ქარის ბენზინად ქცევა - სიგიჟე თუ რეალობა

ქარის ბენზინად ქცევა - სიგიჟე თუ რეალობა

მეგ ჯენტლის თქმით, ეს სერიოზული ჩანაფიქრია. „პორშე“, „ბეიქერ ჰიუზი“ და სხვები მას ეთანხმებიან.

ჩილეში, პატაგონიის რეგიონის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ქარის ტურბინის ძირში განლაგებულია საპილოტე ობიექტი „ჰარუ ონი“, რომელიც „მწვანე საწვავს“ აწარმოებს. აღნიშნული პროცესის დასაწყისში, ქარის ენერგიაზე მომუშავე ელექტროლიზერი წყალბადს გამოყოფს და რეციკლირებულ ნახშირორჟანგს უერთებს. შემდგომი რეაქცია წარმოქმნის სინთეზურ ნახშირწყალბადებს, რომლებიც არ განსხვავდება წიაღისეულისგან მიღებული ბენზინისაგან.

რა თქმა უნდა, ამ საწვავზე მომუშავე მანქანაც ნახშირორჟანგს გამოყოფს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „პორშეს“ უკვე ჩადებული აქვს ინვესტიციები და აღფრთოვანებით ელოდება „ელექტროსაწვავის“ მარკეტინგული კამპანიის დაწყებას. გერმანული ავტოგიგანტი თავდაპირველად ამ საწვავის საკუთარ სარბოლო მანქანებზე გამოყენებას და ამით მაქსიმალური ყურადღების მიპყრობას გეგმავს.

რატომ შენდება თანამედროვე „მწვანე საწვავის“ სადგურები შორეულ პატაგონიაში? პირველ რიგში, ეს არის ადგილი, სადაც ანტარქტიდის ცივი ჰაერი და წყნარი ოკეანის თბილი ჰაერი ერთმანეთს ხვდებიან და ძლიერ ქარს წარმოქმნიან. ადგილობრივი ტურბინების ოპერაციული ეფექტიანობა 75 პროცენტს აღწევს. შედარებისთვის, ტეხასში ქარის ელექტროსადგურების საშუალო მაჩვენებელი 45 პროცენტია. მეორე მხრივ, ჩილეური კომპანია AME, რომელიც HIF Global-ის მთავარი აქციონერია, უკვე საკმაო ხანია, დაკავებულია უზარმაზარი მზის ელექტროსადგურების მშენებლობით ატაკამის უდაბნოში, და ახლა პატაგონიაში ათასობით ქარის ტურბინის დადგმას გეგმავს. ეს საკმარისი იქნება ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი გალონი საწვავის წარმოებისთვის. პატაგონიის ქარებს, რომლებსაც 500 წლის წინ მაგელანის გემები მისი სახელობის სრუტეში გადაეყარნენ, ახლა შეუძლიათ, ჩილე „მწვანე საწვავის“ უმსხვილეს ექსპორტიორად აქციონ.

თუმცა პატაგონიაში მშენებლობა ლოგისტიკურად რთულია. ამიტომ HIF თავისი პირველი გრანდიოზული სადგურის მშენებლობას ტეხასში, საკუთარი ქიმიური და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების ახლოს გეგმავს. HIF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეგ ჯენტლმა პირველად 2021 წელს, კომპანიის თავმჯდომარისგან შეიტყო ამ კონცეფციის შესახებ და თავიდანვე გამოიჩინა ინტერესი. მან ცოტა ხნით ადრე დატოვა თხევადი ბუნებრივი აირის სექტორი, სადაც ის 15 წლის მანძილზე Cheniere Energy-ში მუშაობდა, შემდეგ კი ოთხი წლის მანძილზე კონკურენტი კომპანიის, Tellurian Energy-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა.

ჯენტლმა Tellurian Energy 2020 წლის ბოლოს დატოვა და ოჯახური საინვესტიციო კომპანიის, Gemstone Investments-ის მართვით დაკავდა. HIF-ში ის თავიდან ინვესტორის სახით მივიდა. „თუმცა კომპანიაში მალევე დაიწყეს ჩემი დახმარების თხოვნა“, – ამბობს ის. ბოლო ორი წლის მანძილზე ჯენტლი პასუხისმგებელი იყო ტეხასის შტატში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების სადგურის მშენებლობისთვის გეგმების შედგენაზე, ნებართვების მოპოვებასა და ხელშეკრულებების გაფორმებაზე. აღნიშნული სადგური წელიწადში 200 მილიონ გალონ მწვანე საწვავს აწარმოებს, რაც 400,000 ავტომობილის ემისიების მოცილებას უდრის.

ჯენტლი კვლავ თავის სტიქიაში გრძნობს თავს. Cheniere-ში მას 40 მილიარდი დოლარის კაპიტალი აქვს მოზიდული ტეხასისა და ლუიზიანის შტატებში ექვსი სადგურის ასაშენებლად. აღნიშნული ობიექტები ყოველდღიურად 7 მილიარდი კუბური ფუტის მოცულობის აირს აგრილებენ, რაც აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის მთლიანი ექსპორტის 60 პროცენტს და შიდა მოხმარების 5 პროცენტს შეადგენს. მას არ აშინებს ხარჯები და სირთულეები. „ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, დიდწილად იგივეა, რაც თხევადი ბუნებრივი აირის სექტორში კეთდებოდა“.

6 მილიარდის ღირებულება Bechtel-ის მიერ წინასაინჟინრო კვლევის ეტაპზე იქნა გაანგარიშებული. ჯენტლის თქმით, რეალური ხარჯი რომც გადასცდეს ამ ნიშნულს, კომპანიას არ გაუჭირდება პროექტის განხორციელებისთვის საკმარისი კაპიტალის მოზიდვა. „მწვანე ტალღის“ ირონია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მეგაპროექტების დაფინანსება ხშირად უფრო იოლია, ვიდრე მცირე პროექტების.

„ამ პროექტებზე უზარმაზარი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც უფრო იოლია მსგავსი მასშტაბის პროექტებით“, – ამბობს კერძო ინვესტიციების კომპანია EIG-ის მმართველი დირექტორი ენდრიუ ელენბოგენი. EIG 24 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს მართავს. HIF-ში მან პირველად 2015 წელს განახორციელა ინვესტიცია, რაც ჩილეში მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გულისხმობდა.

ელენბოგენი იმდენად დარწმუნებული იყო ელექტროსაწვავის პოტენციალში, რომ მისი კომპანია აშშ-ის მთავრობის „ინფლაციის შემცირების აქტის“ მიღებამდეც კი ჩაერთო ამ პროექტში. აღნიშნული აქტი მოიცავს 500 მილიარდი დოლარის მწვანე სუბსიდიებს, მათ შორის 60 პროცენტამდე საგადასახადო შეღავათებს შესაბამისი მწვანე პროგრამებისთვის. „ამგვარი შეღავათები ძალზე ეფექტიანია, თუმცა ჩვენ მათ გარეშეც ვაპირებდით ინვესტიციების განხორციელებას“, – ამბობს ელენბოგენი.

ლოგიკურია, რომ HIF-ის პროექტში უკვე არაერთი განთქმული კომპანიაა ჩართული, რომელთაც თავიანთი მწვანე დაპირებების შესრულება სურთ. „პორშეს“ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული HIF Global-ში, ხოლო „ბეიკერ ჰიუზმა“ შარშან 260 მილიონი დოლარი შემატა პროექტის კაპიტალს. „სიმენსმა“ ასობით ელექტროლიზერი გამოუყო პროექტს, ხოლო მეთანოლის ბენზინად გარდამქმნელი ტექნოლოგიისთვის ჯენტლმა „ექსონ მობილს“ მიმართა. „Cheniere-სა და Tellurian-ში მუშაობის ყველაზე ღირებული გაკვეთილი იმის გარკვევა იყო, თუ ვინ არიან საიმედო პარტნიორები და როგორ ხდება მათთან ერთად დიდი გეგმების რეალობად ქცევა“, – ამბობს ჯენტლი.

ბუნებრივია, აქ რისკის ელემენტიც საკმაოდ მაღალია. ერთი გალონი მწვანე საწვავის წარმოებას 9 კილომდე ნახშირორჟანგი სჭირდება. ჰაერიდან ნახშირორჟანგის მოპოვების ტექნო­ლოგია უკვე ხუთი წელია, არსებობს, თუმცა ის ჯერ კიდევ ძვირია (დაახლოებით $250 ერთ ტონა ნახშირორჟანგზე).

„ბეიკერ ჰიუზმა“ შარშან სტარტაპი Mosaic Materials-ი შეიძინა, რათა დაეჩქარებინა ნახშირორჟანგის დამჭერი ტექნოლოგიების განვითარება – ისეთის, როგორიცაა მოლეკულური ჰაერის ფილტრები. კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ალესანდრო ბრეშიანის თქმით, ეს მასალები ნახშირორჟანგს ატმოსფერულ პირობებში იჭერენ და მისი გამოყოფისთვის ნაკლებ ენერგიას საჭიროებენ, რაც, თავის მხრივ, ხარჯებსაც ამცირებს.

თუმცა, მეგ ჯენტლის თქმით, ერთ ტონაზე ხარჯი 100 დოლარის ნიშნულს უნდა მიუახლოვდეს (ინფლაციის შემცირების აქტით მიღებულ შეღავათებამდე). ასე რომ, თავდაპირველად კომპანია გამოიყენებს გადამუშავებული ნახშირორჟანგის სხვა წყაროებს. „ბეიკერ ჰიუზს“ არ სურს რაიმე პროგნოზის გაზიარება იმის თაობაზე, თუ რამდენი წელი იქნება საჭირო ამ ფასის ნიშნულამდე მისასვლელად.

მატაგორდა ქაუნთის ადგილი HIF-ის მიერ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ ის ელექტროენერგიაზე იოლი წვდომის საშუალებას იძლევა. სადგური მუდმივად უზრუნველყოფილი იქნება 2000 მეგავატის ოდენობის ენერგიით, რაც საკმარისია მილიონამდე სახლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ობიექტი მდებარეობს მაღალი ძაბვის გადამცემ დერეფანში, რომელიც თავის დროზე აშენდა სამხრეთ ტეხასის ატომური ელექტროსადგურის განუხორციელებელი პროექტისთვის.

განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსმა პროექტებმა რეალურად შეამცირონ ემისიები ნაცვლად მათი გაზრდისა, ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მეცნიერი, საი მაკგიდი. საქმე ეხება „პრობლემების სამეულს“: დროის შესაბამისობას, დამატებითობას და განხორციელებადობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ქარის გარეშე არ არის სასურველი ელექტროლიზერების გამოყენება, რამეთუ ასეთ შემთხვევაში თქვენი ელექტროენერგია სავარაუდოდ წიაღისეული საწვავის გენერატორებით წარმოიქმნება. ამავდროულად არ არის რეკომენდებული მოქმედი მწვანე პროექტებით ელექტროლიზერების ამუშავება, რადგან ეს სხვისი განახლებადი ენერგიის შთანთქმას ნიშნავს. რაც შეეხება განხორციელებას, „ტეხასის ობიექტისთვის ნებრასკაში ვერ ააშენებ ქარის ელექტროსადგურს“, – აღნიშნავს მაკგიდი. სახაზინო დეპარტამენტი განსაზღვრავს წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან დეველოპერებმა, თუ მათ სრული საგადასახადო შეღავათების მიღება სურთ. მკაცრი წესები კი უფრო მაღალ ხარჯებს და განხორციელების ნელ ტემპს ნიშნავს. „სწორედ ამიტომ იქმნება გაურკვევლობა ამ პროექტის ეკონომიკურ დეტალებთან დაკავშირებით, სანამ ხაზინისგან არ მივიღებთ შესაბამის მითითებებს“, – გვაფრთხილებს მაკგიდი.

იმისათვის, რომ HIF-ის ქარის ენერგიის წილი ქსელში მოხვდეს, კომპანიამ უნდა შეიძინოს 5000 მეგავატი პიკური სიმძლავრის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია (არ დაგვავიწყდეს, რომ ქარი უბერავს დროის მხოლოდ 45%-ის განმავლობაში). ამისთვის საჭირო იქნება 150 მ სიმაღლის 1000 ცალი ტურბინა… და ეს იმისთვის, რომ „მხოლოდ“ 400,000 მანქანა უზრუნველვყოთ ალტერნატიული საწვავით (მაშინ როდესაც აშშ-ის გზებზე 276 მილიონამდე ავტომობილი დადის). აქვს თუ არა აზრი ამდენი წვალების ხარჯზე შიდაწვის ეპოქის გახანგრძლივებას? „ამ ძალისხმევის გაწევა მიზანშეწონილია. ელექტროსაწვავის საშუალებით შეგვიძლია არსებული ავტოპარკი ნახშირბადნეიტრალურად ვამუშაოთ“, – ამბობს „პორშეს“ წარმომადგენელი ჰერმან-იოზეფ სტაპენი.

მეგ ჯენტლი (ჯეიმს მედისონისა და რაისის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული) ანგარიშობს, რომ ერთი გალონი ელექტროსაწვავის წარმოება თავდაპირველად 5 დოლარამდე დაჯდება, ანუ ჩვეულებრივ ბენზინზე ორჯერ მეტი. ეს საკმაოდ ძვირია იმის გათვალისწინებითაც, რომ ელექტროსაწვავს გარკვეული შეღავათი ეკუთვნის – სულ მცირე 30 ცენტი ერთ გალონზე, კალიფორნიაში ნახშირბადის ფასის მიხედვით (30 დოლარი ერთ მეტრულ ტონაზე). გარდა ბენზინისა, HIF მატაგორდის სადგურის პროდუქციის გაყიდვას გემების საწვავის სახითაც გეგმავს. გემების მფლობელებისგან ეკომეგობრულ საწვავზე მოთხოვნა მკაცრი საერთაშორისო წესების ამოქმედების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. სამომავლოდ იგეგმება საავიაციო საწვავის წარმოებაც.

მეგ ჯენტლმა თხევადი ბუნებრივი აირის სექტორი მას შემდეგ დატოვა, რაც Tellurian-ის პროექტ „დრიფტვუდის“ განხორციელება დროში გაიწელა. თავდაპირველად ის წყალბადის საწვავში გეგმავდა ინვესტიცირებას, თუმცა მალევე შეიტყო, რომ ნედლი წყალბადის ტრანსპორტირება უკიდურესად რთული იქნებოდა. მაგალითად, ტანკერზე აირის განსათავსებლად საჭიროა მისი -260 გრადუსამდე გაცივება. „თხევადი აირის სფეროში გამოცდილების მქონემ, როდესაც გავიგე, რომ გემით გადასაზიდი წყალბადის ტემპერატურა აბსოლუტურ ნულთან ახლოს უნდა ყოფილიყო, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ გამოვიდოდა. ასეთი მცირე მოლეკულის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები და სირთულეები ამ საქმეს არაპრაქტიკულს ხდის. ნებისმიერ დროს, როდესაც არაატმოსფერულ სიცივეში გიწევს ნივთიერების შენახვა, საჭიროა მისი ხელახლა სითხედ ქცევა, სხვა შემთხვევაში ის დაიკარგება”, – განმარტავს ჯენტლი. ამის შემდეგ მისი ყურადღება მიიპყრო წყალბადის მატარებლებმა და სინთეტიკამ, რომელთა ტრანსპორტირება ბევრად იოლია. სწორედ ამ კატეგორიაში გადის ელექტროსაწვავი.

მატაგორდასთან ერთად, HIF Global-ი ავსტრალიაში აშენებს ტასმანიის სადგურს, რომელიც ხე-ტყის მრეწველობიდან მოიპოვებს ნახშირორჟანგს. პატაგონიაში კი ახალ ტურბინებს მომავალში ახალი ელექტროსადგურებიც დაემატება. კომპანიის თავმჯდომარის, ცეზარ ნორტონის თქმით, სამხრეთ ჩილეში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები განხორციელდება, რათა მოხდეს ამ რეგიონის ძლიერი და მუდმივი ქარის (მწვანე პროდუქტების ძირითადი ნედლეულის) სრულად ათვისება. ნორტონს, რომლის კარიერა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ელექტროსადგურზე მუშაობით დაიწყო, ახლა უკვე 20 წელზე მეტია, წამყვანი როლი უკავია სამხრეთ ამერიკის ბუნებრივი აირის, ქარისა და მზის ენერგიის ინდუსტრიაში.

მეგ ჯენტლის პროგნოზით, ამ ტექნოლოგიებში მომავალი ათწლეულების მანძილზე ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები ჩაიდება. HIF გეგმავს თორმეტამდე პროექტის განხორციელებას, რომლებიც 5 მილიონამდე ავტომობილის ემისიებს გაანეიტრალებს. რატომაც არა? მსგავსი თანხა ბოლო ათი წლის მანძილზე უკვე ჩაიდო თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებში. 6 მილიარდი დოლარის ღირებულების სადგური, რომელიც დღეში 14,000 ბარელის ეკვივალენტს აწარმოებს, ოკეანეში წვეთივით არის მსოფლიო ნავთობის ბაზართან შედარებით, სადაც ყოველდღიურად 100 მილიონი ბარელი ტრიალებს. დასრულებული სადგური კარგი შენაძენი იქნება მსხვილი ნავთობკომპანიისთვის.

„ეს არის უკვე არსებული, მზა გადაწყვეტილება, – ამბობს მეგ ჯენტლი. – თუ თქვენ დიდი კაპიტალის განთავსებას აპირებთ, ეს სოლიდური მასშტაბით უნდა მოხდეს და არა 20-მილიონიანი შენატანებით“.