პუტინი და სი ძინპინი ახალი გლობალური წესრიგის საერთო ხედვას იზიარებენ

პუტინი და სი ძინპინი ახალი გლობალური წესრიგის საერთო ხედვას იზიარებენ

ჩინეთში გამართულ რეგიონულ სამიტზე, პრეზიდენტმა სი ძინპინმა ლიდერებს საკუთარი ფართომასშტაბიანი ბაზრების გამოყენებისაკენ მოუწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი სი ძინპინს ახალი გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წესრიგის ხედვაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, საპორტო ქალაქ ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი იღებს. სამიტის გახსნით სიტყვაში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნების ლიდერებს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მოდელი წარუდგინა.

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მსოფლიოს თანასწორ და მოწესრიგებულ მულტიპოლარიზაციას, ინკლუზიურ ეკონომიკურ გლობალიზაციას და ხელი შევუწყოთ უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემების მშენებლობას“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მეგამასშტაბიანი ბაზარი… ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დონის გასაუმჯობესებლად“, – განმარტა მან და მოუწოდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.

რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ორგანიზაცია კარგი მაგალითია ნამდვილი მულტილატერალიზმის, სადაც ორმხრივი შეთანხმებების დროს ეროვნული ვალუტების გამოყენება სულ უფრო მეტად ხორციელდება. მისი განმარტებით, ეს ევრაზიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს ქმნის. „ეს უსაფრთხოების სისტემა, განსხვავებით ევროცენტრული და ევროატლანტიკური მოდელებისა, გულწრფელად გაითვალისწინებს მთელი რიგი ქვეყნების ინტერესებს; იქნება ნამდვილად დაბალანსებული და არ დაუშვებს რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი უსაფრთხოების სხვების ხარჯზე უზრუნველყოფას“, – განაცხადა პუტინმა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.