როინ მიგრიაული, რომლის საადვოკატო საქმიანობა უკვე 27 წელს ითვლის, არაერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ასოციაციის წევრი, ასევე კანონპროექტებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების ავტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მუდმივად იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამართლის რეფორმების სათავეებთან. საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი აღნიშნულ რეფორმებსა და მის მიერ განვლილ პროფესიულ გზაზე გვესაუბრა.
ბატონო როინ, პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ კარიერის ამ პროფესიასთან დაკავშირება?
შეიძლება ითქვას, რომ იურისტი შემთხვევით გავხდი. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ისტორიის მიმართულებაზე ვაბარებდი, რადგან არქეოლოგიით ვიყავი გატაცებული, თუმცა ორი ქულა დამაკლდა და ვინაიდან სწავლა ვერ გავაგრძელე, ორი წლით საბჭოთა კავშირის ჯარში აღმოვჩნდი, რუსეთში.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ე.წ. „ლიმიტი“ მივიღე, რაც მაძლევდა პრივილეგიას, უმაღლესში სწავლა საინჟინრო ეკონომიკის ან იურიდიულ ფაკულტეტზე გამეგრძელებინა. რადგან ჰუმანიტარული მიმართულებით ვიყავი დაინტერესებული, ავირჩიე სფერო, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო – გადავწყვიტე იურიდიულზე სწავლა.
არ გაგიჭირდათ თქვენი ინტერესისგან განსხვავებულ მიმართულებაზე სწავლა?
ადამიანის უფლებების დაცვისკენ ბუნებით ვიყავი მიმართული. ვცდილობდი, სხვებთან ურთიერთობაში სამართლიანი ვყოფილიყავი. სამართლიანობა იყო ჩემი ცხოვრებისეული ორიენტირი. აქედან გამომდინარე, განათლება, რომელიც მივიღე, ჩემს პიროვნებასთან, ჩემს შინაგან რწმენასთან ახლოს იყო. ვფიქრობ, ჩემი პროფესიული წარმატებაც ამანაც განაპირობა.
მოგვიყევით კარიერის პირველ ნაბიჯებზე.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ სწავლებაზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში კი პროფილით დასაქმება მომთხოვეს, რის დასაკმაყოფილებლადაც ავჭალაში, ბავშვთა კოლონიაში მეთვალყურის პოზიციაზე მთელი ორი წლის განმავლობაში მუშაობა მომიწია.
მესამე კურსიდან უკვე დღის განყოფილებაზე გადავედი. იმ პერიოდში ჩვენი იურიდიული განათლების სისტემა ბოლო, მეხუთე კურსის სტუდენტებს, დასაქმების მიზნით, პროკურატურაში, მილიციაში, სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში ანაწილებდა. თუმცა ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა.
1990 წელს, როდესაც არჩევნები კარს იყო მომდგარი, ჩემმა მეგობარმა, დავით უსუფაშვილმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კონსულტანტის თანამდებობა შემომთავაზა – საარჩევნო კოდექსი ახალი მიღებული იყო და მის განმარტებებში უნდა დავხმარებოდი. ეს იყო პირველი პროფესიული სამსახური, სადაც ძალიან აქტიურ იურიდიულ შრომაში ჩავები ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი. შემდეგ კი თვითგანაწილებული აღმოვჩნდი იუსტიციის სამინისტროში.
როგორ აღმოჩნდით იუსტიციის სამინისტროში? მოგვიყევით ამ სტრუქტურაში თქვენი საქმიანობის შესახებ.
ბატონი ჯონი ხეცურიანი, რომელიც საარჩევნო კომისიაში იყო და იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, იუსტიციის მინისტრად დანიშნეს. საარჩევნო კომისიის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობდა ასევე ბატონი ტარიელ კულულაშვილი, რომელიც ბატონმა ჯონი ხეცურიანმა თავის პირველ მოადგილედ დანიშნა. ბატონმა ტარიელ კულულაშვილმა დაინახა, თუ როგორი გულმოდგინებით ვასრულებდი სამუშაოს საარჩევნო კომისიაში, დააფასა ეს ჩემი შრომა და 1990 წელს, უკვე მეხუთე კურსის სტუდენტი, იუსტიციის სამინისტროში კონსულტანტის თანამდებობაზე მიმიწვია. აღმოჩნდა, რომ ბოლო კურსზე უნივერსიტეტმა კი არ გამანაწილა სამსახურში, არამედ, შეიძლება ითქვას, თავი თვითონ გავინაწილე. იუსტიციის სამინისტროში დავყავი ხუთი წელი: კონსულტანტის თანამდებობიდან განყოფილების უფროსამდე და ბოლოს, იუსტიციის მინისტრის მრჩევლამდე.
ჩემი იუსტიციის სამინისტროში მისვლა ძალიან კარგ პერიოდს დაემთხვა. მაშინ დაიწყო კერძო სამართლის რეფორმა და ამ მიმართულებით გერმანელი ექსპერტების მონაწილეობითა და ორგანიზაცია GTZ-ის მხარდაჭერით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. რადგან გერმანულ ენას, სხვებთან შედარებით, კარგად ვფლობდი, ამ პროცესში მეც ჩამრთეს. პროექტი კი მოიცავდა სამოქალაქო კოდექსის შემუშავებას, რისთვის ორგანიზებულ ჯგუფსაც გერმანელი პროფესორი როლფ კნიპერი ხელმძღვანელობდა. მეორე მიმართულება იყო მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელსაც გამოცდილი გერმანელი ადვოკატი ჰარტმუთ ფრომი ედგა სათავეში – ბატონი ფრომი თავის სამშობლოში საუკეთესო ხუთასეულში შედიოდა. ბატონ ფრომთან თანამშრომლობდა ბატონი ლადო ჭანტურია – დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე. მესამე მიმართულება იყო გაკოტრების კანონი, რომელსაც მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, იურგენ თიმე კურირებდა და სწორედ მას მიმამაგრეს.
თავდაპირველად დავიწყე მუშაობა გერმანელების მიერ შემოთავაზებულ გაკოტრების კანონპროექტის თარგმნაზე, პარალელურად სამართლის ამ მიმართულებით სამეცნიერო კუთხით განვითარებაზეც ვფიქრობდი. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი როლფ კნიპერი გახდა, საკვლევი საკითხი კი „შპს-ის გაკოტრების სამართლებრივი ასპექტები“ იყო, რომელშიც სამეწარმეო და გაკოტრების სამართლის თემები ერთობლივად იკვეთებოდა.
რა იყო შემდეგი ეტაპი?
შემდეგ ეტაპი გერმანიას უკავშირდება. ადვოკატმა ფრომმა, რომელიც მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის ავტორი იყო და საქართველოში სამეწარმეო სამართლის რეფორმის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, 1993 წელს ერთი თვით გერმანიაში, თავის საადვოკატო ბიუროში მიმიწვია. მიზანი იყო მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის თარგმნა. ეს იყო ბნელი 90-იანებიდან ნათელ ქვეყანაში მოხვედრა, რამაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. გავეცანი ასევე ფრომის საადვოკატო ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, რომლის გარკვეული მოდელიც, მოგვიანებით, ჩემს საადვოკატო ბიუროშიც გადმოვიტანე.
პარალელურად დავიწყე სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაზე ზრუნვა. როგორც აღვნიშნე, ჩემი ნაშრომის უცხოელი სამეცნიერო ხელმძღვანელი როლფ კნიპერი გახდა. კნიპერის რეკომენდაციით, გერმანულმა ორგანიზაცია DAAD-მ, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს აფინანსებდა, 1995 წელს ერთწლიანი სამეცნიერო სტიპენდია მომცა. ეს იყო გერმანიის სახელმწიფო სახსრებიდან დაფინანსებული სტიპენდია, რომელიც იმ პერიოდისათვის საკმაოდ დიდ თანხას, 1,700 გერმანულ მარკას შეადგენდა. ამას ემატებოდა ოჯახის წევრებისათვის განკუთვნილი 400 გერმანული მარკაც და სამეცნიერო სტიპენდია უკვე სოლიდური თანხა გამოდიოდა.
სტიპენდიით დაფინანსებული სამეცნიერო კვლევები ბრემენის უნივერსიტეტში უნდა მეწარმოებინა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ქართველი იურისტებისათვის საბაზისო უნივერსიტეტი გახდა. ბატონი როლფ კნიპერი ამ უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და სწორედ მისი დამსახურება იყო ბრემენის უნივერსიტეტში ათეულობით ქართველი იურისტის მოზიდვა და მათი მხარდაჭერა.
საბოლოოდ, DAAD-ის სამეცნიერო სტიპენდია დამატებით კიდევ ერთი წლით მოვიპოვე და ბრემენის უნივერსიტეტში სრული ორი წელი, 1997 წლის ივლისამდე დავრჩი.
როდის დაიწყეთ უშუალოდ ადვოკატის პროფესიით საქმიანობა?
საადვოკატო საქმიანობისთვის ლიცენზია მივიღე 1995 წლის გაზაფხულზე, მანამდე, ვიდრე გერმანიაში წავიდოდი სამეცნიერო სტიპენდიით. მისი გამოყენება კი გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე, 1997 წლიდან დავიწყე, როდესაც პირველი საადვოკატო ბიურო გავხსენი – „როინ მიგრიაულის საადვოკატო ბიურო“.
1999 წელს დავით პატარაიასთან ერთად დავაფუძნე საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პატარაია“, რომელმაც ერთი წელი იარსება. ხოლო 2000 წლის 5 იანვარს შეიქმნა საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორები“, რომელიც უკვე 24 წელია, არსებობს. მაშინ ჩემი პარტნიორი იყო ზაზა ჯაფარიძე, რომელიც თავიდან ბიუროში იურისტად მუშაობდა. ასევე მყავდა ბიუროს პარტნიორად ნინო ჭიპაშვილი, რომელიც ნეფერტარის ფსევდონიმით სათავგადასავლო რომანის, „ბედუინის“ ავტორია. ერთი პერიოდი ბიუროს პარტნიორი იყო აგრეთვე ჩემი ყოფილი სტუდენტი, ადვოკატი გიორგი ტიკაძე.
დღეს საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორებს“ ორი პარტნიორი ჰყავს: მე და შოთა მანელიძე. ის სისხლის სამართლის მიმართულებას უძღვება, მე კი სამოქალაქო-ადმინისტრაციულ საქმეებს.
როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება საკმაოდ კონკურენტულ გარემოში?
კლიენტების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. ამხელა ისტორიის მქონე ბიუროს ისინი უკვე საკუთარი ნებით აკითხავენ, რეკლამა აღარც არის საჭირო. ჩემი კლიენტურის პირველი ბაზა, შეიძლება ითქვას, იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას ჩამოყალიბდა. როგორც გითხარით, იმ პერიოდში ახალ კანონებს იღებდნენ, ბიზნესი კი ქვეყანაში ფეხის მოკიდებას იწყებდა. ძალიან ბევრ ბიზნესმენს აინტერესებდა ახალ კანონებთან დაკავშირებით განმარტებები. ადრე იუსტიციის სამინისტრო კონსულტაციებსაც იძლეოდა, თუმცა დღეს ეს ფუნქცია მას აღარ აქვს. ამ ბიზნესმენების წერილები ჩემს განყოფილებას ეწერებოდა. აღნიშნული ურთიერთობის დროს ბევრი მათგანი გავიცანი და როდესაც საადვოკატო საქმიანობას მივყავი ხელი, ისინი ისევ მე დამიკავშირდნენ.
ყოველთვის ვამბობ, ქართული საზოგადოება – ეს არის კონკურენტუნარიანი საზოგადოება. აქ უნდა იბრძოლო. თუ გაჩერდები – წააგებ ან წარმატებული ვერ იქნები.
საადვოკატო საქმიანობასთან ერთად აკადემიურ სივრცეშიც აქტიურად მოღვაწეობთ…
1997 წელს, გერმანიიდან დაბრუნებისა და პირველი საადვოკატო ბიუროს გახსნის შემდეგ, ქართული კერძო სამართლის კორიფემ, ბატონმა სერგო ჯორბენაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმიწვია, სადაც 2005 წლამდე გაკოტრების სამართლის კურსს ვკითხულობდი.
როგორია სწავლების თქვენეული მიდგომა?
ჩემი მეთოდი იმითაა საინტერესო, რომ ძალიან დიდი საადვოკატო პრაქტიკა დამიგროვდა. სტუდენტებთან მხოლოდ თეორიულ საკითხებზე არ ვმსჯელობ, ასევე მომყავს მაგალითები არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა სასამართლო და საადვოკატო პრაქტიკებიდან. ვფიქრობ, სტუდენტებისთვის მხოლოდ თეორია საკმარისი არ არის. მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით ჩემი ლექციები მათთვის ძალიან საინტერესოა.
როგორ ახერხებთ საადვოკატო და აკადემიური საქმიანობის შეთავსებას?
მთავარია დროის სწორი მენეჯმენტი. ჩემში ეს თვისება როდის გაჩნდა, ვერ გეტყვით, თუმცა სკოლაში ყოველთვის ვიღაცასთან ვიყავი კონკურენციაში, ალბათ ამ შემთხვევაშიც ეს დამეხმარა. სკოლაში სწავლის დროს ჩემი ოჯახი, როგორც სოციალურად დაუცველი, სახელმწიფოსაგან გარკვეულ დახმარებასაც იღებდა, მაგალითად, სკოლის ფორმებს უფასოდ და ა.შ. დაბალ სოციალურ საფეხურზე ყოფნა თავისთავად გიბიძგებს იქითკენ, რომ შენზე „მაღლა მდგომებმა“ სხვა „სფეროებშიც“ არ დაგჩაგრონ. ამიტომ ცდილობ, იყო მოწინავე ისეთ სფეროებში, სადაც შენთვის წარმატების მოტანა პიროვნულ თვისებებს, ცოდნასა და უნარებს შეუძლია. ამ კონკურენციამ და ფორმაში ყოფნის მუდმივმა მცდელობებმა გამომიმუშავა უნარი, ყველა საქმე, სხვებთან შედარებით, ზედმიწევნით კარგად და ხარისხიანად შემესრულებინა, მუდმივად მებრძოლა საუკეთესოს ტიტულისთვის. ეს ბრძოლა კი დიდ შრომას მოითხოვდა, რასაც, თავის მხრივ, დიდი დრო სჭირდებოდა.
ბევრი მეკითხება, რატომ არ დავრჩი გერმანიაში, რადგან იქ ორ წელიწადში კარგად ავაწყვე კარიერა, ცხოვრება, ურთიერთობები მნიშვნელოვან პირებთან. ზოგადად, ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა. თუმცა გერმანიაში, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მეორე ვიქნებოდი. ამიტომ მირჩევნია, აქ, სამშობლოში ვიყო პირველი, აქ ვიყო მეტად დაფასებული, ვიდრე უცხო ქვეყანაში ვიყო მეორე და ნაკლებად დაფასებული.
არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის „საიას“ და GLIP-ის დამფუძნებელი, ასევე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ხართ – როგორ აფასებთ მათ წვლილს ამ სფეროს განვითარებაში?
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია „საიას“ დამფუძნებლობა. დავით უსუფაშვილი ვახსენე და სწორედ ჩვენ ვიყავით იმ ჯგუფში, რომელმაც შემდეგ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას დაუდო სათავე. მათ შორის, „საია“ ძალიან დიდ პროექტებს ახორციელებდა, ჩაბმული იყო იურიდიული განათლების პოპულარიზაციის საქმეში. გამოვცემდით ჟურნალს, სადაც რამდენიმე სტატია ჩემი ავტორობითაც დაიბეჭდა. მნიშვნელოვანი პროექტი იყო დაფინანსება მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამ ორგანიზაციამ ნამდვილად გაამართლა, ის 30 წელზე მეტია, არსებობს, რაც ამაზე მეტყველებს.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP) კი არის ორგანიზაცია, რომელიც ადვოკატთა განათლების ხელშესაწყობად შეიქმნა. ის პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა, ვარ საქართველოს სამართლის მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი, რომელიც სამართლის მეცნიერების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიღწევაა, რომ ამ ორგანიზაციის ჟურნალი – „სამართლის მაცნე“ – ძალიან ბევრ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაშია შეყვანილი. ამჟამად ვმუშაობ სტატიაზე „ქართული სამეწარმეო სამართალი: წარმოშობა და განვითარება“, რომელიც სწორედ ამ ჟურნალში გამოქვეყნდება.
რაც შეეხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, უნდა აღინიშნოს, რომ მისი შექმნის სათავეებთანაც ვიდექი. 2004 წელს, როდესაც კანონს იღებდნენ, კანონპროექტის განმარტებებში ვიყავი ჩართული. მე ვიყავი იმ ბირთვის ნაწილი, რომელმაც შეძლო და ეს ასოციაცია სახელმწიფოსგან გამოყო. შედეგად, ის გახდა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც გამოცდებსაც თვითონ ატარებდა. მანამდე ადვოკატი რომ გამხდარიყავი, ნებართვა და ლიცენზია სახელმწიფოსგან უნდა აგეღო.
რომელ მნიშვნელოვან გამოწვევას გაიხსენებთ, რომლის გადალახვაშიც მონაწილეობა მიგიღიათ?
ერთი დიდი საქმე გააკეთა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, როდესაც ადაპტაციის პროგრამა დანერგა. ეს გულისხმობს იმას, რომ ადვოკატი თავისუფლად ვერ გახდები, გარდა იმისა, რომ გამოცდა უნდა ჩააბარო, უნდა გაიარო ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამა, სხვაგვარად სერტიფიკატს ვერ მიიღებ. ეს დიდი რეფორმაა საადვოკატო საქმიანობაში და ჩვენ ამ გამოწვევის გადალახვა შევძელით.
რაც შეეხება თვითონ პროგრამას, ის გულისხმობს სამი თვე თეორიული კურსის გავლას, საადვოკატო თემასთან დაკავშირებით და ცხრა თვე სტაჟირების გავლას მენტორ-ადვოკატთან საადვოკატო ბიუროში. მე სამთვიანი პროგრამის ფარგლებში ვუკითხავ ლექციებსაც მომავალ ადვოკატებს, ამასთან, ჩემს საადვოკატო ბიუროში ვაძლევ შესაძლებლობას, სტაჟირება გაიარონ ჩემთან, როგორც მენტორ-ადვოკატთან.
გარდა ამისა, სასამართლომ, ჩემი კონკრეტული საქმეების განხილვისას, ძალიან ბევრი პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მთავარია, ერთ კონკრეტულ საქმეში არ ჩაიკეტო, უნდა გააფართოო ხედვა და განაზოგადო პრობლემა, რამაც შესაძლოა, კანონში ცვლილებების საჭიროებაც დაგანახოს და ამ კუთხითაც გადაგადგმევინოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვფიქრობ, მაშინ ხარ კარგი ადვოკატი, როცა ამას ახერხებ.
ამჟამად თუ მუშაობთ რაიმე პროექტზე?
დიახ, კანონში ცვლილებები გვაქვს მომზადებული. დღეს პირველ ინსტანციაში ყველას აქვს უფლება, მაგალითად, თავისი მეგობარი ან მეზობელი დაიცვას, ადვოკატის ყოლა სავალდებულო არ არის. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ თუ მიზანია ხარისხიანი მართლმსაჯულება, ადვოკატის საჭიროება პირველ ინსტანციაშიც არსებობს, რადგან ძირითადი მტკიცებულებების შეგროვება სწორედ ამ ეტაპზე ხდება. შემდგომ ინსტანციებში უკვე ვეღარ წარადგენ მტკიცებულებებს, ვერ დააყენებ სათანადო შუამდგომლობებს, გამონაკლისი შემთხვევის გარდა. S