თეთრი სახლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ტრამპი NATO-ს ლიდერებსაც ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შედეგები იყო.
ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტი იმ ევროპელ ლიდერებს შორის იყო, რომელთაც ტრამპმა სამიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. NATO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუბარში ასევე მონაწილეობდა გენერალური მდივანი მარკ რუტე, ხოლო ელისეის სასახლემ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მონაწილეობა დაადასტურა.
ევროკომისიის ცნობით, სატელეფონო ზარს გერმანიის, ფინეთის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებიც შეუერთდნენ. Axios-ის რეპორტიორმა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტრამპმა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან საათ-ნახევარზე მეტხანს ისაუბრა.
დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება.
ალასკაში გამართული სამიტის შედეგად უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა ტრამპმაც და პუტინმაც მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასეს. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მედიის წინაშე მოკლე გამოსვლისას, ორივე მათგანმა განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს. მათ არც ამ საკითხებზე დეტალები გაუსაჯაროებიათ და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
იხილეთ ასევე: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაში: სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა