ქართული ღვინის მატრიარქი

ქართული ღვინის მატრიარქი

Schuchmann Wines-ი დაარსებიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ ზრდის გასაოცარ, 300%-იან მაჩვენებელს აღწევს: 1,5 მილიონი პრემიუმ-ხარისხის ქართული ღვინო 15-ზე მეტ ქვეყანაში და საერთაშორისოდ აღიარებული ტურისტული ღირსშესანიშნაობა – სამშობლოში. ჩამონათვალი ამით არ შემოიფარგლება, ისევე როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის, ნუცა აბრამიშვილის, ბიზნესუნარები. მან მოახერხა, ორმაგად რთულ გარემოში – კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში – ყოფილიყო გამორჩეული.

რამდენჯერაც თავს უფლებას მივცემ “ვინოტერას” “ქისი” გავხსნა, რომელიც ხუთი თვით ჯერ ქვევრში, შემდეგ კი მუხის კასრშია დავარგებული, მისი გამაოგნებელი ბუკეტი გემოს რეცეპტორებს შორის გამოვცრა (გამომშრალი გარგარისა და ნუშის არომატები სჭარბობს) და უკვე ყელისკენ გადაგორებული ნექტრის უსასრულო დაბოლოების ფოიერვერკით გატაცებულმა, კვლავ ბოთლისკენ გავაპარო ხარბი მზერა – იმდენჯერ წარმომიდგება თვალწინ კისისხევის ზღაპრულ ბუნებას ჰარმონიულად შერწყმული შატო, რომელსაც ახლო წარსულში ვსტუმრობდი.

სწორედ “ვინოტერას” შატოში გავიცანი Schuchmann Wines-ის დამფუძნებელი ბურკჰარდ შუხმანი და მისი ბიზნესპარტნიორი, კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი.

უშუალო შეხვედრამდეც კარგად მომეხსენებოდა გერმანელი ბურკჰარდ შუხმანის ვინაობა (ისევე როგორც ყველას, ვისთვისაც კარგი ღვინის დეგუსტირება მხოლოდ დღესასწაულებთან არ არის დაკავშირებული. Schuchmann Wines-ის ელექსირისთვის საცობის მოხსნა ხომ თავისთავადაა პატარა დღესასწაული). ლოკომოტივების წარმოების ინდუსტრიულმა მენეჯერმა, რომელიც ამავდროულად ღვინის გამორჩეული მოყვარული გახლავთ, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს საქართველო და ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია აღმოაჩინა. მან მაშინვე შეიცნო კავკასიაში დაცული ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიების პოტენციალი… ასე დაარსდა 2010 წელს Schuchmann Wines-ი – ღვინის სიყვარულით, საქართველოს დაფასებითა და $9-მილიონიანი ინვესტიციით.

ქართული ტრადიციებისა და გერმანული ბიზნესმიდგომის პირმშო კომპანია დღეს 120 ჰექტარ ვენახს, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს და შატოს ტიპის დასასვენებელ კომპლექსს ფლობს და მის პორტფელში ათზე მეტი დასახელების ღვინოა, რომლებიც, ძირითადად საექსპორტო ბაზრებზეა ორიენტირებული.

სამაგიეროდ, შატოს სტუმრობისას, ბევრი არაფერი ვიცოდი ნუცა აბრამიშვილზე. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ინტერვიუს მსვლელობისას აშკარა გახდა: ღვინის მეურნეობას მეტი ქალი ტოპმენეჯერი სჭირდება. და ამ აზრს, როგორც ჩანს, მარტო მე არ ვიზიარებ.

როგორც აღმოჩნდა, მეღვინეობაში დამკვიდრებული ბევრი პროფესიონალი თვლის, რომ ქალებს ამ ინდუსტრიაში დიდი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ აფასებდნენ – როგორც ღვინის მოყვარულების, ასევე ინდუსტრიის ავტორიტეტების რანგში. ღვინის მეურნეობაში, ტრადიციულად, კაცები დომინირებდნენ, თუმცა დღეს ამ მცდარ წარმოდგენებს წამყვანი ღვინის სახლები ანგარიშს აღარ უწევენ. თავად განსაჯეთ – კალიფორნიის უდიდესი ღვინის სახლების კრიტიკულ უმრავლესობას, ფაქტობრივად, ქალები მართავენ. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ღვინის სიყვარულს – International Journal of Wine Business Research-ის კვლევა ცხადყოფს, რომ დრომოჭმული დაშვებები და ვადაგასული, ექსკლუზიურად კაცებზე ორიენტირებული მარკეტინგული მიმართულება გაყიდვებს ძალიან ვნებს. იცოდით, რომ ამერიკაში ყოველი 10 ბოთლიდან 8 ქალის მიერაა შეძენილი?

ნუცა აბრამიშვილს მეორედ ქარვასლაში შევხვდი, სადაც ხუთიოდ თვის წინ მისმა გასტრონომიულმა პროექტმა შეისხა ფრთები. ქალაქის უძველეს ბიზნესცენტრ “ქარვასლაში” ქართული კულტურა, მეღვინეობა და გასტრონომია – როგორც თავად ამბობს, “ის სამი ძირითადი ელემენტი, რაც საქართველოს უნიკალურსა და მიმზიდველს ხდის” – ერთ პატარა სივრცეში გაერთიანდა. ამ სივრცის კედლები მე-17 საუკუნისაა, ხოლო ინტერიერი უძველესი ქართული მუხისგან დამზადებული ხელნაკეთი ავეჯითაა გაწყობილი. ნუცა აბრამიშვილს ამ რესტორანთან დაკავშირებით, რომლის განვითარების მიმართულებაზეც მოგვიანებით მოგითხრობთ, დიდი გეგმები აქვს. არა მარტო Schuchmann Wine Bar-თან დაკავშირებით, არამედ უფრო ზოგადადაც შეგვიძლია ვთქვათ – მას დიდი გეგმები და უფრო დიდი ბიზნესამბიციები გააჩნია: “საქართველოში ღვინოსა და ტურიზმს აქვს უდიდესი პოტენციალი. Schuchmann Wines-ს მომავალში ვხედავ, როგორც ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს აერთიანებს და რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია იქნება სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში – როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, – აქ პატარა პაუზას იღებს და ამატებს, – თხუთმეტ, მაქსიმუმ ოც წელიწადში, დარწმუნებული ვარ, Forbes-ის მილიარდერ ქალთა რეიტინგში ადგილს დავიკავებ”.

მისი მასშტაბური ბიზნესამბიცია აბსოლუტურად გამართლებულია – ამის გარეშე ხომ ნამდვილად გაუჭირდებოდა იმ წარმატების მიღწევა, რაც მან ორმაგად რთულ გარემოში – კაცებით დომინირებულ ბიზნესში – უკვე მოახერხა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე მართლაც დაგვავალებს Forbes-ის ჰედ-ოფისი მისი პირადი ქონების სკრუპულოზურად დათვლას, Forbes Women-ის სიის ფორმირების პროცესში.

მართალია, ნუცა აბრამიშვილი მომავალზე კონცენტრირდება, თუმცა ჩემი ვალია, პირიქით, წარსულზე გავამახვილო ყურადღება, ამიტომ თავიდან მოვყვეთ:

ახალგაზრდა ტოპმენეჯერი ქალის კარიერა თბილისის მერიის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტიდან იწყება: “ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, კონკურსის საფუძველზე, თბილისის მერიაში მოვხვდი. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე საჯარო მოხელის თანამდებობაზე, სადაც ძალიან დიდი სკოლა და პრაქტიკა გავიარე. ეს იყო წლები, როდესაც საქართველოში რეფორმების, განვითარებისა და აღმავლობის, ინვესტიციების მოზიდვის პერიოდი იყო და მხვდა პატივი, ყველა ამ მნიშვნელოვან პროექტში ვყოფილიყავი ჩართული. საკმაოდ კარგ დეპარტამენტში ვმუშაობდი მერიაში და მიწევდა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებმაც ამ ეტაპისთვის დიდი გამოცდილება მომცა. ამიტომ არ მიძნელდება ახლა ის საქმიანობა, რომლითაც დაკავებული ვარ”.

ამის შემდეგ იგი კერძო სექტორში ინაცვლებს – ჯერ Deloitte-ში, შემდეგ USAID-ში, სადაც ტურიზმის სექტორის მენეჯერის პოზიციას იკავებს. “აქაც დიდი გამოცდილება მივიღე. ვმუშაობდი ძალიან კარგ, უცხოელ ექსპერტებთან. ჩვენი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გამოვლენა და შესაბამისი პროექტების შემუშავება იყო”.

თუმცა, როგორც თავად აღიარებს, არც ერთი პრაქტიკა არ შეედრება იმ გამოცდილებას, რომელიც მან Schuchmann Wines-ში მუშაობით მიიღო – “ჰარვარდის დონის პრაქტიკა”, როგორც თვითონ უწოდებს, რასაც უპირველეს ყოვლისა სწორედ გამორჩეული გერმანელი მენეჯერის, ბურკჰარდ შუხმანის მხარდამხარ მუშაობას უმადლის. ხუმრობა ხომ არაა, მისმა მენტორმა სწორედ იმ რთულ ინდუსტრიაში შეძლო თავის გამოჩენა, რომელიც ამავდროულად გერმანული ეკონომიკის სავიზიტო ბარათია – მანქანათმშენებლობაში: “ამ ადამიანისგან ისეთი ბიზნესმიდგომები მაქვს ნასწავლი, რომ არ მგონია, რამე სფეროში დავიბნე, რამე სფეროში არ ვიყო საკუთარ თავში დარწმუნებული და რამე სფერო ვერ შევაფასო. უბრალოდ აღარ მაქვს ამის უფლება”. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, უახლოეს მომავალში მას სხვა სფეროში თავის შეფასება ნამდვილად არ მოუწევს. სულ რაღაც სამ წელიწადში ნუცა აბრამიშვილმა Schuchmann Wines-ის პარტნიორობამდე მიღწევა შეძლო და ახლა ეს კომპანია მისი პირადი ბიზნესიცაა, რომლის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის.

ნუცა აბრამიშვილი Schuchmann Wines-ს 2012 წლიდან შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესიული განათლება ეკონომიკა, ბიზნესი და საჯარო მართვაა (და ღვინოშიც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გარდა მეღვინეობის ოჯახური ტრადიციისა), Schuchmann Wines-ის შეთავაზებას მაინც დათანხმდა. კომპანიის სამომავლო სტრატეგია და კონცეფცია სტარტაპობის პერიოდში ფორმირდებოდა და მის განსაზღვრაში მონაწილეობის პერსპექტივა ნუცა აბრამიშვილისთვის მიმზიდველი გამოდგა: “ძალიან საინტერესო შეგრძნებაა, როდესაც შენ თვითონ ხარ შექმნის პროცესის კონტრიბუტორი. შეიძლება, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო უკვე აწყობილ, გამართულ კომპანიაში მუშაობა, სადაც ყველაფერი უკვე ავტომატიზებულ რეჟიმში მიდის, სწორხაზოვნად. ამან განაპირობა ჩემი ინტერესი”.

თავიდან ბიზნესგანვითარების მენეჯერი იყო, მოგვიანებით მარკეტინგში ჩაერთო, შემდეგ სასტუმროს ბიზნესშიც. ბოლოს გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა და კომპანიის პარტნიორი გახდა.

ვიცი, რასაც ფიქრობთ: სამი წელი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ გენერალური დირექტორის პოზიციას მიაღწიო. მეტსაც გეტყვით, ღვინის კომპანიისთვის ეს კიდევ უფრო ცოტაა 300%-იანი ზრდის მისაღწევად. ასეთი სწრაფი ზრდა ნაწილობრივ ნუცა აბრამიშვილის რისკიანმა ხასიათმაც განაპირობა – წარმატებულ გადაწყვეტილებებს საკმაოდ მოკლე დროში იღებს, ხანგრძლივი რაციონალიზებისა და დრამატიზების გარეშე. შეიძლება ამაში იმასაც მიუძღვის წილი, რომ ინტუიციას ბიზნესში სათანადო პატივს მიაგებს. როცა ვეკითხები, თუ რა ჩვევებმა განაპირობა მისი წარმატება, ჩამონათვალს სწორედ “ინტუიციით” იწყებს: “ინტუიცია, გაწონასწორებული ხასიათი და სიმშვიდე – ეს სამი რამ მეხმარება. შრომისმოყვარეობაც, თავისთავად. არასოდეს მეზარება მუშაობა. მგონია, ბევრ რამეს ვიკლებ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მე და ჩემი თანამშრომლები ვიყოთ წარმატებულები. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად შევასრულო დაკისრებული ვალდებულებები. თუმცა მარტო არ ვარ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩემი გუნდი. რომ არა პროფესიონალთა გუნდი, მარტო ვერაფერს გავაკეთებდი”.

სტარტის აღებიდან ხუთ წელიწადში Schuchmann Wines-ი უკვე მოგებაზეა ორიენტირებული, თხუთმეტზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. პოსტდაბჭოთა ქვეყნებისა და ზოგადად ახლო აზიისა და ევროპის კონტინენტის გარდა, Schuchmann Wines-ის საექსპორტო ბაზრები მოიცავს ამერიკასა და ჩინეთს. კომპანიის ძირითადი მიმართულებები – ღვინის წარმოება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმია, ძირითადი მიზანი – ქართული ღვინის დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. “ჩვენ არ ვყიდით სითხეს, ჩვენ ვყიდით ქართულ ისტორიას, კულტურასა და ქართული მეღვინეობის 8000-წლიან გამოცდილებას. ალბათ ეს იყო წარმატების ძირითადი მიზეზი თუ ფორმულა, რამაც, დღესდღეობით მიგვაღწევინა იმას, რომ 15-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში. ეს ჩვენი და ქართული ღვინის მიღწევაა. ამისათვის საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა. ეს არის გრძელი და შრომატევადი პროცესი. არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რომ ქართულმა ღვინომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს” – მეუბნება ნუცა აბრამიშვილი.

შუხმანის ღვინოების 80%-ზე მეტი საექსპორტოა. ექსპორტის ამხელა წილის მიზეზი ისიც არის, რომ ქართული ბაზარი ლიმიტირებულია და განსხვავებული ღირებულებები აქვს. ადგილობრივი მომხმარებლის 50%-ზე მეტი საკუთარ, ან ოჯახის ღვინოს მოიხმარს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად იზრდება ბოთლის ღვინის მოხმარება, რაც მეღვინეობისა და ადგილობრივი ბაზრისთვის სასარგებლოა. მართალია, გაყიდვების წილი ქართული ღვინის ბიზნესს საექსპორტო ბაზარზე ორიენტირებულობას კარნახობს, მაგრამ Schuchmann Wines-ი ქართული ბაზრისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას: “ეროვნული ბაზარი ჩვენთვის საიმიჯო ბაზარია. ჩვენ ჯერ აქ უნდა ვიყოთ წარმატებულები იმისთვის, რომ საერთაშორისო წარმატებაზე ვისაუბროთ”.

Top Boutique ხარისხის მეღვინეობის უკან ხარისხის მკაცრი კონტროლია პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე – ვენახის ნიადაგიდან – ბოთლამდე. კომპანიის პორტფელში არსებულ მარკებს ორი ხაზი აერთიანებს – ევროპული წესით დაყენებული “შუხმანი” და ქვევრის ტრადიციით შექმნილი “ვინოტერა”. მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ღვინის წარმოება ძალიან რთული და უფრო ინდივიდუალური ხასიათის პროცესია, Schuchmann Wines-ს ასზე მეტი ქვევრი აქვს და ის ქვევრის ღვინის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქვევრის ხაზს საერთო წარმოების 30% უჭირავს. უცხოურ ბაზრებზე ქვევრის ღვინოს “ბიოღვინოდ”, ანუ ძალიან მაღალი ხარისხის, ექსკლუზიურ ღვინოდ მიიჩნევენ. “ქვევრის ღვინის გაყიდვა უფრო რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ღვინო უფრო ტანინიანი და მომხმარებლისთვის რთულად მისაღებია – ასე ვთქვათ, მძიმე ღვინოა. ქვევრის ღვინის ტექნოლოგიური პროცესების თაობაზე იბადება კითხვები, მაგრამ 8000-წლიანი ისტორიის ქვევრი, როგორც ჭურჭელი, ძალიან საინტერესოა და მას ვყიდით როგორც კულტურას, ისტორიასა და ტექნოლოგიას. ქვევრის ღვინო გაუფილტრავია, არანაირი ტექნოლოგიური ჩარევა არ ხდება, ეს ხელით გაკეთებული ღვინოა. რაც უფრო ვითარდება მსოფლიო, მით უფრო დასაფასებელი ხდება ინდივიდუალური მიდგომები, ხელით შექმნილი პროდუქცია. ამ პროცესებთან ერთად ძველის ამოწევაც ხდება, რაც ამ შემთხვევაში ქვევრის ღვინოსაც ეხმარება”, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი. ამგვარად კომპანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის გარდა, ქვეყნის პოპულარიზაციასაც ეწევა.

შატო “ვინოტერა” ქართულ ბაზარზე პირველი შატოა, რომელიც ღვინის ტურიზმის სერვისს აწვდის მომხმარებელს და სეზონზე 20 000-ზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს. აგვისტოდან ოქტომბრამდე, რთველის პერიოდში, სტუმარს შეუძლია თვითონ მიიღოს რთველში მონაწილეობა და თავისი დაკრეფილი ყურძნით შუხმანის მარანში ღვინო დააყენოს. შემდეგ კომპანია ჩამოუსხამს და თავის დაწურულ ღვინოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაუგზავნის. ეს ძალიან მიმზიდველი სერვისია შატოს სტუმრებისთვის.

ქართული ტრადიციების გერმანულ ბიზნესჩვევებზე დამყნობა აშკარად ამართლებს. 2014 წელს ორჯერ გაიზარდა წარმოება, აშენდა ახალი ქარხანა და შენდება ახალი სასტუმრო. დღეს კომპანია 1,5 მილიონ ბოთლს ასხამს. 120 ჰექტარზე გაშენებული ვენახი საკმარისი არ არის მილიონ-ნახევარი ბოთლის წარმოებისთვის, ამიტომ გლეხებისგან ყურძენს ყოველ წელს იბარებენ. Schuchmann Wines-ი განსავითარებლად მუდმივად ახდენს კომპანიაში რეინვესტირებას. ვენახების ფართობიც ყოველწლიურად 5-10 ჰექტარით იზრდება.

ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარების შედეგად, უამრავი ჯილდოს გარდა, რომლებიც ღვინის საერთაშორისო წამყვანი შემფასებლებისა და დაწესებულებებისგან აქვს მიღებული, ნუცა აბრამიშვილის მიერ მართულმა Schuchmann Wines-მა 2014 წელს კიდევ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა – ამჯერად უკვე ტურიზმის დარგის წარმატებული განვითარების აღსანიშნავად: Booking.com-ის, Holidaycheck-ისა და Tripadvisor-ის ყველაზე მაღალი შეფასება სტუმრების მხრიდან –”რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რეგიონში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი, საინტერესო და კომფორტული დანიშნულების ადგილი ვართ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კარგ, სწორ საქმეს ვაკეთებთ და ამ საქმით დაფასებულები ვართ სტუმრებისგან. ამ სამი ძირითადი, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის ტურისტული ინსტიტუციისგან მიღებული ეს ჯილდო სტიმულია”, – ამბობს ჩემი რესპონდენტი.

თუმცა ნუცა აბრამიშვილი ამაზე შეჩერებას არ აპირებს. Schuchmann Wines-მა ქართული სამზარეულოც დაუკავშირა თავის ბიზნესსაქმიანობას. “ქართული სამზარეულო ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. წარმატებით სარგებლობს უცხოეთში, რადგან უნიკალური და განსხვავებულია”, – მეუბნება იგი.

ჩვენი ინტერვიუ ზუსტად შუხმანის ღვინისა და გასტრონომიის გადაკვეთის წერტილში მიმდინარეობს. ქარვასლაში 5 თვის წინ გახსნილ Schuchmann Wine Bar-ში შემოსული სტუმარი ეცნობა საქართველოს მეღვინეობის ისტორიას, 8000-წლიან ტრადიციას. ავეჯი ხელნაკეთია. დიზაინში ძირითადი აქცენტიც ხელით შექმნილ აქსესუარებზეა გადატანილი – არაფერია ნაყიდი, ან ინდუსტრიული წარმოების. სკამები, რომელთაც თბილისური აივნის ორნამენტი აქვს, სამასი წლის ქართული მუხისგანაა. ჭიქური თიხის სანათები სწორედ იმ უძველეს, შუა საუკუნეების პერიოდისას ჰგავს , როდესაც ქვევრი განვითარდა.

კედელთან მოჩანს 6,5 მეტრი სიგრძის საწნახელი, რომელიც აგრეთვე სკამად არის ადაპტირებული. “იმ პერიოდის ბოთლებიც გვაქვს, როდესაც გლეხებმა ღვინის ჩასხმა ქვევრიდან ბოთლებში პირველად დაიწყეს, – მიმითითებს თაროებისკენ ნუცა აბრამიშვილი. – ასეთი ბოთლები ხშირად გვხვდება ფიროსმანის ნახატებში. აქ ყველაფერი ღვინისა და, შესაბამისად, ქვეყნის ისტორიას ჰყვება”.

ჩვენ პირდაპირ ღია სამზარეულო მოჩანს. ესეც პრაგმატული გათვლაა ტურისტებისთვის ქვეყნის კულტურის გასაცნობად. უცხოელი სტუმრისათვის საინტერესოა შეკვეთილი კერძის ლოდინისას, ქართული კერძის მზადების პროცესისთვის თვალის დევნება.

“რასაკვირველია, აქ მხოლოდ ჩვენი ღვინოებია წარმოდგენილი, – მეუბნება Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი. – შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია, გასტრონომიული ტურები და ა.შ. “ქარვასლის” ტერიტორია თბილისის მთავარი არტერია იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორედ აქ გაგვეხსნა Schuchmann Wine Bar-ის პირველი ფილიალი”.

შემდეგი გეგმა “ვაინ ბარის” ქსელური განვითარებაა, რადგან ქართული ღვინო და სამზარეულო დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო მასშტაბით. ნუცა აბრამიშვილის თქმით, Schuchmann Wine Bar-ი ჯერ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამოჩნდება, 3-5 წელიწადში კი ამ პროექტით სხვა ქვეყნებში გასვლასაც აპირებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელს საკმაოდ მაღალ ხარისხს სთავაზობს, Schuchmann Wine Bar-ს ნუცა აბრამიშვილი სამომავლოდ Michelin-ის ვარსკვლავის პრეტენდენტებშიც მოიაზრებს.

3-5 წლის პერიოდში გადასაჭრელი მასშტაბური ამოცანები Schuchmann Wine Bar-ის ქსელით არ შემოიფარგლება: “2014 წლიდან შევჯერდით იმაზე, რომ ვართ კომპანია, რომელსაც სასტუმროების მართვა შეუძლია. ანუ ვიქნებით სასტუმროების მენეჯმენტ-კომპანიაც, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი. – შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ 3-5 წლის შემდეგ ჩვენ სხვადასხვა სასტუმროს მენეჯმენტ-კომპანიად წარვდგეთ საქართველოში. კიდევ ერთი გრძელვადიანი მიმართულება ახალი, უნიკალური სერვისია: ყველა დაინტერესებულ ინვესტორს, იქნება ის ქართველი თუ უცხოელი, ავუშენებთ ქარხანას და ჩვენვე ვიკისრებთ ღვინის წარმოების მენეჯმენტს”.

ამგვარი მასშტაბური პროექტებით მუდმივად შეპყრობილი ნუცა აბრამიშვილის სამუშაო დღე ასე გამოიყურება: თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად დილის 9 საათზე გადის სახლიდან. გოგონას სკოლაში ტოვებს და ოფისში მიდის, სადაც მთელი დღის გეგმებს განიხილავს. ლანჩზე აუცილებლად შეივლის “ვაინ ბარში” – ლოიალური მომხმარებელია. მუდმივად ატარებს სხვადასხვა ღონისძიებასა და შეხვედრას, რადგან ახალ ობიექტს განვითარება სჭირდება. ლანჩის შემდეგ ოფისში ბრუნდება. ისევ შეხვედრები, სკაიპ-კონფერენცია ბატონ შუხმანთან, რომელიც საქართველოს მხოლოდ ორ თვეში ერთხელ სტუმრობს. ძირითად გადაწყვეტილებებს ათანხმებენ, მაგრამ კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვის სადავეები შუხმანმა მთლიანად ნუცა აბრამიშვილს გადააბარა – თავად უკვე საპენსიო ასაკშია და დამფუძნებლის როლით კმაყოფილდება.

გვიან, საღამოს 10 საათისთვის ნუცა სამსახურიდან სპორტდარბაზში მიდის – ბიზნესლედი ფორმაში უნდა იყოს. თავისუფალ დროს – თუმცა კი ასეთი რამ იშვიათადაა მის ცხოვრებაში – ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ატარებს. უყვარს მოგზაურობა, ოღონდ ესეც აუცილებლად სამსახურებრივი ვიზიტით. “ტყუილად ყოფნას ვერ ვუძლებ”, – გამომიტყდა იგი.

ხშირად, ალბათ იმ მიზეზით, რომ ღვინის ამხელა კომპანიის გენერალური დირექტორია, უცხოელი პარტნიორები “მისტერ ნუცათი” მიმართავენ. “ვიღაცა რომ “ბატონოთი” მომმართავს და მერე აღმოაჩენს, რომ ქალი ვარ, მეცინება”, – მეუბნება იგი. სამწუხაროა, როგორც ჩანს, ინდუსტრიის წარმომადგენლები ჯერ ვერ მიეჩვივნენ, რომ მეღვინეობას შეიძლება ქალი უძღვებოდეს, თანაც ასე ეფექტურად – უარესი მათთვის. ბიზნესსამყაროში ერთი ოქროს წესია – ბაზარი შეუბრალებელია მათ მიმართ, ვინც პოტენციალის გამოყენებას აგვიანებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც Forbes-ის წლევანდელი რეიტინგი ცხადყოფს – რომ ინტერაქტიურ ეპოქაში ქალი მენეჯერების სახასიათო ალღო (გნებავთ, ინტუიცია უწოდეთ) და რისკიანი, მაგრამ გამართლებული გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღების უნარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალზე ორიენტირებული კომპანიებისთვის – უკეთესი იქნება, მამაკაცებით დომინირებულმა ღვინის სამყარომ სწრაფად შეიცვალოს ცრუ წინაგანწყობები და ინდუსტრია ქალი მენეჯერებისთვის მეტად ღია გახადოს.

“ქალი – ღვინოში, განსაკუთრებით კი მენეჯერულ პოზიციაზე, იშვიათია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც, – მიდასტურებს Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი. – ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ეს მამაკაცის საქმიანობაა. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ბიზნესში ერთი და იგივე მიდგომები და ძირითადი პრინციპებია, მხოლოდ სფეროებშია განსხვავება. ამისათვის კი არსებობენ სპეციალისტები. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ კომპანიაში გვყავს უმაღლესი რანგის პროფესიონალები, სპეციალისტები, რომლებიც ამზადებენ უმაღლესი ხარისხის ღვინოს. ერთობლივი, გუნდური პრინციპით მივაღწიეთ შედეგს, რომლითაც თავს ვიწონებთ: დიდ წარმატებას, მოკლე დროში ცნობადობის ამაღლებასა და ეროვნული საქმის კეთებას”.

ჩანს, ბურკჰარდ შუხმანი გენდერულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს პატივს არ სცემს და ამით მან მშვენიერი სამსახური გაუწია საკუთარ კომპანიას. თუმცა ნუცა აბრამიშვილთან ბიზნესპარტნიორობას მხოლოდ მისთვის არ მოუტანია დივიდენდები. ნუცა აბრამიშვილი, პროფესიონალთა გუნდის გარდა, თავისი მენტორის როლსაც გამოყოფს Schuchmann Wines-ისა და მის პირად წარმატებაში: “ის, რომ შუხმანი არასდროს კმაყოფილდება მიღწეული შედეგით, მეც გადმომედო. ჩემთვის კმაყოფილების მიღწევა ძალიან რთულია, თითქმის წარმოუდგენელი. ერთ პროექტს მეორე მოსდევს, მეორე სანამ დამთავრდება, მესამე იწყება და ამ პერიოდში ვკმაყოფილდები მიმდინარე, პატარ-პატარა წარმატებებით. მაგრამ ამ წარმატებებზე ვერ გავჩერდები. სად არის ჩემი გაჩერების წერტილი, ამას ვერ ვხედავ. სავარაუდოდ – არც არის”.