ქართული მართლმსაჯულების საცობი

ქართული მართლმსაჯულების საცობი

გაუმართავი სასამართლო სისტემა ხელს უშლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბიზნესის ზრდას, შრომის ბაზრის განვითარებას, სიღატაკის შემცირებას, მეწარმეობასა და ინოვაციებს მთლიანობაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა სასამართლო სისტემაში პრობლემები ინდივიდუალურია, რაღაც საერთოს პოვნა და გათვალისწინება ალბათ აქაც შეიძლება.

ბოლო სამი წელია, ჩემი ერთი მეგობარი უშედეგოდ ელის სასამართლო გადაწყვეტილებას სრულიად მარტივ და”უდავო” სამოქალაქო საქმეზე.

მიზეზი უამრავია, წმინდა ბიუროკრატიული ნიუანსებით დაწყებული და მოსამართლის მოუცლელობით დასრულებული, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ასეული საქმე აქვს განსახილველი და ამ არგუმენტით ერთგვარად, საკუთარი თავის, სასამართლო სისტემის, „ერისა და ბერის“ წინაშე მართალია.

ეს „სიმართლე“ ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ასატანი ხდება არა ერთი კონკრეტული პირისა თუ კომპანიისათვის, არამედ მთელი სახელმწიფოსათვის, მისი ეკონომიკისათვის, მთლიანად საზოგადოებისათვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებით, გაუმართავი სასამართლო სისტემა პირდაპირპროპორციულად (თავისთავად ნეგატიურად) აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან ასეთი სასამართლო ხელს უშლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბიზნესის ზრდას, შრომის ბაზრის განვითარებას, სიღატაკის შემცირებას, მეწარმეობასა და ინოვაციებს მთლიანობაში.

პრეტენზიები, ბრალდებები, საყვედურები ქართულ მართლმსაჯულებას არ აკლია და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათი დიდი ნაწილი სრულიად დამსახურებულია; სასამართლო სისტემა რომ გადატვირთულია უამრავი განუხილველი საქმის გამო, ფაქტია, თუმცა ეს ვერავისთვის გამოდგება ვერც გამართლებად და მით უმეტეს ვერც თავის დამშვიდების საფუძვლად, რადგან დაგროვილი პრობლემები უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

ამ ფონზე, ხელისუფლების აქტივს შეგვიძლია მივათვალოთ ის გარემოება, რომ სისტემაში არსებულ პრობლემებს აცნობიერებს და ცდილობს მათ მოგვარებას, ერთი მხრივ, დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებით (მედიაცია, არბიტრაჟი) და მეორე მხრივ, თავად სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნის გზით.

რა თქმა უნდა, ეს პოზიტივია და პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებს, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ.

ჩვენ არ ვართ მსოფლიოში პირველები, ვინც ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, მსგავსი და შეიძლება უფრო მძიმე პრობლემების წინაშე იყო თავის დროზე ევროპის ზოგიერთი ქვეყანაც კი (მაგალითად, იტალია, პორტუგალია).

სასამართლო სისტემაში დაგროვილი, განსახილველი საქმეები შედეგია იმ უამრავი პრობლემისა, რომლებიც სისტემაში თუ სისტემის მიღმა არსებობს.

იმ ფონზე, როდესაც თითო მოსამართლეს რამდენიმე ასეული სამოქალაქო საქმე აქვს განსახილველი, მთლიანად სისტემაში კი რამდენიმე ათეული ათასი საქმე ელოდება თავის „რიგს“, არავისთვის იქნება ადვილი ტრიბუნაზე ასვლა და მზა რეკომენდაციების „ჩამორიგება“, ეს არცაა ჩემი მიზანი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა სასამართლო სისტემაში პრობლემები ინდივიდუალურია, რაღაც საერთოს პოვნა და გათვალისწინება ალბათ აქაც შეიძლება.

რა შეიძლება იყოს ის ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში სასამართლო სისტემის გადატვირთვას და „გაჭედვას“ იწვევს?

v  არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ანუ ვითარება, როდესაც სრულიად იდენტური შინაარსის ორ დავაზე ორ სხვადასხვა მოსამართლეს შეუძლია ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანოს და პრაქტიკაში ეს არცთუ იშვიათია; გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტული სამართალი და მოსამართლე არაა ვალდებული, მეორე მოსამართლის გადაწყვეტილება გაითვალისწინოს, მაგრამ სასამართლო პრაქტიკის უფრო აქტიურად განზოგადებას, თავად მოსამართლეთა ერთობის მიერ რაღაც ძირეულ პრინციპებზე შეთანხმებას არავინ გვიშლის და ჩვენ თუ ამას შევძლებდით, სასამართლო სისტემა თავიდან აიცილებდა სარჩელთა საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომელთა შედეგის პროგნოზირება წინასწარ, სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.

  • სასამართლოებში საქმეთა მენეჯმენტის არაეფექტიანი სისტემა და სასამართლო მოხელეთა კვალიფიკაცია, რასაც თან ერთვის მათი, სერვისზე სრულიად არაორიენტირებული მიდგომა; დღეს ჩვენს სასამართლოებში ბევრი იურისტი და ცოტა მენეჯერია, ვინც სერვისზე იქნებოდა ორიენტირებული და არა წვრილმან, ვიწრო პროფესიულ ნიუანსებზე, სადაც ძალიან ადვილია „თავის დაკარგვა“, მით უმეტეს ასობით და ათასობით საქმის გარემოცვაში.
  • სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომელიც ზედმეტად „რთულია“, არაერთ ხარვეზს შეიცავს და მათ შორის, საშუალებას აძლევს მხარეებს, გააჭიანურონ საქმეთა განხილვა (ჰკითხეთ ნებისმიერ ადვოკატს და მინიმუმ სამ ხერხს მაინც გასწავლით, როგორ უნდა გადადოთ, აიცილოთ თავიდან არასასურველი სასამართლო სხდომა).
  • სასამართლო სისტემის ზედმეტად ხელმისაწვდომობა (სიიაფე), რაც მოდავეებს არ აძლევს საკმარის მოტივაციას, რომ დავის გადაჭრა სასამართლოს გარეშე სცადონ, იქნება ეს მოლაპარაკების, მედიაციისა თუ არბიტრაჟის მეშვეობით; ეს ეხება როგორც უშუალოდ სასამართლო ბაჟს, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების არაგონივრულად მცირე ოდენობას, განსაკუთრებით წვრილმანი დავების შემთხვევაში; ასეთი ხელმისაწვდომობა ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს, მისგან ხელშესახები სარგებელი კი მინიმალურია; დავის მხარე, რომელიც თავის ვალდებულებებს განზრახ, შეგნებულად არ ასრულებს და „წადი, მიჩივლე“ პოლიტიკას გვთავაზობს, უნდა გრძნობდეს, რომ მის ამ არჩევანს მნიშვნელოვანი ფასი ექნება საქმის წაგების შემთხვევაში. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცალკეული ტიპის დავებზე (მაგალითად, საოჯახო, სამემკვიდრეო და ა.შ.) მართლმსაჯულების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა კვლავაც უზრუნველყოფილი უნდა დარჩეს.
  • პირველი ინსტანციის სასამართლოში შეუზღუდავი წარმომადგენლობა, ანუ ვითარება, როდესაც ნებისმიერ იურისტს (და არაიურისტსაც) უფლება აქვს, გაუწიოს მხარეებს წარმომადგენლის (ფაქტობრივად, ადვოკატის) მომსახურება, რაც, ერთი მხრივ, პრობლემებს ქმნის კვალიფიკაციის კუთხით, მეორე მხრივ კი სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებას ხდის უკიდურესად ხელმისაწვდომსა და იაფს.
  • საგადასახადო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მეწარმე იძულებულია, სრულიად უიმედო ვალის ამოსაღებადაც კი სასამართლოს მიმართოს, თუ არ უნდა რომ ის შემოსავალი დაებეგროს, რომელიც არ მიუღია და ვერც ვერასოდეს მიიღებს.
  • დაბოლოს, ე.წ. „ონლაინ“ და მიკროსესხებთან დაკავშირებული სარჩელები, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობად იზრდება და განსახილველ საქმეთა დიდ ნაწილს შეადგენს; გარკვეული თვალსაზრისით ეს გარემოება შეგვიძლია ჩვენს „ეროვნულ თავისებურებად“ ჩავთვალოთ, ზოგადად ვალდებულების შესრულების და სესხის აღებისა თუ დაფარვის დაბალ კულტურასთან ერთად (არც სოციალური ფონის გაუთვალისწინებლობა ივარგებს).

ეს მხოლოდ ნაწილია შესაძლო პრობლემებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, და, სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ყველაფერში მხოლოდ სასამართლო სისტემა არაა „დამნაშავე“.

ცალკე მდგომი და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა პროფესიულ და საქმიან წრეებში არსებული პრეტენზიები მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და მათ მიერ მიღებული, კონკრეტული გადაწყვეტილებების ხარისხის მიმართ, თუმცა, ვფიქრობ, ეს სულ სხვა საუბრის საგანია, საჭიროებს კონკრეტული საქმეების დონეზე განხილვას და ამდენად ამ საკითხს აქ ვერ შევეხებით.

რასაკვირველია, დავების გადაჭრის ალტერნატიული ინსტიტუტების განვითარება ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვას, კომერციული პალატების შექმნა დააჩქარებს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციას, აამაღლებს მათ კომპეტენციას და ცალკეული კატეგორიის საქმეთა განხილვის ვადებსაც შეამჭიდროებს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დიდი ნაწილი კვლავ დღის წესრიგში დარჩება და დროთა განმავლობაში კვლავ „გაჭედავს“ სასამართლო სისტემას; როგორც ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, გრძელვადიანი ეფექტისათვის მუშაობა ორი მიმართულებითაა საჭირო, ანუ ჩვენ უნდა ვაშენოთ სასამართლო სისტემა ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ის იყოს – სწრაფი, ეფექტიანი, კვალიფიციური და სერვისზე ორიენტირებული, მეორე მხრივ კი, პარალელურ რეჟიმში გავწმინდოთ სისტემა ნარჩენებისაგან (დაგროვილი, განუხილველი საქმეებისაგან; იტალიელებმა ამ მიზნით რამდენიმე ასეული ახალი მაგისტრატი მოსამართლეც კი დანიშნეს, რომელთა მთავარი ფუნქცია სწორედ დაგროვილი საქმეებისაგან სისტემის გაწმენდა გახლდათ).

თუ ჩვენ განვიხილავთ მართლმსაჯულებას, როგორც სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სერვისს, თუ წავუყენებთ მას შესაბამის მოთხოვნებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხარისხიანი სერვისი ყოველთვის იაფი და ხელმისაწვდომი ვერ იქნება; უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ყველა წვრილმანი დავისათვის მოსამართლის „მომსახურებით“ ვერ ვისარგებლებთ, ხოლო საუკეთესო გადაწყვეტილება ხშირად ის გადაწყვეტილებაა, რომელიც მხარეთა მოლაპარაკებისა და მორიგების შედეგია.

კარგად მესმის, რომ არაერთი ჩემი კოლეგა იურისტი ამ პატარა წერილში ბევრს იპოვის გასაკრიტიკებელს, ბევრ რამეს არ დაეთანხმება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სისტემა თავისი პრობლემებითურთ ჩვენი, იურისტების შექმნილია და მისი რეფორმის პროცესშიც ჯობს ხშირად ვკითხოთ ამ სისტემის „მომხმარებლებს“ – მოქალაქეებს, ბიზნესს, თუ როგორ ხედავენ ისინი მას და რის მიღებას ელიან.