უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა (Nabu) და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას ფაქტობრივად გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარებს. ცვლილება რადამ 22 ივლისს დაამტკიცა.
ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებას კიევში მოსახლეობის პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მიმართვაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორივე ორგანო ჩვეულებრივ „განაგრძობს მუშაობას”, თუმცა მათ რუსული გავლენისგან გათავისუფლება სჭირდებათ.
კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით, უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. დემონსტრაციები 2022 წლის თებერვლის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინისთვის ყველაზე მასშტაბურია. მომიტინგეები კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებში, მათ შორის ოდესაში, დნეპრსა და ლვოვში გამოვიდნენ. „ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა ავტოკრატიას”, „მამაჩემი ამისთვის არ მომკვდარა”, – ისმოდა შეძახილები უკრაინის ქალაქებში.
უკრაინის მთავარ პროკურორს, რუსლან კრავჩენკოს, ახალი კანონმდებლობით, კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების თავად შერჩეული გამომძიებლებისთვის გადაცემა და მათი შეწყვეტა შეეძლება. საღამოს მიმართვაში, ზელენსკიმ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების „ეფექტიანობა“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქმეები „მიძინებული იყო“.
„არ არსებობს რაციონალური ახსნა იმისა, თუ წლების განმავლობაში რატომ არის თაროზე შემოდებული მილიარდობით დოლარის ღირებულების სისხლის სამართლის საქმეები“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ გენერალური პროკურორი კანონის დამრღვევებს აუცილებლად პასუხისგებაში მისცემს.
კრიტიკოსთა შეფასებით, კანონმდებლობა ათწლეულების პროდემოკრატიული და ანტიკორუფციული ძალისხმევის კონტექსტს ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, უკრაინის მთავრობამ, Nabu-ს უფლებამოსილების შეზღუდვის მიზეზად რუსეთის გავლენა დაასახელა. საკამათო კანონის მიღებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ Nabu-ში მყოფი პოტენციური რუსი ჯაშუშების წინაღმდეგ ჩხრეკის ოპერაციები ჩაატარეს, ნაწილი კი დააკავეს.
ამის მიუხედავადაც, ზელენსკის მიერ კანონპროექტის დამტკიცებამ უკრაინის დასავლელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა 10 წლის წინ სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნითა და ზედამხედველობით შეიქმნა.
„ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინის ბოლოდროინდელი ქმედებებით, რომლებიც ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ განხორციელდა“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა გიიომ მერსიემ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ქვეყანას გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმისა და დემოკრატიული მმართველობის პროგრესის პირობით მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებებს უწევს.
ანტიკორუფციული ორგანოების კანონი გააკრიტიკა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა. კოსის შეფასებით, Nabu-ს დამოუკიდებლობის დამცავი ძირითადი გარანტიების დემონტაჟი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯია და ეს ორი ორგანო „აუცილებელია“ უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამ განცხადების საპასუხოდ კოსს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ მიმართა და დაჰპირდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში კომპრომისი დაშვებული არ იქნება და ბიუროს „ყველა ძირითადი ფუნქციაც ხელუხლებელი დარჩება“.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა დმიტრო კულებამ, რომელმაც გასულ წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. „ეს იყო ცუდი დღე უკრაინისთვის“, – განაცხადა კულებამ და დაამატა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა არჩევანი – დამდგარიყო ხალხის მხარეს, ან არა.