მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პროფესიული სერვისების მიმწოდებელი კომპანიის „გრანთ თორნთონის“ ისტორია სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისში იღებს. დღეს ორგანიზაცია 150 ქვეყანაში 73,000-მდე ადამიანს აერთიანებს, საქართველოს ბაზრისთვის კი საერთაშორისო გამოცდილება 2005 წლიდანაა ხელმისაწვდომი. „გრანთ თორნთონ საქართველოსა“ და მისი სერვისების შესახებ კომპანიის ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების (BPS) დეპარტამენტის დირექტორი, მაგდა ელისაშვილი გვესაუბრა.
მაგდა, თავდაპირველად თქვენ შესახებ გვიამბეთ – როგორ გადაიკვეთა თქვენი და „გრანთ თორნთონის“ გზები?
ჩემთვის ხარისხიანი განათლება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო – გარდა ქართული საუნივერსიტეტო ცოდნისა, მქონდა საშუალება, მესწავლა საზღვარგარეთაც. ამის შესაძლებლობა მალევე მომეცა და ირლანდიაში წავედი გაცვლითი პროგრამით. იქ, ლიმერიკის უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ, სწავლების მიდგომებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ჩემი მსოფლმხედველობა.
საქართველოში დაბრუნებისთანავე გავიარე ინტერნშიპი „გრანთ თორნთონში“. გუნდისა და პარტნიორების მხარდაჭერით, ექვსი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციის თანამიმდევრული გავლით, იმ დეპარტამენტის დირექტორი გავხდი, სადაც 19 წლის ასაკში ინტერნშიპის გავლის შესაძლებლობა მომეცა.
მიუხედავად მრავალგვარი გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობისა, მუდმივი განათლება ყოველთვის რჩება ჩემს პრიორიტეტად, შესაბამისად, მაგისტრატურის საფეხურზე ავსტრიაში მივიღე განათლება. ამ ყველაფერს Forbes-ის აღიარებაც დაემატა.
რა უპირატესობას გაძლევთ Forbes 30 Under 30-ის რჩეულობა?
Forbes-ის რჩეულობა გაძლევს უპირატესობას, სხვადასხვა სფეროს ლიდერებთან გქონდეს მარტივი კომუნიკაციისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, ესაა პასუხისმგებლობა და ყოველდღიური განვითარების ვალდებულება. მსგავსი გამოცდილება შთამაგონებელია დამწყებთათვის – შემიძლია, მაგალითი ვიყო ჩემი გუნდის წევრებისთვის და ხელი შევუწყო მათი ლიდერობის პოტენციალის გამოვლენას.
რას გულისხმობს და მოიაზრებს ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების (BPS) სერვისი?
ამ სერვისის პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია და პროფესიული სერვისების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც, პერსონალური მიდგომების გამოყენებით, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესოს ოპერაციების მართვის მეთოდები და სისტემები.
BPS-ის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე „გრანთ თორნთონს“ ბიზნესისთვის ჰოლისტური გადაწყვეტილებების შეთავაზება სურდა, რაც გულისხმობდა სისტემას, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის ტრადიციული მიდგომების საზღვრებს გასცდებოდა. თავდაპირველად მსგავსი სერვისი ამერიკისა და ევროპის ბაზრის მოთხოვნა იყო.
კომპანიის საუკუნოვანი გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა BPS-ის გაუმჯობესებაზეც აისახა. დღეს ეს სერვისი თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულია, რადგან ჩვენი ამოცანაა, მოვერგოთ ბაზრის საჭიროებებს. ამოსავალი წერტილი ბიზნესთან ურთიერთობაა მათი ზრდისა და განვითარების დასაჩქარებლად, ამის მისაღწევად კი ჩვენ და ბიზნესის მმართველი რგოლი არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად ვმუშაობთ.
კონკრეტულად, რა პროცესების მართვაში იღებთ მონაწილეობას?
BPS-ის სერვისი ლოკალური ბაზრის გამოწვევებზეა მორგებული, თუმცა მიდგომები, მეთოდოლოგია და პრინციპები დროთა განმავლობაში უმჯობესდება და იხვეწება. საერთაშორისო გამოცდილება და გაზიარებული ცოდნა გვეხმარება, სწორი კითხვები დავუსვათ მომხმარებელს, გამოვიყენოთ სექტორული ცოდნა და გავცეთ ოპტიმალური რეკომენდაციები. ვიზიარებთ გლობალურად არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და ვახდენთ მის ინტეგრაციას საქართველოში. შესაბამისად, ქართული ბიზნესისთვის ავტომატურად ხელმისაწვდომს ვხდით იმ ცოდნასა და პრაქტიკებს, რაც „გრანთ თორნთონმა“ წლების განმავლობაში დააგროვა.
სხვადასხვა ქვეყანაში BPS-ი სხვადასხვა სერვისს მოიაზრებს. საქართველოში ის მოიცავს ფინანსურ, საგადასახადო და მენეჯერულ აღრიცხვას, კორპორაციულ რეპორტინგსა და ბიზნესპროცესების დიაგნოსტიკას. ეს უკანასკნელი აქტუალური ახლა ხდება და ბიზნესს ეფექტიან დაგეგმარებასა თუ ურთიერთდაკავშირებული პროცესების მართვაში ეხმარება.
მუშაობის პროცესში ვთანამშრომლობთ კომპანიების თითოეულ დეპარტამენტთან, შემდგომ კი მზადდება სახელმძღვანელო, რომლითაც ბიზნესს შეუძლია ყოველდღიური ოპერაციების იდენტიფიცირება და სწორი შეფასება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესების შესაბამისად შესრულებას, მონიტორინგისა და კონტროლის სისტემების ჩამოყალიბებას. გამოვყოფ ერთ მნიშვნელოვან სერვისს – ადამიანური რესურსებისა და სახელფასო განაცემების მენეჯმენტსაც.
რა არის BPS-ის უპირატესობა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით?
ტრადიციულ მიდგომასთან შედარებით ეს სერვისი პროაქტიულია და ბიზნესს საშუალებას აძლევს, მიიღოს კონსულტაცია ხარვეზების, მათი გამოსწორების შესახებ მუშაობის პროცესშივე და არა შედეგის დადგომის შემდეგ. სამუშაო პროცესში დიდი როლი ეთმობა ფინანსური ინფორმაციის მრავალდონიან დამუშავებას. თითოეულ პროექტზე მუშაობს გუნდი, რომელიც სპეციალიზებულია კონკრეტული მიმართულებით ან/და ინდუსტრიის შესაბამისად.
ბიზნესპროცესების გამართვისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს დამუშავებული და აღრიცხული ინფორმაციის დამატებით ანალიზს, რეპორტინგის სახით ხელმძღვანელობისთვის წარდგენას და მათთან ერთად ფინანსური შედეგების განხილვას. შეიძლება ითქვას, ვაერთიანებთ სუბიექტურ და ობიექტურ პარამეტრებს. ჩვენ, BPS-ის გუნდი, წარმოვადგენთ გარე ექსპერტს, რომლის ობიექტური შეფასება განსხვავებულია მმართველი რგოლის სუბიექტური ხედვისგან. ამგვარი კოლაბორაცია გვეხმარება, შეხედულებებისა და მიდგომების ბალანსი დავიცვათ და ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ბიზნესის გამოწვევებს საუკეთესოდ უპასუხებს.
რამ განაპირობა საქართველოში მისი დანერგვის აუცილებლობა? რამდენად აქტუალურია ქართული ბიზნესებისთვის ეს სერვისი?
ქვეყანაში მომხდარმა პოზიტიურმა ცვლილებებმა ჩვენს გუნდს საშუალება მისცა, ადგილობრივი ბიზნესისთვის საერთაშორისო გამოცდილება გაეზიარებინა და მომსახურების ხარისხი ყველა მიმართულებით დაეხვეწა. ბიზნესის კეთების გამარტივებამ უცხოელი ინვესტორების ინტერესი გამოიწვია და ძალიან ბევრმა კომპანიამ საკუთარი ფილიალიც გახსნა საქართველოში.
საწყის ეტაპზე ძირითადი მოთხოვნა სწორედ საერთაშორისო კომპანიებისგან გაჩნდა. მათ სურდათ, სხვადასხვა იურისდიქციისა და შვილობილი კომპანიის ფარგლებში ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო პროცესების ჰარმონიზაციისთვის ხელი შეეწყოთ. ამ ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში შემოტანამ დაგვანახა, რომ პრაქტიკა ქართული ბიზნესისთვისაც წარმატების საფუძველი იქნებოდა.
ევროინტეგრაციის პროცესი, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის შექმნის გამოწვევებს, რომლებიც ამ დრომდე შესაძლოა მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებისთვის ყოფილიყო აქტუალური. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს შესაძლებლობა, ქართულ ბიზნესს ტრანსფორმაციის პროცესში მიმართულება მივცეთ. გვინდა, ქართულ ბიზნესს დავანახოთ დაგეგმარებისა და სტრუქტურული სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რათა შემდგომი განვითარება უფრო მდგრადი იყოს.
რა ტიპის ბიზნესებს სჭირდებათ BPS-ი ყველაზე მეტად?
ეს სერვისი ისეთივე საინტერესო შეიძლება იყოს წარმატებული და ჩამოყალიბებული სტრუქტურის მქონე ბიზნესისთვის, როგორიც ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი კომპანიისთვის. ყველაზე ხშირი მომართვიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსგანაა, რაც გამოწვეულია მათი თანამშრომლების დიდი რაოდენობით და საოპერაციო მასშტაბის ზრდით. ამიტომ სარგებლობენ ისინი BPS-ის სერვისებით, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის მოქნილობას განაპირობებს.
დიდია მოთხოვნა გადაზიდვების, სადისტრიბუციო, წარმოებისა და საექსპორტო სექტორების მხრიდან. შეგვიძლია გამოვყოთ ჰორეკა-სექტორიც, რომლისთვისაც, რთული სტრუქტურისა და კომპლექსური ოპერაციების გამო, BPS-ი ძალზე აქტუალურია.
ძირითადად დიდ ორგანიზაციებს ვგულისხმობ, თუმცა ეს სერვისი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია. საწყის ეტაპზე მათ საკმარისი ფინანსური ცოდნა შეიძლება არ ჰქონდეთ და, შესაბამისად, ხშირად მოგვმართავენ, რათა თავიდანვე სწორად დაგეგმონ ბიზნესპროცესები და სამომავლოდ დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა გაუმარტივდეთ. ეს მათთვის გრძელვადიანი ინვესტირებაა, სარგებელი, რომელიც მომავალში დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვით მიიღება.
რამდენად ხელმისაწვდომია სერვისი მცირე ზომის კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის, რომლებსაც ბევრი რესურსი არა აქვთ?
დამწყები მეწარმეებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და კონსულტაციებისთვის ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან ჩვენი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა და, შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მომსახურების საფასურიც შედარებით შეღავათიანია.
ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საწყის ეტაპზე ფულადი ნაკადების მართვა, არც იმის გარანტია არსებობს, რომ იდეა აუცილებლად გაამართლებს და ამ ნაწილსაც ვითვალისწინებთ, რომ მისთვის გაწეული ხარჯი ძალიან დიდი არ იყოს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წვდომა კოლექტიურ ცოდნაზე, რომელსაც ერთი კონტრაქტის ფარგლებში იღებენ. გვქონია შემთხვევები, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე უნდოდათ შესვლა, ჩვენ კი „გრანთ თორნთონის“ შესაბამის წარმომადგენლობასთან დავაკავშირეთ, რათა საშუალება ჰქონოდათ, რჩევა დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ. პირველადი კონსულტაცია, ცოდნის გაზიარება არის მათთვის მთავარი სარგებელი.
რა იქნება ქართული ბიზნესების მთავარი გამოწვევა მომდევნო წლებში?
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა, ქართული ბიზნესისთვის ევროპულ ბაზარზე გაფართოების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ეს შესაძლებლობები თავის თავში მოიაზრებს ვალდებულებასაც, ევროკავშირში არსებულ სისტემებსა და რეგულაციებთან ადაპტირებაც ეფექტიანად მოვახერხოთ. სწორედ ამ ეტაპზე ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ქართული ბიზნესი ცვლილებებს გამართული სააღრიცხვო და მმართველობითი სისტემებით შეხვდეს.
მნიშვნელოვანი იქნება ტექნოლოგიებთან სწრაფი ადაპტაცია, რადგან ევროპული ბაზარი ამ მხრივ ჩვენთან შედარებით წინაა. ამავდროულად, საყურადღებო გამოწვევაა ტალანტების შენარჩუნებაც – ევროინტეგრაციის პროცესმა შესაძლოა ადამიანური რესურსების გარკვეული დოზით გადინება გამოიწვიოს, ეს კი უნდა შევაჩეროთ იმ საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, რომლებიც ევროპაში უკვე დანერგილია.
მსგავს სერვისს ბიზნესს ალბათ სხვებიც აწვდიან. რა გამოარჩევს „გრანთ თორნთონს“ მათგან?
გამომდინარე იქიდან, რომ BPS-ის სერვისის სახით ბიზნესს გაცილებით მეტს ვთავაზობთ, ვიდრე მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვაა, ჩვენ გამოგვარჩევს მომხმარებლის საჭიროებების მიმართ პროაქტიული მიდგომა – პოტენციურ რისკს მუშაობის პროცესშივე აღმოვაჩენთ და მის პრევენციას ეფექტიანად, ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით ვახერხებთ.
მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის გარდა, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის „გრანთ თორნთონი“ დიდ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა დეპარტამენტს შორის აქტიურ თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებასა და სინერგიას, რაც, თავის მხრივ, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, კოლექტიური ექსპერტიზა გამოიყენონ.
ამასთან, პროექტთან დაკავშირებული პროცესების მართვისთვის ვიყენებთ ინოვაციურ პლატფორმას – ვირტუალურ ოფისს, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესპროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კომუნიკაცია, დოკუმენტების გაცვლა, დავალებების მართვა და ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგი მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციით.
როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა BPS-ის დეპარტამენტის დირექტორის რანგში?
პირველი მიზანი – უწყვეტი გაუმჯობესებაა. ეს ეხება როგორც პროცესებს, ისე ადამიანებსა და გუნდს. ძლიერი, მუდმივად განახლებადი და მზარდი კომპეტენციების მქონე გუნდია ის ფაქტორი, რომელიც ჩვენი დეპარტამენტის წარმატების საწინდარია.
ევროინტეგრაციის პროცესიც გვავალდებულებს, რომ პროდუქტებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად „გრანთ თორნთონის“ გლობალური გამოცდილება ქართულ ბიზნესს გავუზიაროთ. ჩვენი ქსელი აერთიანებს მრავალფეროვან სერვისებს, რომელთა ნაწილი ქართულ ბაზარზე ჯერ არაა ხელმისაწვდომი, რადგან აქამდე მოთხოვნა არ არსებობდა, ახლა კი ვმუშაობთ, რომ აღნიშნული მიმართულებები ქართულ ბაზარზეც იყოს წარმოდგენილი.