პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა | რა უნდა ვიცოდეთ ამ ვიზიტის შესახებ?

პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა | რა უნდა ვიცოდეთ ამ ვიზიტის შესახებ?

ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, ვიზიტმა შესაძლოა ფხენიანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება გააძლიეროს, რაც, თავის მხრივ, კრემლს უკრაინაში საომრად წაადგება.

ჩრდილოეთ კორეაში ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს ფხენიანის აეროპორტში კიმ ჩენ ინი პირადად დახვდა და გადაეხვია. რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებები ქვეყნის ლიდერებს შორის ადგილობრივი დროით შუადღისას უნდა დაწყებულიყო, თუმცა კონკრეტული დეტალები დისკუსიებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა.

პრეზიდენტ პუტინთან ერთად ფხენიანში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი იმყოფებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ყურადღებას ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე გაამახვილებენ. რუსეთის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასაც მოეწერება ხელი. ახალი ხელშეკულება უკვე არსებულ შეთანხმებებს ჩაანაცვლებს, რომლებიც 1961 წლით თარიღდება – იმ პერიოდით, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ კორეის უდიდესი მხარდამჭერი იყო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინი რუსეთს თავადაც ეწვია, რასაც ფხენიანის მხრიდან კრემლისთვის იარაღის გადაცემის მასიური ზრდა მოჰყვა. რაც შეეხება პუტინს, ის ჩრდილოეთ კორეაში ბოლოს 2000 წელს იმყოფებოდა – იმ დროსაც ქვეყნის პრეზიდენტის რანგში. მიმდინარე ვიზიტისას, კიმსა და პუტინს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება, ამასთან ერთად კი მხარეები უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსაც გააფორმებენ.

სახელმწიფო სააგენტო RIA-ს ცნობით, კიმმა რუსეთს „ყველაზე პატიოსანი მეგობარი და მოკავშირე“, პუტინს კი „კორეელი ხალხის ძვირფასი მეგობარი“ უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს საჩუქრად ძვირად ღირებული მანქანა Aurus-ი, ადმირალის ხანჯალი და ჩაის ნაკრებიც უსახსოვრა. პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის თქმით, საჩუქრების ეს კომბინაცია რუსეთის პრეზიდენტის იმიჯთანაა დაკავშირებული.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი უკვე მოაწერეს შეთანხმებას „ურთიერთდახმარების“ შესახებ, რომელიც ხელშეკრულებაში მონაწილე რომელიმე მხარის წინააღმდეგ „აგრესიის“ შემთხვევაში ამოქმედდება. ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ფხენიანის პოზიციას უკრაინის მიმართ „მისი სუვერენული პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება“ უწოდა. პუტინის განცხადებითვე, „რუსეთი არ გამორიცხავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას” ჩრდილოეთ კორეასთან.

არსებული ინფორმაციით, პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის პირდაპირი შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება კიმ ჩენ ინმაც გააკეთა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მოსკოვთან ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა უყოყმანოდ უპასუხებს ნებისმიერი სახის ინციდენტსა და ომს, რომლის წინაშეც რუსეთი ან მისი ქვეყანა დადგება. კიმს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითვალისწინებს ტერმინები „ინციდენტი“ და „ომი“. კიმ ჩენ ინის შეფასებითვე, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ურთიერთობა „ალიანსის ახალ დონეზეა“ ასული.

ახალი ხელშეკრულება კი, კიმის შეფასებით, „სრულად მშვიდობიანი და თავდაცვითია“ და დააჩქარებს „მრავალპოლუსიანი სამყაროს“ შექმნას, სადაც ვერცერთი ქვეყანა ვერ მოახერხებს ჰეგემონიურ ძალად პოზიციონირებას.

პუტინის ვიზიტს უკვე მოჰყვა შეფასებები დასავლეთიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი „სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ცდილობს ურთიერთობების გამყარებასა და განვითარებას ქვეყნებთან, რომლებიც მას უკრაინაში აგრესიული ომის გაგრძელებაში დაეხმარებიან“. ბლინკენის თქმით, უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული იარაღის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ფხენიანია.

პუტინის ვიზიტზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. სტოლტენბერგმა შეშფოთებაც გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისადმი რუსეთის შესაძლო მხარდაჭერის გამო.

კიმ ჩენ ინსა და პუტინს შორის შეხვედრებს აკვირდება სამხრეთი კორეაც. სეულის განცხადებით, ქვეყანამ მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია ლიდერების მხრიდან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ. სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რუს კოლეგას ურჩია „საზღვრებს არ გასცდეს“ და დაფიქრდეს, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რომელი უფრო მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისთვის: ჩრდილოეთი კორეა თუ სამხრეთი.

ჩრდილოეთ კორეის ძველი დაბალტექნოლოგიური იარაღის დიდი ნაწილი საბჭოთა ეპოქის ტექნოლოგიის ბაზაზეა შექმნილი. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების შეყვანა რუსეთის არსებულ სისტემებში შესაძლებელია. ვაშინგტონმა ფხენიანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში არაერთხელ დაადანაშაულა, თუმცა იარაღის გადაცემას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაა, ორივე მხარე ამ დრომდე მკაცრად უარყოფს.