პუტინი ყაზანში BRICS-ის მე-16 სამიტს მასპინძლობს

პუტინი ყაზანში BRICS-ის მე-16 სამიტს მასპინძლობს

დღეს რუსეთში, ყაზანში სტარტი BRICS-ის მე-16 სამიტმა აიღო, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს. აღნიშნული სამიტი ამ მომენტამდე 5 ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენდა და მასში მონაწილეობას ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა იღებდა. ყაზანში კი სამიტში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ორგანიზაციის ახალი წევრები: ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

პუტინის მიზანი აღნიშნულ სამიტზე დასავლური კოალიციის დამაბალანსებელი ალიანსის შექმნა იქნება. თუმცა ბლოკის წევრების მოთხოვნებში უკრაინაში ომის დასრულება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. თავად ვლადიმირ პუტინი განმარტავს, რომ ბლოკი რომელიმე არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო გაერთიანების კონკურენტ ორგანიზაციას არ წარმოადგენს. მისი განცხადებით, ეს გახლავთ გაერთიანება, რომელიც საერთო პრინციპებსა და განვითარების საერთო ხედვას ეფუძნება და თითოეული წევრის ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის წევრები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე სულ უფრო აქტიურად აპელირებენ, თავად პუტინი უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, რადგან მათ უკვე რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.

ახალი წევრების შემოერთებით BRICS-ის ბლოკში მსოფლიო მოსახლეობის 45% და გლობალური ეკონომიკის 35% ერთიანდება, რაც მეტწილად ინდოეთისა და ჩინეთის დამსახურებაა. გავრცელებული ინფორმაციით, BRICS-ის გამოყენებით ვლადიმირ პუტინს დამოუკიდებელი გადახდების სისტემის შექმნა სურს, რომელიც დასავლურ სანქციებს გვერდს აუვლის. პოლიტიკური მეცნიერებების მკვლევრების ნაწილი უკანასკნელი თვეების განმავლობაში BRICS-ის მუშაობის გააქტიურებასაც ამას უკავშირებს.