ფერმერებისა და ჩიტებისდა სამწუხაროდ, მაიკლ პოლსკიმ ამერიკის ლანდშაფტები ენერგიის გამომმუშავებელი ქარის წისქვილებით ააჭრელა. მან ელექტროენერგიის ხარჯები ნავთობის ხარჯებზე დაბლა ჩამოიყვანა და $1.5 მილიარდის პატრონადაც იქცა.
„მე ინჟინერი ვარ და არა გარემოს დამცველი“, – ამბობს მაიკლ პოლსკი და თითქოს ამით განმარტავს, თუ რატომაა, რომ განახლებადი ენერგოსისტემების შექმნაზე გატარებული 17 წლის თავზე, კვლავ აღტაცებაში მოდის 125 ფუტის სიგრძის ქარის ტურბინათა პროპელერების დანახვისას, ელეგანტურად რომ დაბზრიალებენ ცაში. სწორედ მანქანა-დანადგარები უყვარს ამ სერიულ ანტრეპრენიორს. და შენება. და სარფიანი გარიგებების გაჩარხვა. აირზე მომუშავე ტურბინების შექმნის შედეგად ასი მილიონის მფლობელის სტატუსს რომ მიაღწა, 71 წლის პოლსკიმ ქარის ენერგია უკვე მილიარდერის სტატუსად გარდაქმნა.
ჩვენ Grand Ridge Energy Center-ში გვაქვს ექსკურსია – განახლებადი ენერგიის კომპლექსში, რომელიც პოლსკის კერძო კომპანიამ, Invenergy-მ, ააშენა და ფლობს კიდეც და რომელიც Invenergy-ს ჩიკაგოური სათაო ოფისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 80 მილის მოშორებით მდებარეობს. პოლსკი ენთუზიაზმითა და სიამაყით გვაჩვენებს 140 ქარის ტურბინას, 120 აკრის მომცველ მზის პანელებს და უშველებელ ბატარეას, რომელსაც, საგანგებო სიტუაციაში, ერთ საათში 39 მეგავატის გამომუშავება შეუძლია (საკმარისის, დაახლოებით 38,000 სახლი რომ მოამარაგოს). მერე ეს 70-ს გადაცილებული ტანადი ანტრეპრენიორი ხვეული ნაცრისფერი თმით ახალი „ორსახოვანი“, გნებავთ, ორმხრივი ფოტოვოლტური პანელებისკენ მიგვიძღვის, რომელთაც ასევე შეუძლიათ მიწაზე ასხლეტილი მზის სხივების დაჭერა და, ტრადიციულ მზის პანალებთან შედარებით, 8%-ით მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ იმდენივე კვადრატულ ფუტზე. „ეს კარგი და მომწიფებული ტექნოლოგიაა. დარწმუნებით შეიძლება, ამის თქმა, – ამბობს პოლსკი მსუბუქი უკრაინული აქცენტით. – რევოლუცია მოგებულია“.
პრაგმატული, მოგებაზე ორიენტირებული დეველოპერები, როგორიც მაიკლ პოლსკია, საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ მსოფლიოს სუფთა ენერგიის მომავლის რეალობად ქცევისათვის.
ტექნოლოგიური რევოლუცია ანუ. საგადასახადო შეღავათების გარეშეც კი ქარისა და მზის ენერგია ახლა უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავი, რაც ვითარების მართლაც შთამბეჭდავი ცვლილებაა ამ ბოლო ათწლეულში არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სუფთა ენერგიის საგადასახადო კრედიტების განახლება უნდა (მათ მალე გასდით ვადა). ამასთან, პრეზიდენტის $2-ტრილიონიანი კლიმატის ცვლილების გეგმის ფარგლებში, პირობაა დადებული, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში 60,000 ქარის ტურბინა და 500 მილიონი მზის პანელი აშენდება, რათა 2035-ისთვის, ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროქსელის მიღწევა გახდეს შესაძლებელი. რესპუბლიკური სენატი, დიდი ალბათობით, ამგვარი ხარჯვის დიდ ნაწილს დაბლოკავს.
არა უშავს. ახლა, როცა დიდი ქალაქები, შტატები და კორპორაციები საკუთარ „ნულოვანი ნახშირბადის“ გეგმებს სახავენ, მოთხოვნა ინდუსტრიული მასშტაბის მზისა და ქარის ენერგიაზე, ახლა რომ შიდა ენერგომომარაგების მხოლოდ 12%-ზეა პასუხისმგებელი, მკვეთრად გაიზრდება. პოლსკი G.E. Power-ისგან ყიდულობს ტურბინებს, რომელთა ზომა ორჯერ აღემატება Grand Ridge-ში არსებულებს (700-ფუტისანი, ნიუიორკის Trump Tower-ზე მაღლები არიან) და თითო სამ მეგავატამდე ენერგიას გამოიმუშავებს. პოლსკის განზრახული აქვს, 1,000-ზე მეტი ტურბინა აღმართოს კანზასში, 100,000 აკრის მიწაზე – ნაკვეთზე, რომელიც, ამ უშველებელი დანადგარების წყალობით, ქვეყნის უმსხვილეს ქარის ფერმად შეიძლება, იქცეს.
ტექნოლოგიური რევოლუცია კი არის მოგებული, მაგრამ პოლსკის ჯერ ადგილები აქვს შესარჩევი თავისი ქარის წისქვილებისთვის და ქარის ენერგია – ადამიანებამდე მისატანი. ამ ფრონტზე კი კონფლიქტები გრძელდება. ფერმერებს სულაც არ უხარიათ, რომ Invenergy-მ შეიძლება, საკუთრების ექსპროპრიაციის კანონები გამოიყენოს და მათ მიწაზე კორიდორი დაისაკუთროს 800 მილის სიგრძის, $7-მილიარდიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისთვის (რომელსაც Grain Belt Express-ი ეწოდება), რაც ენერგიას კანზასიდან მისურის გავლით ილინოისამდე მოძრაობის საშუალებას მისცემს. ქარის ფერმებთან დაკავშირებული დავები, ბოლო პერიოდში, სად აღარ გაღვივდა – მყარად რესპუბლიკური ვაიომინგით დაწყებული, მყარად დემოკრატიული სანტა-ბარბარათი დამთავრებული.
ირონია აქ ისაა, რომ პრაგმატული, მოგებაზე ორიენტირებული დეველოპერები, როგორიც პოლსკია, – მზად რომ არიან, მტკიცედ შეხვდნენ მეზობელი მოსახლეობის პროტესტს და კანონისა და ლობირების საშუალებით ძალმომრეობას მიმართონ – საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ მსოფლიოს სუფთა ენერგიის მომავლის რეალობად ქცევისათვის. „იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მარტო ჩვენი სურვილი არ კმარა“, – გვაფრთხილებს პოლსკი.
1976 წელს 26 წლის პოლსკი და მისი ორსული ცოლი, მაია, რომელიც წყვილის უკრაინაში ცხოვრებისას ინგლისურს ასწავლიდა, დეტროიტში $500-ითა და ოთხი ჩემოდნით ჩავიდნენ. პოლსკის მაგისტრის ხარისხი მიეღო უკრაინაში წამყვან კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ, როგორც ებრაელი, მომავალს, ფაქტობრივად, ვერ ხედავდა საბჭოთა უკრაინაში. საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც წყვილს დეტროიტში გადასახლებაში დაეხმარა, პოლსკის ურჩია, რაიმე ფიზიკური სამუშაო მოეძებნა. მაგრამ მან ასობით რეზიუმე დაგზავნა და ინგლისურის მწირი ცოდნის მიუხედავად, ინჟინრის თანამდებობა მოიპოვა Bechtel-ის ელექტროსადგურში, მოგვიანებით კი ABB-სა და Fluor-ში გადაინაცვლა.
ჭვარტლიანი, მხრჩოლავი, ქვანახშირის მწველი ქარხნები იმხანად განვითარების პიკს წარმოადგენდა ჭარბად რეგულირებულ ენერგობიზნესში. მაგრამ ახალი შესაძლებლობაც იჩენდა თავს: 1978 წელს კონგრესმა ენერგოინდუსტრიის ნაწილობრივი დერეგულირება მოახდინა და საშუალება მისცა დამოუკიდებელ სტარტაპებს, ენერგოსადგურები აეშენებინათ და გამომუშავებული პროდუქტი ელექტროქსელისთვის მიეყიდათ.
და ამ ცვლილებამ მისცა პოლსკის, უკრაინელ ინჟინერს, საშუალება, საკუთარი თავი ამერიკელ ბიზნესმენად ექცია. 1985 წელს მან და მისმა პარტნიორმა Indeck Energy Services-ი ჩაუშვეს, რათა ე.წ. თანაგამომუშავების პროექტებზე ემუშავათ, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის გამომუშავების მეორეული პროდუქტის სახით წარმოებული ორთქლი ინდუსტრიული ქარხნებისთვის გამოიყენება. University of Chicago-ს Booth School of Business-ში ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხზე მუშაობის პარალელურად, პოლსკი ქვეყნის გარშემო მოგზაურობდა და თავის პროდუქტს ისეთ კომპანიებს მიჰყიდდა, როგორიც DuPont-ია.
1991 წელს, თავის პირველ ბიზნესპარტნიორთან ცხარე განშორების შემდეგ, პოლსკიმ სეხნია ენერგოკომპანია ჩაუშვა ჩიკაგოში, რათა აირზე მომუშავე ელექტროსადგურები აეშენებინა, მოგვიანებით კი კომპანიას სახელი SkyGen-ად გადაუკეთა.
Indeck-ი წარმატებული იყო, მაგრამ პარტნიორობა გაფუჭდა და პოლსკი საქმეს ჩამოაშორეს. მან გაასაჩივრა და, სასამართლო გარიგების შედეგად, $25 მილიონი მიიღო. 1991 წელს მან Polsky Energy დააფუძნა, რომელსაც მერე სახელი შეუცვალა და SkyGen-ი უწოდა. ეს კომპანია აირზე მომუშავე ისეთი გენერატორების შექმნაზე სპეციალიზდებოდა, რომელთაც სწრაფად შეეძლოთ ენერგიის უზრუნველყოფა და მოთხოვნის პიკში, იმ დროისთვის მაქსიმალურ ფასადაც იყიდებოდნენ. ათი წლის შემდეგ პოლსკიმ SkyGen-ი საჯარო ბაზარზე მბრუნავ Calpine-ს მიჰყიდა $450 მილიონად (ვალის გამოკლებით); მას ამ თანხის დაახლოებით ნახევარი ერგო.
მას ახლა ასი მილიონი ჰქონდა, მაგრამ ფრუსტრირებული იყო, Calpine-ის საბჭოში მოლოდინის რეჟიმში ყოფნა რომ უწევდა, ნაცვლად გარიგებების გაჩარხვისა და საკუთარი შოუს მოწყობისა. ჰოდა, წამოვიდა, თან SkyGen-ის ოთხი კოლეგა წამოიყვანა და საკუთარი კაპიტალით, $75 მილიონით, Invenergy-ს შექმნას შეუდგა.
პოლსკის თავდაპირველი გეგმა ბუნებრივ აირზე ფოკუსირებას გულისხმობდა, მაგრამ ბაზარი ასეთ ენერგოსადგურებს დაეტბორა (2005 წელს $17 მილიარდის ვალის მქონე Calpine-მაც გაკოტრებისგან დაცვა მოითხოვა). ამრიგად, 2003-ში Invenergy-მ ქარის ბიზნესის მოსინჯვა დაიწყო. პირველად Tennessee Valley Authority-სთვის პატარა და იმედის გამაცრუებელი პროექტი განახორციელა, რომელიც ბიუჯეტზე ძვირი დაჯდა და, როგორც გაირკვა, ცისფერ ქედზე, ისეთ ადგილას იყო განლაგებული, სადაც ქარი საკმარისად ძლიერად არ ქროდა. Invenergy-მ გაკვეთილი გაითავისა და მისი მომდევნო პროექტები – მონტანის, კოლორადოსა და აიდაჰოს უფრო ქარიან მხარეებში განთავსებულები – გაცილებით დიდი იყო… და მოგებიანიც.
2006 წელს პოლსკის ქონება $367 მილიონს შეადგენდა. ეს ილინოისის სასამართლოს ინფორმაციაა, რომელმაც მას მოსთხოვა, ქონების ნახევარი მაიასთვის გადაეცა, რადგან ამ უკანასკნელს განქორწინებაზე შეეტანა განცხადება. პოლსკიმ წარუმატებლად სცადა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება; ჩიოდა, რომ (სხვა რამეებთან ერთად), მას აქტივთა ლიკვიდურობა აიძულეს ყოფილი ცოლისთვის ფულის გადასახდელად. ასე იყო თუ ისე, ამ ამბავს დიდხანს არ შეუშლია ხელი მისი, როგორც გარიგებათა დამდებისა და სიმდიდრის შემქნელის, კარიერისთვის.
პოლსკის ქარის ტურბინები, ცხადია, ფსოვებსა და ღამურებს შეიწირავს, მაგრამ ჰაერში ვერცხლისწყალს, კადმიუმს, გოგირდის დიოქსიდსა თუ CO₂ -ს არ გაუშვებს.
დღეისათვის Invenergy-სა და მის შვილობილებს 160 პროექტი აქვთ აშენებული, რაც ქარის, მზისა და ბუნებრივი აირის 25,000 მეგავატ ენერგიად – გნებავთ, 5 მილიონი სახლის სამყოფ ენერგიად – ითარგმნება. პოლსკიმ ამ წარმოების დაახლოებით 55% დიდ კანადურ საპენსიო ფონდსა და სხვა ინვესტორებს მიჰყიდა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, პროექტებს კვლავ Invenergy ხელმძღვანელობს. „ზრდის საუკეთესო გზა კაპიტალის გადამუშავებაა ახალ პროექტებად, – ამბობს პოლსკი. – ჩვენ აქტივებს ვყიდით, რათა ფული მოვიზიდოთ და კონტროლი შევინარჩუნოთ. კონტროლზე რომ მეთქვა უარი, მეტ ფულს მოვიზიდავდი, მაგრამ კონტროლზე უარის თქმა არასდროს მნდომებია“.
მართალია, პოლსკი არ ამხელს კერძო მფლობელობაში არსებული Invenergy-ს ფინანსურ დეტალებს, ანალიტიკოსების თანახმად, მთელი საწარმო დაახლოებით $10 მილიარდად უნდა ფასობდეს. ერთობლივი საწარმოს პროცენტებისა და სავარაუდო დავალიანებების გამოკლების შემდეგ, Forbes-ის შეფასებით, პოლსკის საკონტროლო წილი მას $1.5 მილიარდის პატრონად აქცევს. Invenergy დღეს ქარის ენერგიის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია აშშ-ში; პირველ ადგილს NextEra Energy იკავებს – საჯარო ბაზარზე მბრუნავი საზოგადო სარგებლის ჰოლდინგ-კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $150 მილიარდს შეადგენს.
დავბრუნდეთ ჩიკაგოში. პოლსკი ექსპრომტად ატარებს ექსკურსიას იმ სამ სართულზე, რომლებიც Invenergy-ს აქვს დაკავებული უან-საუთ-ვეკარ-დრაივზე პანდემიურ ქალაქ-მოჩვენებაში, რომელიც, იდეაში, ჩიკაგოს ცენტრია. პარასკევი დილაა. წესით, იქ ათობით ადამიანი უნდა ფუსფუსებდეს ღია სამუშაო სივრცეებსა და კაბინეტებში, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელად არიან, მათ რიცხვში 24/7-ზე მომუშავე გუნდს ნახავთ, რომელიც Invenergy-ს კონტროლის ცენტრს წარმოადგენს და რომელიც თვალს ადევნებს და ამუშავებს კიდეც ქვეყნის გარშემო მიმოფანტულ 6,774 ქარის ტურბინას.
Invenergy-სთან ერთად ბინას პოლსკის ვენჩურული ფონდის ოფისები იყოფენ – $150-მილიონიანი ფონდისა, რომელიც მწვანე ტექნოლოგიაზეა ფოკუსირებული. ფონდის პორტფოლიოს 13 ინვესტიციათა შორის არიან Drone Deploy, რომელიც ტურბინის პროპელერთა ინსპექციას ინფრაწითელი სხივებითა და დრონებით ახდენს, და Volta, რომელიც ელ-მანქანების დასამუხტი სადგურების ქსელს ქმნის.
ბოლო პერიოდში პოლსკიმ უხალისოდ ჩაანაცვლა სამსახურის კაბინეტი და დასადგომი სამუშაო მაგიდა სახლის მისაღები ოთახითა და Zoom-შეხვედრებით და მეტ დროს ატარებს მეორე ცოლთან, 47 წლის ტანიასთან (ის ყოფილი ბანკირია) და მათ სამ შვილთან ერთად. „ახლა ოჯახთან გაცილებით მეტ დროს ვატარებ, ვიდრე მანამდე, – აღიარებს გარიგებათა გულანთებული მოყვარული. თუმცა, უკმაყოფილო არ ჩანს. – რაღაც მხრივ ახლა აღმოვაჩინე, რას ნიშნავს შინ ყოფნა“.
ის გარემოება, რომ პოლსკის ხელი ეშლება შენებაში და ბრძოლა უწევს, ბევრს ამბობს როგორც ქარის ენერგიის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევების, ისე საკუთრივ პოლსკის შესახებ: ის ნამდვილად გაქნილ, პრაგმატულ ოპერატორად იქცა. მის ყველაზე ამბიციურ პროექტად $4.5-მილიარდიანი Wind Catcher-ი შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რომელსაც 2,000 მეგავატის ენერგიის გამომუშავება შეეძლო ოკლაჰომაში მდებარე 800 ტურბინიდან. Invenergy მუშაობას 2016-ში შეუდგა, მაგრამ სამუშაოების შეჩერება მოუხდა, როცა ტეხასის რეგულატორებმა – ანტიქარის ენერგიის ჯგუფების, მაგალითად, Windfall Coalition-ის (რომელსაც საწვავის ჰიდრავლიკური მოპოვებით დაკავებული მილიარდერი ჰაროლდ ჰამი აფინანსებს) მიერ შეგულიანებულებმა – მისი პროექტი დაბლოკეს და თქვეს, გადასახადების რიგით გადამხდელებს არ მოუტანს საკმარის სარგებელსო. Invenergy-სთვის ამას ხელი არ შეუშლია და დღეს პარტნიორთან, საზოგადო სარგებლის გიგანტ American Electric Power-თან ერთად, ოკლაჰომაში ქარის ფერმებს აშენებს, რათა ამ შტატსაც მოემსახუროს და არკანზასის, ლუიზიანისა და ტეხასის გარკვეულ მხარეებსაც.
და გზაშია Grain Belt Express-იც, რომელიც, $7 მილიარდის ხარჯებით, 800 მილის მაღალი ძაბვის გადამცემს ააშენებს კანზასიდან ილინოისამდე მისურის გავლით. ეს პროექტი თავდაპირველად ქარის ინდუსტრიის პიონერის, მაიკლ სკელის გონების პროდუქტი გახლდათ, რომლის Clean Line Energy-ს, სხვებთან ერთად, მილიარდერი ზიფის ოჯახი აფინანსებდა. სკელის გუნდმა, ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების იმედით, მეზობელ მოსახლეობასა და ბიუროკრატებთან ბრძოლაში $100 მილიონი დახარჯა. „ათი წლის შემდეგ გაგვიჭირდა კაპიტალის მოზიდვა“, – ამბობს სკელი, რომელიც ახლა უფროს მრჩევლად მსახურობს Lazard-ში.
პოლსკი Grain Belt-ის მართვის სადავეების გადაბარებას იმ პირობით დათანხმდა, რომ Invenergy ამ ნებართვებს მოიპოვებდა. სხვა სიტყვებით, ერთადერთი, რასაც წინასწარ რისკავდა, იურისტებისა და ლობისტების ხარჯები იყო. „ეს გაცილებით რთული ამბავია, ვიდრე უბრალოდ ქარის ფერმის აშენება“, – აღიარებს პოლსკი, რომელიც აღტაცებაში მოჰყავს ამ გამოწვევას. კანონპროექტი, რომელიც Invenergy-სნაირ არასაზოგადო სარგებლის კომპანიებს არ მისცემს ნებას, საკუთრების ექსპროპრიაციის კანონი გამოიყენონ კერძო მიწის დასაპატრონებლად, ამ წელს იქნა მისურის სახელმწიფო ასამბლეაში მიღებული, მაგრამ შტატის სენატმა ის „უჯრაში“ ჩადო. ამასობაში, მისურის ორმა სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა Grain Belt Express-ისთვის გაცემულ თანხმობას შტატის საზოგადოებრივი სერვისის კომისიის მხრიდან.
მიმდინარე აპელაციების მიუხედავად, ფერმერები – მაგალითად, ლორენ სპრაუსი, რომლის ოჯახი 480 აკრის ნაკვეთს ფლობს კანზას-სიტის დასავლეთში, რომელიც მაღალი ძაბვის გადამცემმა უნდა გადაკვეთოს – ეგუებიან მათთვის სამწუხარო ფაქტს, რომ Invenergy ექსპროპრიაციის კანონის ძალით შეძლებს მოლაპარაკებას. „საკუთრების ექსპროპრიაცია როცა ხდება, ფასზე მოლაპარაკება კვლავ არის შესაძლებელი, თუმცა ამის უფლება ექნებათ“, – ამბობს სპრაუსი.
„მე ინჟინერი ვარ და არა გარემოს დამცველი“
მაიკლ პოლსკი
სპრაუსის მიწას უკვე კვეთს ნავთობქიმიკატების სამი მიწისქვეშა მილსადენი, რომლებსაც, მისი თქმით, გამთბარი, ნედლი ქიმიკატები გადააქვთ – „იმდენად ცხელი, რომ მიწას ახმობენ და ნათესებს კლავენ“ (მართლაც, პოლსკის გადამცემებიც ზუსტად ამ მილსადენის გასწრივ განლაგდება). მაგრამ სპრაუსს მაინც დამალული მილსადენები ურჩევნია უშველებელი გადამცემების ხილულ ბოროტებას. ის ნერვიულობს, რომ ელექტრომაგნიტური რადიაცია საზიანოა ჯანმრთელობისთვის. პოლსკი Invenergy-ს სამართლებრივი გამარჯვებებით არის შეგულიანებული, მისურიში რომ მოიპოვა, და ელის, რომ ამას ილინოისშიც მოჰყვება წარმატება. „აშენდება. ეს უნდა მოხდეს“, – ამბობს ის.
მეტოქე ინტერესთა სრული სპექტრის – და პოლსკის ტაქტიკების – კარგ ილუსტრაციას იძლევა ნიუ-იორკის რურალურ ოლქებში, ტბა ირის აღმოსავლეთით მდებარე ალეგინისა და კეტაროგუსში წარმართული ბრძოლები. აქ Invenergy ნებართვის მოპოვების პროცესს გადის თავისი Alle-Catt Wind Farm-ისთვის, რომელიც მაქსიმუმ 340 მეგავატის გამომმუშავებელი 117 ტურბინის განთავსებას აპირებს 30,000 აკრზე, ბუფალოს სამხრეთით. ფერმერები ძველი წესის ამიშების, შვარცენტრუბერების სექტიდან ამ რეგიონში 2011 წელს დასახლდნენ თანამედროვე ტექნოლოგიისგან თავისუფალი ცხოვრების ძიებაში. ისინი და სხვა მიწათმფლობელები ტურბინების ზომას, ხმაურს, ღამღამობით წითლად მოციმციმე განათებას და იმ სტრობოსკოპიური ნათურის ეფექტს აპროტესტებენ, რომელსაც მობზრიალე პროპელერების უკან ამომავალი თუ ჩამავალი მზე ქმნის.
„მათი რელიგიური რწმენის მიხედვით, ინდუსტრიულ განვითარებასთან ახლო არ უნდა იცხოვრონ“, – ამბობს სექტის ადვოკატი, გარი იბრაჰამი. მათ შტატის განაშენიანების საბჭოს 2,000 ფუტის დაშორების უზრუნველყოფა სთხოვეს ტურბინებსა და თავიანთ სახლებს და ბეღლებს შორის, რამდენადაც ეს უკანასკნელნი, მათ თანახმად, კომუნის დე ფაქტო ეკლესიებს წარმოადგენს. მაგრამ საბჭოს განკარგულებით, მათ მხოლოდ ტიპურ 1,500 ფუტის დაშორებაზე მიეცათ უფლება ტურბინებსა და სახლებს შორის და არა 2,200 ფუტისა, ეკლესიებს რომ ეძლევათ ჩვეულებრივ. სხვა ადგილობრივი პროტესტი საბჭომ უგულებელყო. „ტკბილი ენის ექსპერტები არიან და კარგად იციან, როგორ უნდა დაატოვებინონ მიწათმფლობელებს თავიანთი მიწები, – ამბობს იბრაჰამი Invenergy-ზე. – მათში არაფერი მწვანე არ არის. დოლარს თუ არ ჩავთვლით“. გაბითურებულმა ამიშებმა შტატის ჩრდილოეთ მხარეში დაიწყეს ახალი მიწის ძიება.
უნდა ვაღიაროთ, რომ Invenergy-ს ტაქტიკებმა კომპანია გამადიდებელი შუშის ქვეშ მოაქცია. გასულ წელს ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ის $25,000-ით დააჯარიმა გაუმჟღავნებელი ინტერესთა კონფლიქტისათვის: Invenergy-მ მოახერხა მისთვის სახარბიელო ქარის კანონების მიღება ქალაქ ფრიდომსა და ქალაქ ფარმსვილში ისე, რომ არ გაუმჟღავნებია, რომ ქალაქის კონკრეტულ დამსაქმებლებსა და თანამდებობების პირებთან მიწის იჯარების ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. პროკურორი ჯინჯერ შროდერი, რომელიც ფარმსვილში ლოკალურად ტრადიციულ და აწ უკვე გადაშენებულ, ეგზოტიკურ ფრინველებს ზრდის, აღშფოთდა და 2019-ში მოქალაქეების ორგანიზება მოახდინა, რათა ეს თანამდებობების პირები გადაეყენებინათ. თანამდებობაზე მოსვლისთანავე, ახალი მმართველობის პირველი ნაბიჯი Invenergy-სთან დამეგობრებული, წინამორბედების მიერ მიღებული კანონების გაუქმება იყო, აი, მაგალითად, კანონის, რომელიც ტურბინებიდან გამომავალი ხმაურის დასაშვებ დონეს ზრდიდა.
შროდერი იბრაჰამის სასამართლო საქმესაც უჭერს მხარს ნიუ-იორკის განახლებადი ენერგიის განაშენიანების საბჭოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი Alle-Catt-ისთვის მიცემული თანხმობის გაუქმებაა. „Invenergy-ს ძალიან მიზანსწრაფული, ცალხმრივი პერსპექტივა აქვს და უგულებელყოფს კანონებს, კომუნებსა და ყოველგვარ პროტესტს“, – ამბობს ის.
პოლსკი არ უარყოფს, რომ მისი ცალსახა მიზანი შენებაა. „განახლებადი ენერგია არავის შეუქმნია იმის გამო, რომ ელექტროენერგია სჭირდებოდათ, – ამბობს ის. – აშენებ რაღაცას, რომ ჩაანაცვლო რაღაც სხვა“. ამ შემთხვევაში, ის ნიუ-იორკის უკანასკნელ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს ანაცვლებს – 686 მეგავატის გამომმუშავებელ საწარმოს ბუფალოსთან ახლო, რომელიც 2020-ის მარტში დაიხურა. Alle-Catt-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელს შეადგენს და ამ დროის მანძილზე, პროგნოზის თანახმად, მისი ტურბინები 41 თეთრთავა ფსოვსა და ათასობით ღამურას შეიწირავენ. მაგრამ ჰაერში ვერცხლისწყალს, კადმიუმს, გოგირდის დიოქსიდსა თუ CO₂-ს არ გაუშვებენ. პოლსკის ეჭვიც არ ეპარება, რომ ქვანახშირის გამონაბოლქვთა ჩანაცვლების სარგებელი გადასწონის გამქრალ ფსოვებსა თუ ამიშებისა და სხვა ფერმერების დისკომფორტს.
„მხოლოდ ფულს თუ აკეთებ, რაღაც შეზღუდვები გაქვს, – ამბობს ის. – როცა გაქვს მისია, რწმენა, სულ სხვა დონეზე მოქმედებ. ისე ღრმად გწამს, რომ არა-ს პასუხად არ იღებ“.