ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ თითქმის ₾62 მილიარდს მიაღწია

ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ თითქმის ₾62 მილიარდს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.96%-ით, 1.19 მილიარდი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 61.96 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 10.94% შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 552.94 მილიონი ლარით, 1.92%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.29% შეადგინა. ამავდროულად, 1.99%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.57%-ით), 637.65 მილიონი ლარით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ივლისის ბოლოსთვის 50.33%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან მიმართებით არ შეცვლილა.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.