რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ევროპას Nord Stream 2-ის დაუზიანებელი მონაკვეთის საშუალებით, ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა შესთავაზა. წინადადება, რომელსაც სავარაუდოდ გერმანიის მთავრობა უკრაინის ომის დაწყებამდე მილსადენის გახსნის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო უარყოფს.
გასულ თვეში წყალქვეშა „დეტონაციების“ შედეგად Nord Stream 1-ის ორივე დამაკავშირებლის დაზიანების მიუხედავად, Nord Stream 2-ის მილსადენის ერთ-ერთი ხაზი კარგ მდგომარეობაშია, რომელსაც, პუტინის შეფასებით, წლიურად „27 მილიარდი კუბური მეტრი“ ბუნებრივი აირის გადატანა შეუძლია. ოთხშაბათს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტმა მტკიცებულებების გარეშე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები აფეთქებებში, რამაც გასულ თვეში Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მონაკვეთების დაზიანება გამოიწვია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ევროპისთვის მიწოდების შეფერხებას ვაშინგტონის ხრიკიც უწოდა, რაც აიძულებს რეგიონს, გადავიდეს ენერგიის ისეთ ძვირად ღირებულ ალტერნატივებზე, როგორიც, მაგალითად, თხევადი ბუნებრივი აირია. რთულია იმის დადგენა, ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდის წინადადება პუტინის სერიოზული შეთავაზებაა თუ უბრალოდ გერმანიისა და დანარჩენი ევროპის პროვოცირების მცდელობა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერლინი მილსადენის გახსნის გაუქმების გადაწყვეტილებაზე უარს იტყვის.
ფაქტია, რომ პუტინის შემოთავაზება ჟღერდება იმ დროს, როდესაც ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას და ზამთრის კრიზისული სეზონის დადგომამდე გაუმკლავდეს ბუნებრივი აირის მაღალ ფასებს.
გასულ კვირას შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარმა გამოძიებამ გაზსადენებში გაჟონვის მიზეზად „დეტონაციები“ დაასახელა. სააგენტოს განცხადებით, მათმა დასკვნებმა გააძლიერა ეჭვები, რომ მიყენებული ზიანი შესაძლოა „ძლიერ დივერსიად“ შეფასდეს. გამომძიებლების მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილების დადგენის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. როგორც ნატო, ასევე ევროკავშირიც მიიჩნევს, რომ გაჟონვა დივერსიული აქტი იყო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთს „მიზანმიმართული დივერსიის აქტის“ განხორციელებაში.
თავად რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. მაშინ როდესაც Nord Stream 2-ის მილსადენს ფუნქციონირება არც არასდროს არ დაუწყია, Nord Stream 1-ის საშუალებით ბუნებრივი არის მიწოდება მილსადენის გაჟონვის დაფიქსირებამდეც შეჩერებული იყო. მოსკოვი ამის მიზეზად ტექნიკურ საკითხებს ასახელებდა, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით უფრო გამწვავდა.