პუტინმა იცის, როგორ ჩაიდინოს წარმოუდგენელი ქმედებები

პუტინმა იცის, როგორ ჩაიდინოს წარმოუდგენელი ქმედებები

აზრი იმის შესახებ, რომ პუტინი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის (ყოველ მათგანში მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსული უმცირესობებით) – წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს, დამკვირვებელთა უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია, მარტო იმიტომ, რომ ასეთი ნაბიჯი მთლიანად დაანგრევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ დასავლეთის უსაფრთხოებას, რადგან ეს სამი სახელმწიფო ნატოს წევრია. ამ შემთხვევაში თავად უინიციატივო ბარაკ ობამა და ევროპის მოკრძალებული ლიდერებიც კი იძულებულნი იქნებიან, გადამწყვეტი ხასიათის ნაბიჯები გადადგან.

ეს შესაძლოა მოხდეს, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, დასავლეთის სუსტი რეაგირების გათვალისწინებით, უკრაინის დანაწევრების შემდეგ პუტინს შესაძლოა, მთელი რიგი მცდელობების განხორციელების ცდუნება გაუჩნდეს. იგი ჯარებსა და შეიარაღებას არ გაგზავნის, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში გააკეთა, მაგრამ ეცდება შექმნას არეულობა, რომელიც ბალტიისპირელების „შერბილებას“ და მათ მოსკოვის ვასალებად გადაქცევას განაპირობებს. ეს შეიძლება ასეთი სახით განხორციელდეს: ამ სახელმწიფოებში კარგად მომზადებული აგენტებისა და პროვოკატორების შეყვანა და ზეწოლის შედეგად ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა, ზიანის მიყენება. ასეთ შემთხვევაში, აშშ-ს და ნატოს არ ეცოდინებათ, მოცემულ სიტუაციაზე რა რეაგირება უნდა მოახდინონ.

საკმაოდ ნათელია, რას უნდა აკეთებდეს დასავლეთი; მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ ამერიკელების მხრიდან ძლიერი ხელმძღვანელობის პირობებშია შესაძლებელი.

• რუსეთის ჯარების ქვეყნიდან განდევნისათვის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაა საჭირო.

• უკრაინის ვალუტის საბჭოს შექმნა: გრივნის განსამტკიცებლად და ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.

• ნატოს ძალების, აშშ-ის ძალების ჩათვლით, მუდმივად განთავსება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს პუტინს აშკარა შეტევის განხორციელებაში ხელს შეუშლის, რადგან ასეთი ნაბიჯი აშშ-სა და ევროპული ძალების ჩარევას გამოიწვევს. მსგავსი მანევრით ხდებოდა საბჭოთა კავშირის დასავლეთ ევროპაში დაშვების თავიდან აცილება ცივი ომის პერიოდში და ამ ეტაპზე კი ასეთი ქცევა ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეაზე თავდასხმის განხორციელებაში უშლის ხელს.

თუ პუტინის აგრესიას გავითვალისწინებთ, ნატოს მიერ ახლახან გამოცხადებული დაპირებები სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ, საკმარისი არ იქნება. დასავლური სამხედრო ძალების არსებობა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ხელისუფლებებს გააძლიერებს და მათ მორალურ სტატუსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ბალტიისპირეთის სეპარატისტები თავიანთ ქმედებებზე უფრო კარგად დაფიქრდებიან, რადგან მათ მოსკოვიდან ეფექტიანი დახმარების მიღება გაუჭირდებათ.

• რუსი ოლიგარქების, რუსული ბანკებისა და კორპორაციების მზარდი რაოდენობის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების მკვეთრი ზრდა. თუკი მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყანაში შეიჭრება, რუსული ფინანსური ინსტიტუტები საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან განდევნილნი უნდა იქნან, რაც მათ სწრაფ კოლაფსს განაპირობებს.

• სუსტი დოლარის გამო, გასული ათწლეულის დასაწყისიდან, ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან რუსეთმა ასობით მილიარდი დოლარის მოცულობის შემოსავლები მიიღო. სტაბილური დოლარი შემოსავლების ამ ნაკადს მნიშვნელოვნად შეამცირებს, როგორც ეს 1980-იან წლებში მოხდა, როდესაც როლანდ რეიგანმა 1970-იანი წლების საშინელი ინფლაციის დაძლევა მოახერხა. ნავთობის ფასები დაეცა, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა.

• გათხევადებული ბუნებრივი აირისთვის აშშ-ის მიერ მთელი რიგი შემოთავაზებული საექსპორტო ტერმინალების დამტკიცება იმის სიგნალი გახდება ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ რუსული გაზის ექსპორტის დღეები დათვლილია.

• აშშ-ის ეკონომიკური აქტის შემუშავება, როგორც ეს პრეზიდენტმა რეიგანმა განახორციელა 1980-იანი წლების დასაწყისში. ჩვენმა რეზონანსული ხასიათის მაგალითმა მოსკოვის საშინელი დემორალიზაცია გამოიწვია. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯის გადასადგმელად ახალ პრეზიდენტს უნდა დაველოდოთ.