საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებენ ქართული კომპანიები, რომელთა საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არც კი იცის. ხშირ შემთხვევაში ამ კომპანიების მიღმა საქართველოში უკვე წარმატებული და დარგში ცნობადი ადამიანები დგანან. ისინი საქართველოს სახელს მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩენენ და საზღვრებს გარეთ ქვეყნის წარმატებაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
მსგავსად, დიდი ალბათობით, საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ყავის მწარმოებელი ქართული ბრენდი „მონდო“ პირველი ქართული ყავაა, რომელიც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გამოჩნდა და თავის დამკვიდრებაც მალევე მოახერხა. „Lumika C Corp“ კი უკვე კალიფორნიაში დაარსებული კომპანიაა, რომლის მისიაა, აშშ-ში ქართული, მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წარადგინოს.
ამ ორივე კომპანიის მიღმა ნიკა ფელანგია დგას – „მონდოს“ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, „Lumika C Corp“-ში კი დამფუძნებლის რანგში. ამჟამად, თავად შტატებში ცხოვრობს და პარალელურად საქართველოში აგრარული მიმართულებით კიდევ ერთი წამყვანი კომპანიის, „ბარაქას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
მაგრამ, აშშ-სა და საქართველოში საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე იყო განვითარების გრძელი გზა – დატვირთული ახალი გამოცდილებებითა და გამოწვევებით. მიუხედავად სირთულეებისა, კარიერული ცხოვრების თითოეული ეტაპი ერთმანეთს თანამიმდევრულად ერთვოდა, რამაც საბოლოოდ საინტერესო და ერთიანი სურათი შექმნა.
ფინანსურ სექტორში გატარებული 10 წლის შემდეგ, ბიზნესზე გადაერთო, საბანკო საქმიდან სოფლის მეურნეობაშიც გადაინაცვლა და მენეჯერული როლებიდან ახლა უკვე სხვადასხვა კომპანიისა თუ სტარტაპის დამფუძნებლის პოზიციაც შეითავსა. როგორც Forbes-თან საუბრისას აცხადებს, საბანკო სექტორში გატარებულ წლებს დროის კარგვად ნამდვილად არ მიიჩნევს, პირიქით, ბავშვობის ოცნების ახდენას უკავშირებს და იმასაც აღიარებს, რომ ეს ეტაპი მისი შემდგომი განვითარების მყარ საფუძვლად იქცა.
კარიერული ცხოვრების ამ ეტაპზე ნიკა ორ ფინანსურ ინსტიტუტში, Alliance Group Leasing-სა და BIG Microfinance Organization-ში კომერციული დირექტორის პოზიციას იკავებდა და გაყიდვების, იურიდიულ და მარკეტინგის დეპარტამენტებს უძღვებოდა.
ორივე კომპანიაში მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სტუდენტების რეკრუტინგს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სწორედ მაშინ დაინახა, თუ რამხელა პოტენციალი იყო ახალგაზრდულ ენთუზიაზმში, რომელსაც სწორი გადამზადებისა და სწავლების შემთხვევაში გარდამტეხი შედეგების მოტანა შუძლია კომპანიის განვითარების გზაზე. მართლაც, ახალი ტალანტების მოძიება და გადამზადება, ერთი მხრივ, სასარგებლოა თავად კომპანიისთვის, პარალელურად კი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების საპასუხისმგებლო მიზანსაც ემსახურება. რაც მთავარია, ნიკას ეს მიდგომა კარიერის შემდგომ ეტაპებზეც არ შეუცვლია და სწავლებისა და გადამზადების პროგრამები უკვე მისი ბიზნესის შემადგენელ ნაწილადაც აქცია.
ათი წლის შემდეგ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ინდუსტრიის დროც დადგა. როგორც ამბობს, სოფლის მეურნეობაში გადაბარგება რთული არ ყოფილა, რადგან წარსული გამოცდილებით მყარი საფუძველი უკვე არსებობდა. თუმცა პირდაპირ საკუთარი ბიზნესის შექმნით არ დაუწყია – თავდაპირველად რამდენიმე კომპანიაში დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, აგრარულ მიმართულებასა და საქართველოს პოტენციალს შეისწავლიდა.
ამავე პერიოდში შემოვიდა მის ცხოვრებაში ყავის მწარმოებელი „ბბ კომპანი“ ქართული ბრენდით „მონდო“, რომელშიც უკვე წლებია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. კომპანიაში მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ყავის მწარმოებელი ქარხანა და „მონდომ“ მარცვლების მიწოდება საერთაშორისო ბაზარზეც დაიწყო, პროდუქციის ახალი ხაზი, „დრიფ“ ყავის სახით, წარადგინეს აშშ-სა და საქართველოში. „მონდო“ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე დიდი ნაბიჯებით იზრდება. მომხმარებლისგან დადებით შეფასებებს იღებს, გაყიდვებიც, საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე, ყოველ წელს მინიმუმ ორმაგდება.
აგრარული მიმართულებით განვითარების შემდეგი ეტაპი კომპანია „ბარაქას“ უკავშირდება, რომლის პარტნიორადაც ნიკა 2019 წლიდან გვევლინება.
„მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში, რამდენიმეკაციანი გუნდი 130 წევრისგან შემდგარ ორგანიზაციად ვაქციეთ, გავხსენით ფერმერთა მომსახურების 12 ცენტრი, 40-მდე ევროპულ და ამერიკულ კომპანიას წარმოავდგენთ საქართველოში. ბაზარზე დავნერგეთ არაერთი ინოვაციური პროდუქტი, მათ შორის არის მეურნეობის სატელიტით მართვის სისტემა EOS, რითაც მნიშვნელოვნად დავეხმარეთ ქართველ ფერმერებს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ვუძღვებით სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით.
კომპანია „ბარაქა“ პესტიციდების, სასუქების, თესლებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის იმპორტს ეწევა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტად მახარებს, რომ ჩვენი ბიზნესსაქმიანობის მიღმა, აქტიურად ვართ ჩართულები ტალანტების მოძიებისა და გადამზადების პროცესში.
საქართველოში სამუშაო ბაზარზე აგრონომების დეფიციტი გვაქვს და ჩვენი სწავლების პროგრამებითა და გადამზადების პროექტებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. 50-მდე აგრონომი გადავამზადეთ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნით. ამაში ძალიან დიდი რესურსი ჩავდე და მიმაჩნია, რომ ამ 50 კვალიფიციური პროფესიონალის კონტრიბუცია მნიშვნელოვანი საქმეა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – აცხადებს Forbes Georgia-სთან ნიკა ფელანგია.
ამ დარგში გადასვლის შემდგომ სწორედ მისი დამსახურებით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე არაერთი მცენარეთა დაცვის ინოვიციური ბიოსაშუალება და ისეთი სასუქი,როგორიცაა მაიკოაპი, ნუტრიბუსტი, ფერტიფონი, სურაუნდი და სხვა.
საქართველოს ბაზარზე თავის დამკვიდრების შემდეგ, პრიორიტეტად რეგიონში გაფართოება იქცა. მომავალი წლიდან „ბარაქა“ აზერბაიჯანში გამოჩნდება, რომელსაც პროდუქცია საქართველოში არსებული ცენტრალური საწყობიდან მიეწოდება. ქვეყნებს შორის მსგავსება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფირმა ახალ ბაზარზე საკმაოდ მალე გაეშვება და ბიზნესის წარმართვის პროცესიც გუნდისთვის შედარებით მარტივი იქნება.
ამ ყველაფრის პარალელურად კი ნიკას ცხოვრებაში ამერიკა ჩნდება და მისი „ამერიკული ოცნებაც“ სრულდება. შეერთებულ შტატებში, მით უმეტეს „ჰარვარდში“ სწავლა, სრულიად ახალი ემოციები და გამოცდილებაა, რაც შემდგომში წარმატების ძლიერ წინაპირობადაც იქცევა. თავადაც, მისი ცხოვრების გარდამტეხ პერიოდად სწორედ „ჰარვარდში“ გატარებულ დროს ასახელებს, რაც თვითრწმენის ჩამოყალიბებასა და მოტივაციის გაძლიერებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა:
„თქვენც თავად იცით „ჰარვარდის“ გარემო, იქ მყოფი სტუდენტები და ბევრად დიდი მოტივაცია იყო ის, რომ მე, რომელიც აფხაზეთში დავიბადე და მთელი ბავშვობა დევნილობაში, საერთო საცხოვრებელში გავატარე, მოვხვდი მსგავს ადგილას და მსგავს საზოგადოებაში.
„ჰარვარდი“ დამეხმარა, განსხვავებული თვალით დამენახა ბევრი საკითხი, მიმეღო ძალიან დიდი ცოდნა და, რაც მთავარია, ურთიერთობა და კავშირები, რომლებიც უნივერსიტეტის შემდგომაც გრძელდება. ჰარვარდის ბიზნესსკოლის Program for Leadership Development (PLD) დავასრულე. ეს არის აქსელერილებული სპეციალური EMBA პროგრამა წარმატებული პროფესიონალებისთვის, რომ მოხდეს მათი მაღალი დონის ლიდერებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დაფასება, რაც მახსოვს, იყო როდესაც 200 ადამიანს შორის, არჩევნების გზით, დამამთავრებელ ცერემონიალზე მთელი კურსის სპიკერად ამირჩიეს.
შემდგომ უკვე ამ ურთიერთობებით წარმოქმნილი უპირატესობა, რაც თან სდევს მსგავსი ტიპის საზოგადოებასთან საქმიან თუ არასაქმიან კავშირებს, სამომავლოდაც ძალიან წამადგა. ამის გარეშეც, ამ გამოცდილებამ ჩემზე და ჩემს როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია“,- ამბობს ნიკა.
ამჟამად კი, მის ახალ კომპანია „Lumika C Corp“-ს უდგას სათავეში, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ, კალიფორნიაში დააარსა. სამომავლო გეგმებზეც აქტიურად ფიქრობს, რაც საქართველოსა და მისი აგრარული ინდუსტრიის განვითარებაზეც აისახება.
„Lumika C Corp“-ის მისიაა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობა შევძლოთ არა მარტო საქართველოში, არამედ ასევე ამერიკაშიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ ამერიკული ბაზრის სტანდარტებს, რეგულაციებს და ქართული, ხარისხიანი და ძვირად ღირებული პროდუქცია წარვადგინოთ შტატებში. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი დრო და ენერგია იხარჯება, რათა შევძლოთ და ჩვენი ქვეყნიდან ამერიკაში დავიწყოთ ბიონიშური პროდუქტების იმპორტი“.
„ Lumika C Corp “ ამჟამად სასტარტო ეტაპზეა, თუმცა უკვე მოახერხა და ჯამში რვა გარიგება დახურა, მათ შორის იორდანიიდან, ესტონეთიდან, ჩინეთიდან, ბულგარეთიდან, სერბეთიდან და პოლონეთიდან. კომპანია გაჩერებას არ აპირებს, სამომავლოდ ზრდას განაგრძობს და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერსპექტივაში ამერიკის ბაზარზე ძლიერ მოთამაშედ პოზიციონირდება. S