ფინეთის პრეზიდენტის სასახლის სარკეების დარბაზი 2018 წელს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი სამიტის ადგილი გახდა. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეხვედრის ოთახში, მრჩევლების გარეშე, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით ჩაიკეტნენ. მოლაპარაკებები 4 საათს გრძელდებოდა. შეხვედრის შემდეგ პუტინი და ტრამპი ჟურნალისტებით სავსე პრესკონფერენციის ოთახში გამოვიდნენ. ტრამპს ხელში ეკავა ფეხბურთის ბურთი – ვლადიმირ პუტინის საჩუქარი მისი უმცროსი ვაჟისთვის, ბერონისთვის.
მოწინავე რიგი ამერიკულ დელეგაციას ეკავა – უსაზღვრო იყო მათი გაოცება, როდესაც ჟურნალისტის კითხვაზე, სარწმუნოდ მიაჩნია თუ არა ამერიკული დაზვერვის მონაცემები, რომ რუსეთი ერეოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის უფრო სანდოა ვლადიმირ პუტინის განცხადებები, რომელიც ჩარევას უარყოფდა. იმ დროს საკუთარი თანაპარტიელებისა და თანაშემწეებისგან წამოსულმა წნეხმა ტრამპი აიძულა, რადიკალურად შეეცვალა ჰელსინკიში გაცხადებული პოზიციები. შეხვედრიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ბრძანებას.
რუსეთთან ურთიერთობები იმ დროისთვის ტრამპისთვის პრობლემური, შეიძლება ითქვას, ტოქსიკური საკითხი იყო, ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებსა და რუსეთის სადაზვერვო უწყებებს შორის კავშირების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების გარდა, სწორედ ამას შეეწირა მაიკ ფლინის თანამდებობაც. ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნული მაიკ ფლინი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვაშინგტონში რუსეთის ელჩს შეხვდა – შეხვედრაზე სანქციების მოხსნა განიხილებოდა. ფლინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ტრამპის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ე.წ. ქორებით დაკომპლექტდა.
2018 წლისგან განსხვავებით, ტრამპის მეორე ადმინისტრაციას პრაქტიკულად აღარ ჰყავს შემაკავებელი არც კონგრესში, არც ადმინისტრაციის შიგნით. რესპუბლიკური პარტია სრულად ექვემდებარება დონალდ ტრამპის ერთპიროვნულ კონტროლს.
„რესპუბლიკური პარტიის ელექტორალური ბაზა ცუდ მოთამაშედ უკრაინას მიიჩნევს, არც იმას ვფიქრობ, რომ უკრაინის საკითხზე სენატიც ზომაზე მეტად შეიწუხებს თავს”, – ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში მაიკ პენსის ყოფილი მრჩეველი, მარკ შორტი.
გასულ დღეებში დონალდ ტრამპის რიტორიკის ცვლილება არაერთმა კომენტატორმა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უპრეცედენტო გადატრიალებად აღიქვა – ამერიკელმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად გაიმეორა რუსული პროპაგანდის გზავნილები, ხოლო მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა. ამავდროულად თეთრი სახლი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან მიმართებით ზედმეტად რბილია: „ტრამპი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომლის მმართველობის წლებში პუტინი არ შეჭრილა მეზობელ სახელმწიფოებში”.
ანონიმურ საუბრებში ტრამპის მრჩევლები ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე პრეზიდენტის მიდგომა მხოლოდ რეალპოლიტიკაა: „მას უბრალოდ არ სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და ფიქრობს, რომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს”.
იგივე მრჩევლები ამბობენ, რომ ტრამპის რიტორიკის ცვლილებების მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია იყო, რომელმაც უარი თქვა თეთრი სახლის მიერ წარდგენილი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. ამასთანავე, ტრამპთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო Wall Street Journal-თან საუბარში ამბობს, რომ ამგვარი თავდასხმებით ტრამპი მოლაპარაკებების დაჩქარებას ცდილობს.
ამ ფონზე ბევრს დაავიწყდა, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაც ტრამპმა რუსეთზე წნეხის გაზრდის მზაობის გამოცხადებით დაიწყო – „ეს ომი უნდა დასრულდეს, ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ, ან რთულად”.
კულტურული ომები
დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პირობებში, როდესაც ამერიკაში მიმდინარე კულტურული ომები უკიდურესად გამწვავდა, რესპუბლიკური პარტიის ბირთვულ ამომრჩევლებში გაჩნდა რუსეთის ხატი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ტრადიციული და ქრისტიანული ფასეულობების ლამის უკანასკნელი ბასტიონი და ვოუქიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ერთ-ერთი საყრდენია.
სამყაროს ასეთ ხედვაში, რომლის ჩამოყალიბებისა და გავრცელებისთვის ბევრი გააკეთა რუსეთის პროპაგანდისტულმა და დეზინფორმაციულმა კამპანიებმა, უკრაინა, რომელიც არანაირად უფრო ნაკლებად კონსერვატიული ქვეყანა არ არის, ვიდრე რუსეთი, მეტიც, ეკლესიებში მრევლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს კონტინენტზე, სხვა არაფერია, თუ არა ამერიკელი ლიბერალების მარიონეტი. ამის მაგალითია რესპუბლიკელი კონგრესმენი არიზონიდან პოლ გოსარი, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ზელენსკის მთავრობა „რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებას ცდილობს”.
მსგავსი პოზიციები აქვთ მოსახლეობის ამ ნაწილში პოპულარულ მედიაპერსონებსაც. 2021 წელს ტაკერ კარლსონმა თავის ერთ-ერთ ეთერში გულწრფელად იკითხა, თუ რატომ უნდა ანაღვლებდეს, რა ხდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და რატომ არ შეიძლება, რომ რუსეთს გულშემატკივრობდეს. უკვე 2024 წელს მოსკოვში პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩასული კარლსონი „გაოცებული” დარჩა მოსკოვის სასურსათო მაღაზიაში პროდუქციის დიდი არჩევანით, რომელიც ფრანგული სუპერმარკეტის ფრანშიზა აღმოჩნდა.
გასული წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინმა გაამარტივა რუსეთში ემიგრაცია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს იზიარებენ და ეწინააღმდეგებიან მათი ქვეყნების ლიბერალურ დღის წესრიგს.
უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული კოლონიური ომი ვლადიმირ პუტინმა იმთავითვე დაუკავშირა „ულტრალიბერალურ დღის წესრიგთან” ბრძოლას: „ჩვენ რა გვინდა, რომ ბავშვებს დაწყებითი კლასებიდან თავს მოახვიონ პერვერსიები, რომლებიც დეგრადაციითა და ერის გადაშენებით დასრულდება? – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსიის გამოცხადებისას.
რესპუბლიკური პარტიის MAGA (Make America Great Again) ფრთაში პოპულარულია უტოპიური წარმოდგენა რუსეთზე, როგორც კონსერვატიული ფასეულობების ბასტიონზე. ეს იმ აღფრთოვანების მსგავსია, რასაც მე-20 საუკუნეში ამერიკელი და ევროპელი ლიბერალები სტალინისტური საბჭოთა კავშირის მიმართ განიცდიდნენ – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, კონსტანტინ სონინი.
ეს შეხედულება კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეალობას: რუსეთი – ეს არის რეჟიმი, სადაც კლავენ პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებენ საკუთარ მოქალაქეებს ხელისუფლების თუნდაც მსუბუქი კრიტიკისთვის, ტყვედ აჰყავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არ ადარდებთ ასიათასობით საკუთარი მოქალაქის ბედი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნეს.
თანამედროვე რუსეთი არის ქვეყანა კლებადი მოსახლეობით, აბორტებისა და განქორწინებების არნახულად მაღალი მაჩვენებლებით, ინსტიტუციონალიზებული კორუფციით და ტვინების მუდმივი გადინებით.
„საუკუნის წინანდელი ინტელექტუალები ამერიკაში წარმოიდგენდნენ და აღფრთოვანებულები იყვნენ საბჭოთა კავშირით, რომელსაც არასდროს უარსებია. ისინი წარმოიდგენდნენ საბჭოთა კავშირის, როგორც თანასწორობის, შემოქმედებითი თავისუფლების ადგილს. დღეს კი ამერიკელი მემარჯვენეები წარმოიდგენენ რუსეთს, რომელიც არ არსებობს, ისინი წარმოიდგნენ ქვეყანას, რომელიც იცავს ოჯახურ ღირებულებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს”, – ამბობს კონსტანტინ სონინი.
ამავდროულად ამერიკული კონსერვატიული აზრი ქვეყნის ტრადიციული ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ მოძრაობს. ამის გამოხატულება იყო ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 15-წუთიან სიტყვაში ვენსს თითქმის არაფერი უთქვამს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და გამოსვლა ძირითადად ევროპაში სიტყვის თავისუფლების უკუსვლისა და მიგრაციის კრიტიკას დაუთმო.
ტრამპის რიტორიკის ცვლილება პუტინთან მიმართებით ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამის ნიშნები დიდი ხნის განმავლობაში ვლინდებოდა. ჰელსინკიში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპი პუტინს აღტაცებასთან მოსაზღვრე პატივისცემით ექცეოდა, – ამბობენ ტრამპის ყოფილი თანაშემწეები.
„ის ფიქრობს, რომ პუტინთან მეგობრობს, [ტრამპი] ვერ იაზრებს, რომ პუტინი მას იყენებს”, – ამბობს ჯონ ბოლტონი, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
კიდევ ერთი თანაგუნდელი ამბობს, რომ ტრამპი აღტაცებული იყო პუტინით, რადგან ის სრულად აკონტროლებს თავის ქვეყანას. მისი თქმით, ტრამპს მოსწონს ავტორიტარული ლიდერები, რადგანაც „ისინი ძლიერები არიან, მათ არ აკრიტიკებენ ქვეყნის შიგნით და მათ ძალაუფლებას არ ზღუდავს კონგრესი ან სასამართლოები”.
ჯონ ბოლტონის ცნობით, ტრამპი არასდროს იჩენდა ინტერესს, როდესაც მისი თანაშემწეები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ – სადაზვერვო უწყებებისა და უახლოესი მრჩევლების მცდელობები, დაერწმუნებინათ ტრამპი, რომ უფრო სკეპტიკურად განწყობილიყო პუტინის მიმართ, უშედეგო აღმოჩნდა.
სინამდვილეში ტრამპის ინტერესი რუსეთის მიმართ ათწლეულებს ითვლის. 1987 წელს დონალდ ტრამპმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და მალევე იგრძნო პერესტროიკით შექმნილი ფინანსური შესაძლებლობები. 1990 წელს ტრამპმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მყოფ საბჭოთა ლიდერთან შეხვედრა სცადა, თუმცა წარუმატებლად – ვითარებაში გარკვეული წყაროების ცნობით, Trump Tower-ში მიხაილ გორბაჩოვის პაროდისტი მივიდა, რომელიც ტრამპმა ცოტა ხნით და სატელევიზიო კამერების წინ ნამდვილ ლიდერად მიიჩნია.
მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრამპმა მაინც შეძლო ფინანსური კავშირების დამყარება მოსკოვთან – ძირითადად 1990-იან წლებში გამდიდრებულ ოლიგარქებთან. მალევე ტრამპმა პალმ-ბიჩის საკუთრება 95 მილიონ დოლარად მიჰყიდა სასუქებით მოვაჭრე ოლიგარქს, დმიტრი რიბოლოვლევს.
2016 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობის გამოცხადების შემდეგ ტრამპმა კამპანიის მენეჯერად პოლ მანაფორტი დაიქირავა, რომელიც ცოტა ხნით ადრე უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ლობისტი იყო. სწორედ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის ღირსების რევოლუციას მოჰყვა რუსეთის პირველი სამხედრო შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია.
საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას მოსკოვის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა, შამპანურები გაიხსნა სახელმწიფო დუმაშიც. მაგრამ რუსეთის იმედები გაუმართლებელი აღმოჩნდა – ჰელსინკის შეხვედრისთვის მიღებული კრიტიკის შემდეგ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ სანქციებს, ასევე დათანხმდა უკრაინისთვის ლეტალური სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, რასაც მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის საგარეო სამინისტროს ზედა ეშელონებში ამბობდნენ, რომ ტრამპს არ სურდა ან არ ეყო ძალა, გაეუმჯობესებინა ურთიერთობები.
მშვიდობის პლატფორმით ვოლოდიმირ ზელენსკის დამაჯერებელმა გამარჯვებამ 2019 წლის არჩევნებზე პუტინს იმედი მისცა, რომ მოსკოვი დაიბრუნებდა გავლენას უკრაინაზე. მაგრამ ამავე წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ზელენსკისთან გამართული პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ პუტინმა ომისთვის მზადება დაიწყო.
ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების თქმით, პუტინი ამცირებდა უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან გამართულ საუბრებში. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს პუტინმა, ჯონ ბოლტონის ცნობით, ზელენსკის წარსული საქმიანობის გამო დასცინა და ჰილარი კლინტონს შეადარა.
პროფაილერებისა და ფსიქოლოგიური ექსპერტების გამოყენებით პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბრებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღო. ასეთი საუბრების ორგანიზებაში მონაწილე ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ორი ლიდერის კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ პუტინი ინგლისურად არ საუბრობს.
„პუტინი ტრადიციულად თავის გრძელ ტირადებს მიუყვება, ტრამპი კი თარგმანს ელოდება და სიტყვას ვერ აკვეხებს, იძულებულია, სრულად მოისმინოს პუტინის მიერ დეტალურად შედგენილი და ტრამპისთვის მორგებული გზავნილები”.
საპირისპიროდ, ზელენსკისთან პირველი კომუნიკაციის შედეგებმა ტრამპი დაარწმუნა, რომ უკრაინის ელიტა მის წინააღმდეგ დემოკრატებთან იყო შეკრული. ზელენსკისა და ტრამპის პირველი მოცულობითი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის პირველი მცდელობით დასრულდა, რაც მოგვიანებით 2020 წლის არჩევნებში მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნია.
იმ დროს ტრამპის პერსონალური იურისტი, რუდი ჯულიანი ავრცელებდა უსაფუძვლო თეორიას, რომ 2016 წელს დემოკრატიული პარტიის ელექტრონული ფოსტა სწორედ უკრაინაში მდებარე სერვერიდან დაჰაკეს და არა რუსეთიდან. ამ დეზინფორმაციას ავრცელებდა კრემლიც.
ზელენსკის გამარჯვებიდან მალევე ჯულიანი კიევს ესტუმრა და უკრაინის ახალ პრეზიდენტს 2016 წლის ამბებსა და ჯო ბაიდენის ვაჟის მიმართ კორუფციული ბრალდებების გამოძიება სთხოვა. წყაროების ცნობით, ზელენსკიმ იმ დროს არ იცოდა, რომ ჯულიანი ტრამპს წარმოადგენდა და თხოვნაზე უარი თქვა. ამერიკაში დაბრუნებული ჯულიანი Fox News-ის მაყურებლებს არწმუნებდა, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა ტრამპისა და ზოგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მტრები არიან. მალევე ზელენსკის თავად ტრამპმა დაურეკა და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა და ეს უკრაინისთვის კონგრესის მიერ უკვე გამოყოფილი სამხედრო დახმარების საკითხს დაუკავშირა.
ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო ჩანაწერებმა მედიაში გაჟონა, რასაც დემოკრატების მიერ ქვედა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში გაიჭედა.
„ტრამპს არასდროს უპატიებია ზელენსკისთვის ამ საუბრის შედეგები”, – ამბობს ჯონ ბოლტონი.
ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში ზელენსკიმ მასთან „ზრდილობიანი” ურთიერთობების შენარჩუნება შეძლო. პრეზიდენტების პირველი შეხვედრის დროს, 2019 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ზელენსკი ხილულად არაკომფორტულად გამოიყურებოდა და ცდილობდა, შორს დაეჭირა თავი იმპიჩმენტის სკანდალისგან. ზელენსკი პრესასთან ამბობდა, რომ არასდროს უგრძნია ტრამპის წნეხი.
2020 წლის მარცხის შემდეგ რუდი ჯულიანი არჩევნების შედეგის გაუქმების სამართლებრივი პროცესის ორგანიზატორი გახდა, ხოლო მანაფორტი, რომელიც იმ დროს სასჯელს FARA-ს კანონის დარღვევისთვის იხდიდა, ტრამპმა ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე შეიწყალა. პარალელურად რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდა შესამჩნევად მხარს უჭერდნენ ტრამპის განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაყალბდა. წყაროების ცნობით, ტრამპი ხშირად ესაუბრებოდა პრორუსულად განწყობილ ვიქტორ ორბანსაც, რამაც ასევე იქონია თავისი გავლენა.
გასულ სექტემბერში ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის დროს ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ პუტინი არ არის სანდო და უკრაინის იშვიათი მინერალების უზარმაზარ მარაგებზე უყვებოდა.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაში ვერ მოხვდნენ პირველი ადმინისტრაციის „ქორები”, მაგალითად, მაიკ პომპეო. არაერთ საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის კრემლისტურ ხედვას. ასეთია, მაგალითად, ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნული, ტულსი გაბარდი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ჯანდაცვის მინისტრი, რობერტ კენედი უმცროსი.
ინაუგურაციის შემდეგ საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ გამოსვლებში ტრამპი, სულ მცირე, არ ეწინააღმდეგებოდა პუტინის ხედვას, რომ დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი ლეგიტიმური გავლენის სფეროები, განსაკუთრებით – სამეზობლოში.
ტრამპის ამგვარი ხედვა და აცდენა რეალობასთან არ არის კარგი ამბავი უკრაინისთვის, თუმცა ვითარება ნამდვილად არ არის უიმედო. ცნობილია, რომ ტრამპი ობსესირებულია პოლიტიკური რეიტინგებით და მუდმივად საზოგადოების განწყობების პულსზე უდევს ხელი. ტრამპს ახსოვს, თუ რა შედეგი მოჰყვა ბაიდენისთვის ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ქაოსურ გასვლას – სწორედ 2021 წლის აგვისტოში დავარდა ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებელი და მას შემდეგ 39%-ს არ ასცდენია. ტრამპმა იცის, რომ უკრაინის მიტოვების და ფრონტის ჩამოშლის შემთხვევაში მის რეიტინგსაც იგივე საფრთხე ემუქრება – ტრამპის სამყაროში მას არა აქვს ფუფუნება, რომ უკრაინის საკითხში დამარცხებული გამოვიდეს, მან იცის, რომ მისი მემკვიდრეობა ასეთი დარტყმისგან ვერასდროს რეაბილიტირდება.