გაზეთ „ფაინენშელის“ ცნობით, ქართული ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ბაზარზე ინდოელი მწარმოებლების შემოსვლის წინააღმდეგია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ინდური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ბაზრის გასაცნობად ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი ინდური კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ინდოელებმა საკუთარი ნიშა შექმნეს „ჯენერიქ მედიკამენტებში“, რომლებიც დაბალი ფასის, მაგრამ მაღალი ხარისხისაა. მისივე თქმით ეს ფაქტი ნებისმიერ ეკონომიკას ეხმარება, რომ ჯანდაცვის ღირებულება დაწიოს. ინვესტორი ამბობს, რომ მათი შემოსვლა ბაზარზე ფასებს შეამცირებს, ხოლო ქვეყანაში არსებული ბიზნეს და სიანვესტიციო გარემო ინდურ კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
„პეესპეს“ დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ინდოელების პროდუქცია დაბალი ხარისხის იქნება და ბაზარზე მათი შემოსვლის აუცილებლობა არ არის, რადგან ინდოელები ქართველ მწარმოებლებს ახალს ვერაფერს ასწავლიან. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ბაზარზე ისედაც მაღალი კონკურენციაა და მათი შემოსვლა ფასებს ვერ შეამცირებს. „პეესპეს“ დამფუძნებლის თქმით, ყველა სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს ადგილობრივი მწარმოებლები წაახალისოს, ხოლო ჩვენი მთავრობა საპირისპიროდ იქცევა და ადგილობრივი მწარმოებლები ბაზრის მხოლოდ 10%–ს იკავებენ, როცა ეს მაჩვენებელი 40%–ს უნდა შეადგენდეს.
ინფორმაციისთვის: ინდოელების „ჯენერიკ მედიკამენტების“ ინდუსტრია, რომელიც მსოფლიოში დაბალი ფასებითაა ცნობილი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში სირთულეების წინაშეა. ამერიკის წამლების სააგენტომ ინდური მედიკამენტები 2013 წელს აკრძალა, ხოლო მიმდინარე წელს რამდენიმე ინდურმა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო ბრიტანეთში რეგისტრაცია ვერ გაიარა