პოლიტიკური ამინდის ცვლილებასთან ერთად, საქართველოში პროტესტის ფორმებმაც სახე იცვალა და ადაპტირდა. შეიცვალა მოთხოვნები, აქტორები და სამიზნეები. ამ სტატიაში ბოლო 10 წლის ქართული პროტესტის შესახებ არსებულ მონაცემებს შევაჯამებთ და მთავარ მახასიათებლებს განვიხილავთ.
2011-12 წლამდე ქართული საპროტესტო მოძრაობების უკან თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ელიტები იდგნენ და ის არ იყო დიფერენცირებული ცალკეულ ჯგუფებად. ამასთან, პროტესტი, ძირითადად, თან ახლდა საარჩევნო ციკლს და ხელისუფლების შეცვლაზე იყო ორიენტირებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პროტესტი გამრავალფეროვნდა. გამოიკვეთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, რომელთაც კონკრეტული ინტერესები აქვთ. იმატა მშრომელთა მოძრაობებმა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა პროტესტმა, სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლამ და ა.შ.
შეიცვალა მასობრივი მიტინგების ფორმა და გაჩნდა ქვემოდან წამოსული სოციალური მოძრაობები, რომელთა როლი პოლიტიკური პარტიების კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნია. საქართველოში პარტიებს, რომლებიც ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებზე მიმაგრებული ჯგუფები არიან, არ გააჩნიათ მკაფიო ღირებულებები და საზოგადოების რომელიმე სოციალური, კულტურული ან სხვა რაიმე ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის ინტერესს ნაკლებად თუ გამოხატავენ. ამაზე მიანიშნებს NDI-ის 2023 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფი არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს.
გამრავალფეროვნების მიუხედავად, პროტესტმა უმეტესწილად მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნა. მართალია, რომ მთავრობის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ მომიტინგეებს ხშირად უწოდებენ რადიკალურ და ძალადობრივ დაჯგუფებებს, მაგრამ გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2018-2024 წლებში დემონსტრაციების თითქმის 90% მშვიდობიანი იყო.
შეიცვალა დემონსტრაციების ადგილიც. ადრე თუ ის ძირითადად, თბილისის ცენტრი, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო, ნელ-ნელა პროტესტმა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იჩინა თავი.
ქართული პროტესტის გეოგრაფიულ განშლაზე მიანიშნებს ისიც, რომ მიმდინარე პროევროპული პროტესტი არა უშუალოდ თბილისშია კონცენტრირებული, არამედ სხვა ქალაქებშიც აქტიურად მიმდინარეობდა/მიმდინარეობს.
მიმდინარე საპროტესტო ტალღა გამორჩეულია აქტივობითაც და ხანგრძლივობითაც. რაზეც მიანიშნებს ის, რომ გასული წლის 28 ნოემბრის, პროტესტის ათვლის წერტილიდან დღემდე თბილისი დემონსტრაციების სიხშირით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ბათუმი კი მეშვიდეზე.
ქართულმა პროტესტმა ბოლო 10 წელში ფერი იცვალა და ახალი მახასიათებლები შეიძინა: გამრავალფეროვნდა, გამრავლდა და მოიცვა მეტი ტერიტორია და სოციალური ჯგუფი. მაგრამ არ შეცვლილა მისი ძირითადი და ფასეული მიზანი: სისტემის უკეთესობისკენ გარდაქმნა. საპროტესტო გამოცდილება და კვლევა მსოფლიო პროტესტი: 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები კი აჩვენებს, რომ მიზანმიმართულ პროტესტს კონკრეტული მოთხოვნებით, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, შესაბამისი პოზიტიური შედეგიც მოაქვს.
გრაფიკებზე გამოყენებულია ACLED-ის (Armed Conflict Location and Event Data) მონაცემები. ორგანიზაცია დემონსტრაციების შესახებ დეტალურ სტატისტიკას გვთავაზობს. ის წყაროებად ტრადიციულ და “ახალ მედიას”, ადგილობრივ პარტნიორებსა და ანგარიშებს იყენებს. ACLED-ის მეთოდოლოგიით, პროევროპულ პროტესტი, რომელიც საქართველოში უკვე სამი თვეზე მეტია გრძელდება, არა ერთ მოვლენად, არამედ დემონსტრაციების რაოდენობის მიხედვით აღირიცხება. მონაცემების აღრიცხვას ორგანიზაცია 2018 წლიდან იწყებს, გარდა აშშ-ისა და კანადის რეგიონისა, რომლის აღრიცხვაც 2020 წლიდან იწყება.
*მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში.