო კოლეგია კენჭს უყრიდა. ცესკოს მიერ დათვლილი 225 ბიულეტენიდან, ყაველაშვილის არჩევას მხარი კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ დემონსტრანტებმა სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს.

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ დემონსტრანტებმა სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს. ფოტო: Giorgi Arjevanidze

ყაველაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არჩევნებს არაკონსტიტუციური უწოდა, რომელიც არანაირ კავშირში არაა პოლიტიკურ პროცესებთან. თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად დანიშვნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიულოცეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა დასავლეთიც. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებით, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი რჩება. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთმა კი, ყაველაშვილის არჩევას ყველა საკონსტიტუციო ინსტიტუტის ხელში ჩაგდების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა.

14 დეკემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. დილის საათებში რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მანქანები, საღამოს კი სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

იმავე დღეს, თბილისის მერმა კახი კალაძეს, დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია დააანონსა. საპროტესტო აქციების პარალელურად, საღამოს შვიდი საათისკენ, რუსთაველზე სცენაც მოეწყო, თუმცა კალაძემ საახალწლო ღონისძიების გადადების შესახებ განცხადება მის დაწყებამდე გააკეთა. თბილისის მერმა ცერემონიის გაუქმებაში „რადიკალური ოპოზიცია“ დაადანაშაულა.

თბილისის მერმა, კახი კალაძეს დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ფოტო: Zurab Tsertsvadze

პროტესტის მე-17 დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა დილის საათებში ცნობილი გახდა პარტია „დროას“ წევრის, ნიკო ქვაცაბაიას დაკავების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

პროტესტის მე-18 დღე

საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა. „ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტებული პარლამენტის გადაწყვეტილებით, კოდექსში შეიცვალა პირების დაკავების საფუძვლები, ასევე გაიზარდა გარკვეული სამართალდარღვევებისათვის დაწესებული საურავების მოცულობაც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად:

  • მძღოლი, რომელიც პროტესტს უერთდება და პოლიცია ჩათვლის, რომ ამ ქმედებით სატრანპორტო მოძრაობას აფერხებს 1000 ლარით დაჯარიმდება და მართვის ლიცენზია 1 წლის ვადით ჩამოერთმევა.
  • ნებართვის გარეშე საპროტესტო სტენსილის, წარწერისა თუ პლაკატის განთავსებით ქალაქის იერსახის დაზიანებისათვის ჯარიმა 50-დან 1,000 ლარამდე გაიზარდა.
  • აქციისას გზის გადაკეტვის შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიცია ჩათვლის, რომ გზის გადასაკეტად დემონსტრანტთა რაოდენობა საკმარისი არაა, კანონდამრღვევი 500 ლარის ნაცვლად 5,000 ლარით დაჯარიმდება. აქციის ორგანიზატორებისთვის ჯარიმის ოდენობა 15,000 ლარით განისაზღვრა. ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებაც.
  • აქციაზე პიროტექნიკის ფლობა 5,000 ლარით ჯარიმდება, ორგანიზებული ფორმით ამის გაკეთების შემთხვევაში კი, ჯარიმა 15,000-მდე იზრდება.
  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა 2,000 ლარით ჯარიმდება.
  • ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომელმაც შესაძლოა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა (იგულისხმება ვიდეო-სამეთვალყურეო საშუალებები) გამართულ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს – ისჯება 2,000-ლარიანი ჯარიმით.

ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები ეხება აქციაზე არასრულწლოვანთა ყოფნასაც: თუ არასრულწლოვანი აქციაზე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება და სამართალდამრღვევად მიიჩნევენ, პირთან ერთად მისი მშობელიც დაჯარიმდება. ჯარიმის მოცულობა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც შეიტანა. პარლამენტის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის წარმომადგენელთა ნაწილის პროტესტს მოჰყვა, რომლებიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაემიჯნენ და არაკონსტიტუციურად შეაფასეს.

ცვლილებებით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები საჯარო მოხელეებად აღარ მიიჩნევიან. ისინი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განიხილებიან. შედეგად, ამ პირებს შეიძლება ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილებით შეეწყვიტოთ, რა შემთხვევაშიც ისინი მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას მიიღებენ.

ამასთან ერთად, ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს. გარდა ამისა, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე 6 თვეში ერთხელ შემოწმდება, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შემოწმებისა.

ამავდროულად, შეტანილი ცვლილებებით, თუ მოხელე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, მისთვის მომდევნო შესაფასებელ პერიოდამდე, შესაძლებელი ხდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ის დაკავება. რეორგანიზაციის შემთხვევებზე აღარ ვრცელდება მობილობის წესიც.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მე-18 დღესაც განახლდა. 15 დეკემბერს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

პარალელურად, 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის რიგ მაღალჩინოსანთა მიმართ ახალი სანქციები გამოცხადდა. ლიეტუვამ და ესტონეთმა 2 დეკემბერს დაწესებული სანქციების სია გააფართოვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკუს ცაჰკნას, განცხადებით, ქვეყანამ საქართველოს კიდევ 14 მოქალაქე, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაასანქცირა.

ლიეტუვამ კი შეზღუდვები დამატებით 16 პირს დაუწესა. ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ პირთა შორის მოხვდა ირაკლი კობახიძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე.

პროტესტის მე-19 დღე

თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები 16 დეკემბერსაც გაიმართა. უწყვეტი პროტესტის მე-19 დღეს მსვლელობები დედაქალაქის ქუჩებში დილის საათებიდან მოეწყო, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

16 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და რამდენიმე საათით ტერიტორია დაიკავეს. აქციის დაწყებამდე, დედაქალაქის მერიამ, ღონისძიების გარეშე საახალწლო ილუმინაციები ჩართო და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთო. გუშინდელ დღეს, დემონსტრანტებსა და უცხო პირებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. თავდამსხმელები პოლიციამ დააკავა.

ფოტო: caliber.az

ამავე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ დანიშნული შეხვედრა გამართეს. ევროპის 27 ქვეყნის მინისტრებმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება განიხილეს. შეთავაზება უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს.

„საქართველოს შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დებატები დასრულებულია. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას წარადგენს, შესაძლოა ეს ამ კვირაში მოხდეს. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს“, – წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე მიღწეული შეთანხმება, მოგვიანებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაც დაადასტურა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, კალასმა თქვა, რომ ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებას წელსვე წარადგენს.

16 დეკემბერს ბრიფინგი გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმაც. მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებს, რომელიც სავარაუდოდ უახლოს კვირებში გამოქვეყნდება.

ამავე დღეს, განცხადება გამოაქვეყნა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ეუთომ, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობენ, გამოვლენილი ძალადობა დაგმო:

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს მყისიერი ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით

პროტესტის მე-20 დღე

პროტესტის მე-20 დღე თბილისში სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მარშით განახლდა. 17 დეკემბერს, საპროტესტო მსვლელობები სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა, ისტორიკოსებმა და სტუდენტებმა მოაწყვეს. დემონსტრანტები აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც შეიკრიბა, მოწოდებით  – „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“. დემონსტრანტები მობილიზებული იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საზოგადოებისთვის დღის ეთერის მოთხოვნით.

საღამოს საათებში, აქციის მიმდინარეობისას, გავრცელდა ინფორმაცია ოპოზიციურ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის შესახებ. „აქ, ყველას თვალწინ, აქციაზე ცივი იარაღით მესხმის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ივანიშვილს ვეუბნები, რომ შენი არავის ეშინია, აუცილებლად მიიღებ პასუხს“, – განაცხადა ვაშაძემ.

17 დეკემბერს, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა ევროპარლამენტში. ევროპარლამენტარები სიტყვით გამოსვლისას შეეხნენ, როგორც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ასევე სანქციების დაწესების აუცილებლობასა და პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნის საკითხს. ისმოდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

„საქართველოს წარმატების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. ხელისუფლებას კურსი არ შეუცვლია. დროა, ევროკავშირმა, ერთობლივი ფორმით გადამწყვეტ ზომებს მიმართოს. ამას მოელის ჩვენგან ქართველი ხალხი. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, ხელისუფლებამ კი, დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ.

ევროპარლამენტარებს მიმართა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. იუკნევიჩიენემ, რომელიც გასულ კვირას საქართველოში, ევროპარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას „შემაძრწუნებელი“ უწოდა.

სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობების მხრიდან, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ ვეტოს დადებას გამოეხმაურა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. „ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმის მხარე დაიჭირეს და ევროკავშირში რუსეთის მარიონეტებად იქცნენ. თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად, ახლა სოლიდარობის უფრო ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა!“, – წერს როთი X-ზე.

პრემიერ ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, რომელმაც რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისა“ და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვისთვის მადლობა გადაუხადა, განცხადებები გამოაქვეყნებს რუმინეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეშფოთება გამოთქვა და ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის ფაქტი დაგმო.

საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ესპანეთის საგარეო უწყებამაც და განაცხადა, რომ ქვეყანამ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი სრულად დაუჭირა და დეზინფორმაციას დემოკრატიებისთვის საფრთხე უწოდა. უმაღლესი წარმომადგენლის, კალასის მიერ შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებებს მხარი დაუჭირა იტალიამაც. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქვეყანა ასევე დიპლომატიური ვიზების შეჩერების მომხრეთა შორისაა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ჩეხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობა დაგმო და საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელ მედიისთვის, გადაუდებელი დახმარების სახით €230 000-ის გამოყოფა დააანონსა.

პროტესტის მე-21 დღე

18 დეკემბერს, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა დარბაზში მყოფ ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.

გამოსვლისას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს, ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციებს, მათ ძალისმიერ დარბევას და პარლამენტის მხრიდან დამტკიცებულ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს შეეხო:

ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არ გაჩერდება, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს.

ამასთან ერთად, ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებსაც მიმართა და მათ, დაუყოვნებლივი ქმედებისკენ მოუწოდა: „მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი დღე და ღამე იბრძვის, ევროპა ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ვიმედოვნებ, რომ არ მოგვიწევს უფრო დიდ კრიზისს დაველოდოთ, იმისათვის რომ ევროპამ იმოქმედოს“.

18 დეკემბერსავე, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ეწვია. ბერსეტი უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.

„დღეს საღამოს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული გაცვლა შედგა. განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა და ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში“, – წერს ბერსეტი X-ზე.

საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არ წყდება უცხოელი მაღალჩინოსანი პირების შეფასებებიც. „საქართველოში არსებული რეპრესიები – რომლის უკანაც რუსეთი დგას – კრემლის მცდელობის ნაწილია, ააღორძინოს რუსეთის იმპერია და დაასუსტოს აშშ და მისი მეგობრები. ბაიდენის ადმინისტრაციას, დიდი ხანია, ვარიანტები მზად აქვს. თავის ბოლო თვეს, მან აშშ-ის ინტერესებისა და ღირებულებების წინ წასაწევად უნდა იმოქმედოს“, – წერს ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი X-ზე.

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დააანონსა გერმანიის მთავრობამაც. ბუნდესტაგის წევრ რობინ ვაგენერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. „გერმანიის მთავრობამ დახმარების პირველი პროექტები უკვე გააუქმა, ახლა კი, საქართველოსთან თანამშრომლობასაც გადახედავს“, – განაცხადა ვაგენერმა და მიზნობრივი სანქციების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, დემონსტრაციები თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 21-ე დღესაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას და ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. პარლამენტთან შეკრებამდე, თბილისის მასშტაბით, რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაც მოეწყო, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაცია ახლდება..