ქართულ კინოს საფრთხე ემუქრება

ქართულ კინოს საფრთხე ემუქრება

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე ხმაურიანი რეორგანიზაციის ფონზე ნინო კირთაძემ ევროპის საბჭოს კინოფონდსა და ევროპული კინოს პრომოუშენში საქართველოს წარმომადგენლის პოსტი დატოვა. სანამ ბუნდოვანი და კინოს სექტორისთვის საფრთხედ აღქმული პროცესი მიმდინარეობს, მიმოვიხილეთ ის თემები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის განსჯის საგანი გახდა და ქართული კინოს მდგომარეობასა და პოტენციალზე ვილაპარაკეთ. გთავაზობთ ინტერვიუს ნინო კირთაძესთან.

მო­გე­სალ­მე­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად მოგ­ვი­ყევით ევ­რო­პის საბ­ჭოს კი­ნო­ფონდ „ევრიმაჟის“ შე­სა­ხებ,  რო­მელ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მადგე­ნე­ლი იყა­ვით, შემ­დეგ კი ქარ­თულ კი­ნო­ზეც ვი­ლა­პა­რა­კოთ.

„ევრიმაჟი“ – ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფონდი, რომელიც დაახლოებით ორმოც ქვეყანას აერთიანებს (უმრავლესობა ევროპული ქვეყნებია) და 2011 წლიდან საქართველოც არის წევრი ქვეყანა. ყოველწლიური საწევრო გადასახადის სანაცვლოდ, ქვეყნებს შეუძლიათ ეროვნული კინოს პროექტების წარდგენა და საერთაშორისო დაფინანსების მიღება. წესების მიხედვით, „ევრიმაჟის“ გრანტი უნდა იყოს ფინანსური მონტაჟის ბოლო ეტაპი, ანუ მანამდე უკვე უნდა იყოს მოპოვებული ფილმის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 50% კოპროდიუსერი ქვეყნების კინოცენტრებიდან, შესაბამისი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლებიდან და უნდა გყავდეს გაყიდვების აგენტიც (sales agent). წლის განმავლობაში იმართება რამდენიმე სესია და თითოეული სესიის დროს ხდება წევრი ქვეყნების პროექტების წარდგენა კონკურსის წესით, ჟიურის წინაშე. თითოეულ ქვეყანას ჰყავს თავისი წარმომადგენელი და 2019 წლიდან მე ჩავერთე ამ პოზიციაზე, როცა კონკურსში სალომე ჯაშისა და დეა კულუმბეგაშვილის პროექტები მონაწილეობდა. ჩემი საქმიანობა მდგომარეობს იმაში, რომ კონკურსზე შეტანილი პროექტის პაკეტი წარმოვაჩინო ისე, რომ სხვა პროექტებთან კონკურენციაში უპირატესი გამოჩნდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფილმის პროექტის წარდგენასთან ერთად შენი ქვეყნის ლობირებასაც ახდენ. მსოფლიოს გამოჩენილი რეჟისორები მონაწილეობენ ამ კონკურსში, თითქმის ყველა დიდი სახელი: ჩელანი, მუნჯიუ, ტრიერი, ბელოკიო… მიმდინარეობს ინტენსიური, ინტელექტუალური და პოლიტიკური პაექრობა და ასეთი ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, კონკურსში ქართველი რეჟისორები იმარჯვებენ. ჩემი მოვალეობაა, შევაფასო თითოეული პროექტის უპირატესობები და სისუსტეები, შევქმნა პროექტის წარდგენის სტრატეგია და პაკეტის ძირითად დოკუმენტებთან ერთად (სცენარი, რეჟისორის ხედვა, პროდიუსერის ხედვა) ვცადო იმ კომპონენტების წამოწევა, თუნდაც ჩემი სამსახიობო უნარებით, რითაც პროექტი მიმზიდველი, გამბედავი და საინტერესო აღმოჩნდება ჟიურისთვის. ცალკე ხელოვნებაა კარგი ფილმის წარმოჩენა და დაცვა.

რას იტყო­დით პრო­ექ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რო­ბა­ზე, ხში­რად გვეს­მის პო­ზი­ცი­ა, რომ კი­ნო პო­ლი­ტიკუ­რი არ უნ­და იყოს და უნდა დარ­ჩეს მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბად… რო­გო­რაა თუნ­დაც „ევრიმაჟში“?

არ გამოვა ეს არასოდეს, ამათი გამიჯვნა. მით უმეტეს, დღეს, პოლიტიკა რომც არ გინდოდეს, ის თავად შემოდის შენს ცხოვრებაში. შეხედეთ, რა ხდება – ომი არის ევროპის შუაგულში. სიტყვა და ნებისმიერი ნაბიჯიც კი იშლება პოლიტიკურ ჭრილში და არც არასდროს გამოდიოდა სხვაგვარად. აიღეთ ფილმი „შერეკილები“ – ეს არის პოლიტიკური ფილმი. ეს არის ფილმი თავისუფლებაზე.

ალ­ბათ თქვე­ნამ­დეც მო­ვი­და ბრალ­დე­ბე­ბი „საფესტივალო კლას­ზე“ რი­თაც მო­იხ­სე­ნი­ეს ქარ­თ­ვე­ლი სი­ნე­ას­ტე­ბი (filmmaker-ები), რომ ვითომ მხო­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლე­ბის­თ­ვის იღებ­დ­ნენ…

A კლასის ფესტივალებზე რომ ვართ, ცუდია? ცუდია, მსოფლიო რომ ნახულობს ქართულ კინოს? ეს, პირიქით, საამაყოა. კინო არსებობს საავტორო და კომერციული, მათ შორის არის განსხვავება და კინოცენტრის არსი და პოლიტიკა საავტორო კინოს ხელშეწყობაა. საავტორო კინოს საფრანგეთშიც კი სჭირდება დაცვა და კინოცენტრებს ეს ფუნქცია აკისრია.

რი­სი მო­ლო­დი­ნი გაქვთ და რო­გორ აფა­სებთ საფ­რ­თხე­ებს? თუნ­დაც, ცენ­ზუ­რის საფ­რ­თხეს. მაგა­ლი­თად, უკ­ვე გვაქვს ცენ­ზუ­რის ქე­ი­სი კი­ნო­ცენტ­რის ჟურ­ნა­ლის „კინ-O”-ს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომლის ბო­ლო ნო­მე­რი აღარ და­ი­ბეჭ­და კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბი­სა და თე­მა­ტი­კის გა­მო (ნომრის თე­მა იყო ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის ურ­თი­ერ­თობა). ასე­ვე, შე­საძ­ლო საფ­რ­თხე­ე­ბად მიჩ­ნე­უ­ლია კონ­ტ­რო­ლის გამ­კაც­რე­ბა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სცენა­რი­სა და უკ­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის შე­სა­ბა­მისო­ბა­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნიც უნ­და იყოს, ავ­ტო­რებს არ მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­მე ისე­თი გა­და­ი­ღონ, რაც წი­ნას­წარ არ ეცო­დი­ნე­ბა კი­ნო­ცენტრს.

ეს კარგს არაფერს მოიტანს, რადგან დაახლოებით იგივეა, ბავშვი სანამ დაიბადება, წინასწარვე იცოდე და თქვა, რომ იქნება მაღალი, ტანადი და გამოვა აკადემიკოსი. ხომ კომიკურია? საქმე ისაა, რომ, ჯერ ერთი, ძალიან რთულად არის აღქმული ნებისმიერი კრიტიკა. იმის ნაცვლად, რომ პოზიტიურად იღებდე, ალბათ არ უნდათ არანაირი კრიტიკის მოსმენა. და მეორეც – თუ არ იცი სფერო, ვერაფერს ვერ გააკეთებ. კონტროლის დამყარება თუ გინდა, მაშინაც კი მოგიწევს, იცნობდე სფეროს. სცენარი ცოცხალი ორგანიზმია და ამას წინათ ჟუსტინ ტრიემაც [კანის 2023 წლის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმის რეჟისორი] კი თქვა, ფილმი, რომელიც უდრის სცენარს, არის ნულიო. რეჟისორია და ესმის, რომ ასე ხდება – ხელოვნებასთან გვაქვს საქმე.

ცალ­კე მინ­და გთხო­ვოთ, შე­ა­ფა­სოთ ქარ­თუ­ლი კი­ნოს ბი­უ­ჯე­ტი იმ მიღ­წე­ვებ­თან შე­და­რე­ბით, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გვაქვს.

დაფინანსება გვაქვს ძალიან მწირი. მე მგონი, ასე ცოტა ფული არცერთ სხვა ქვეყანას არა აქვს. ამის გამოცაა, რომ ჩვენთან ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, რადგან ჰგონიათ, მათ დაფინანსება რომ არ შეხვდათ, ვინმემ წაართვა. საოცრად ცოტა ფულია, თუნდაც იმ მხრივ, რომ წელიწადში თითო კატეგორიაში მხოლოდ ერთხელ ცხადდება კონკურსი. ორჯერ მაინც რომ ტარდებოდეს მხატვრული სრულმეტრაჟიანი ან კოპროდუქციის ფილმების კონკურსები, ხომ სხვა სიტუაცია გვექნებოდა?! და ეს ცოტა ფულიც კი სინამდვილეში ჩვენს პროდიუსერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნების კინოფონდებს მიაკითხონ და მცირე ქართული დაფინანსებით დაიყოლიონ სხვები, შემოვიდნენ კოპროდუქციაში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფულის სიმწირე ქმნის საფრთხეს, რომ დავკარგოთ ფილმის მაჟორიტარული წილი და ფილმი იმ ქვეყანას მიეწეროს, ვინც მეტ ფინანსურ კონტრიბუციას გააკეთებს. კინოს პოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესო ეს სიტუაცია, როგორ იშოვო დამატებით ფული, თუნდაც ტელევიზიების ჩართვით, ეროვნული დისტრიბუციის ხელშეწყობით და ქართველი მაყურებელი მიაჩვიო კინოს ყურებას.

ბო­ლოს მინ­და, გთხო­ვოთ, ორი ჰი­პო­თე­ზუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოთ. პირ­ვე­ლად, ყველა­ზე პე­სი­მის­ტურ პროგ­ნოზ­ში, და­ვუშ­ვათ, რომ ყვე­ლა ში­ში გა­მარ­თ­ლ­და, რაც ამ პრო­ცე­სის ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბობს და მი­ვი­ღებთ ცენ­ზუ­რას, კონ­ტ­როლს და კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რულ ფილ­მებს. თქვენი აზ­რით, რა და­აკ­ლ­დე­ბა ქარ­თულ კი­ნოს და მსოფ­ლიო მას­შ­ტაბ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ზი­ციებს რა საფ­რ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა?

გახსოვთ „ხუთი წინააღმდეგობა”? [ლარს ფონ ტრიერის ექსპერიმენტული ფილმი, რეჟისორის შემოქმედებით უნარებზე მკაცრად შეზღუდულ მოცემულობებში.] თუ ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, მაგრამ ხელოვანი ადამიანის ბუნებაა ისეთი, რომ გამოსავალს აუცილებლად მოძებნის. გაიხსენეთ საბჭოთა დრო… შემოქმედებით მუხტს ვერაფერს უზამ, რაც არ უნდა ქვაბი დააფარო, ეს პოტენციალი საქართველოში არსებობს და ქართული კინო ამით [ცენზურითა და კონტროლის მცდელობებით] ვერ გაჩერდება – მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხომ გინახავთ, ყვავილი ასფალტიდანაც რომ შეიძლება ამოიზარდოს, ასეთი რამეა თავისუფლება, რომელიც არის ძალიან ძვირფასი რამ და ხელოვანი ამ განცდის გარეშე არ არსებობს. წარსულში ბევრჯერ უცდიათ, გვაქვს ამის მაგალითებიც, იყო შავ-ბნელი პერიოდები კინოში, მაგრამ ეს შემოქმედებითი თავისუფლების მუხტი არ მოკვდა და ბუმერანგივით ბრუნდებოდა სულ. მე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ქართული კინოს დახრჩობა. წავლენ და სხვაგან გააკეთებენ ფილმებს, უცხოეთშიც იშოვიან დაფინანსებას. როცა ჩვენს ახალგაზრდა პროდიუსერებს ვუყურებ, ვფიქრობ – ამ ენერგიას რა გააჩერებს?! მაგალითად, სულ ახლახან, Close up-ის პროგრამის სელექციაში სამი ქართული პროექტი იყო, ერთმანეთზე უკეთესები, რომლებზეც ლაპარაკი არის „კანში“, „სანდენსში“… გრძნობ ამ მუხტს, რომელსაც ვერ გაგუდავ. „ხუთი წინააღმდეგობაც“ მაგალითია, რომ ყველა გამოუვალი მდგომარეობიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი და უბრალოდ დაიწყება ამ გამოსავლების ძებნა, თორემ მუხტს ვერ მოკლავენ.

მო­დი, ახ­ლა სა­პი­რის­პი­რო წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ: ქარ­თულ კი­ნოს საკ­მა­რი­სი და­ფი­ნან­სე­ბა და ხე­ლისშეწყო­ბა რომ ჰქონ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და სწო­რი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, რა სი­მაღ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა, მი­ვაღწი­ოთ? მსოფ­ლიო რუ­კა­ზე თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბის რამ­ხე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს?

ხელის შეწყობა, რასაკვირველია, საჭიროა ფინანსების მხრივ, რომ მეტი ფული გამოიყოს, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრატეგია. ფილმის კეთება ხომ გრძელი და მრავალეტაპიანი პროცესია და საჭიროა სწორი ნაბიჯების გათვლა. მაგალითად, რა ეტაპზე უნდა მოხდეს გაყიდვების აგენტებთან დაკავშირება და მათი ჩართვა. სამუშაო გვაქვს, როგორ უნდა დავაინტერესოთ სერიოზული გაყიდვების კომპანიები ჩვენი კინოპროდუქციით, როგორ უნდა ვისწავლოთ ფილმის პროექტის პაკეტის შეკვრა, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ მსოფლიოს ნებისმიერ კინოფონდში, განსაკუთრებით, სამი მთავარი კოპროდუქციის ქვეყნების: საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის ფონდებში. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ახალ შესაძლებლობებს ფეხი ავუწყოთ მსოფლიო მასშტაბით, როგორ დავხარჯოთ გამოყოფილი ბიუჯეტი სწორად და სცენარის ფილმთან შესაბამისობის შემოწმების ნაცვლად, ეფექტიანად მივუდგეთ ფილმის კეთების ყველა ეტაპს და დროულად ჩავრთოთ ის კომპონენტები, რომლებიც საბოლოოდ წყვეტენ ფილმის ბედს, მოხვდება ის „კანში“ თუ სხვა ადგილას.